Thursday, January 12, 2017

ირვინი.. პატიმრის დღიურები

ოდესმე დაფიქრებულხართ რამდენ ადამიანს ჩამოართვით ხელი თქვენი ცხოვრების მანძილზე? ან ვინ არიან ის ადამიანები? კეთილები, ბოროტები, ნიჭიერები, მხიარულები, ღვარძლიანები, წარმატებულები, ხელმოცარულები და ასე უსასრულოდ... მაგრამ, ხომ არასდროს გიფიქრიათ, რომ რომელიმე მკვლელია? ორი ადამიანის მკვლელი?.....

შოტლანდიაში სწავლისას, ჩემმა კურსელმა, რომელიც ყოფილი პროკურორი და ამჟამად სტუდენტი პენსიონერია, წიგნის ფესტივალის ორი ბილეთი მოიტანა ერთ-ერთ ლექციაზე. ვისაც გსურთ გადმოგცემთ, ძალიან საინტერესო მწერალთან არის შეხვედრა და მისი წიგნების ავტოგრაფით შეძენაც შეგიძლიათო. ჩემმა გერმანელმა თანაკურსელმა და მე გამოვართვით ბილეთები. დავგეგმეთ შეხვედრა... 

ჩვეულებრივი გლაზგოური ამინდი იყო, სევდიანი, ხან წვიმდა, ხან მზე ანათებდა, ხან სასტიკი, ცივი ქარი უბერავდა. ავტობუსის გაჩერება შემეშალა და ადრე ჩამოვედი, ამიტომ ფეხით იმაზე მეტი გავიარე ვიდრე დაგეგმილი მქონდა... კუშტი შენობები, ნესტისგან გაშავებული ძველი ეკლესიები და თანამედროვე, მწვანე შუშიანი ნაგებობები გლაზგოს ხასიათს ზუსტად გადმოსცემდა... ვშიშობდი არ დამეგვიანა, ამიტომ ჩქარი ნაბიჯით დათქმულ დროზე ზუსტად მივედი მიჩელის ბიბლიოთეკასთან, სადაც ჩემი გერმანელი მეგობარი მელოდებოდა.

შევედით, ბევრი ხალხი ირეოდა. რამდენიმე ღონისძიება იყო დაგეგმილი. კითხვა-კითხვით მივაგენით ოთახს, სადაც ჩვენი პენსიონერი, ყოფილი პროკურორი კურსელის წყალობით მოვხვდით. ორმოციოდე მსმენელი მოვგროვდით. ოდნავ შემაღლებულ ადგილას ორი კაცი იჯდა. ერთმა, დიდი მოწიწებით წარადგინა მწერალი, პუბლიცისტი, გარდიანის მესვეტე, ჟურნალისტი და ყოფილი პატიმარი ირვინ ჯეიმსი...

რასაკვირველია, ჩემი ინტერესი ამ ღონისძიების მიმართ სწორედ ის იყო, რომ ავტორი, რომელსაც იმ დღეს ვხვდებოდით ყოფილი პატიმარი იყო...

ირვინი, ტიპიური შოტლანდიური აღნაგობის კაცი აღმოჩნდა. უამრავი ნაოჭით და ყველაზე სევდიანი გამომეტყველებით, რაც კი ოდესმე მენახა... ნეიტრალური ხმის ტემბრი ჰქონდა. თუმცა, ეტყობოდა, რომ ღელავდა... განაბული ვუსმენდი, შოტლანდიურ ინგლისურზე ყური მიჩვეული მქონდა, მაგრამ მოკრძალება, სინანული, სიმორცხვე და ვინ იცის კიდევ რამდენი გრძობაარეული სიტყვა, რომელიც ირვინმა წარმოთქვა, ჩემს არსებას სრულიად დაეუფლა და ავტირდი, უცრემლოდ.... მგონი პირველად ცხოვრებაში....

ბოლოს ირვინმა გვკითხა, უფრო სწორად სამყაროს ჰკითხა:Have you ever thought of how rehabilitative you want us to be back?  რა დოზით გსურთ ჩვენი (ანუ პატიმრების) რეაბილიტაცია? ჩემი ინტერპრეტაციით: გიფიქრიათ როგორები გინდათ დავბრუნდეთ საზოგადოებაში სასჯელის მოხდის შემდეგ: განადგურებულები, ბოროტები, ბოლომდე ზნედაცემულები, თუ გაკეთიშლობილებულები, ახალი ცხოვრების დაწყებისთვის მომზადებულები???


ირვინი, 20 წელი იხდიდა სასჯელს დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა რეჟიმის ციხეებში. უბედური, თუ ბევრი საშინელი შემთხვევის გამო, რომელიც მის ცხოვრებაში განვითარდა, 2 ადამიანის მკვლელობისთვის....

ციხეში მიიღო განათლება, უმაღლესი განათლებაც! გახდა ჟურნალისტი და მესვეტე პოპულარულ გაზეთში გარდიანი, და პირობით ვადამდე ადრეც გათავისუფლდა... ახლა, წარმატებული, ცნობილი მწერალია...

შეხვედრის ბოლოს ირვინის ერთ-ერთი წიგნი შევიძინე. იმ რიგში დავდექი, რომელიც ირვინის მაგიდასთან იდგა... ძველი წიგნი იყო, არა ის, რომელიც წარადგინა გამოსვლისას, არამედ "პატიმრის დღიურები" ...


ჩემი ჯერიც მოვიდა, ვესალმებით ერთმანეთს: -გამარჯობა ირვინ, ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა გქონდათ -გამარჯობა, თქვენი სახელი? -მორეტა 
-სასიმოავნოა! გამარჯობა მორეტა, მადლობა სასიამოვნო სიტყვებისთვის. 
-ირვინ, თქვენ გჯერათ რომ ციხე ის ადგილია, სადაც ადამიანის რეაბილიტაცია შესაძლებელია?
-სავარაუდოდ. სხვა ალტერნატივა ჯერ არ მოუფიქრებიათ, ფაქტი სახეზე ვარ -მეუბნება და მიღიმის. მერე წიგნს დახედა და გაეღიმა-ძველი წიგნი შეიძინეთ?
-დიახ! საინტერესოა 20 წელი რა ისტორიები მოაგროვეთ ციხეებში...საქართველოდან ვარ, გლაზგოში ვსწავლობ..
- ვიცი საქართველო, ფეხბურთში დაგვამარცხეს...
-ეგებ ჩვენთანაც ჩამოხვიდეთ ერთხელ, საინტერესო იქნება სტუდენტებისთვის თქვენთან შეხვედრა და კიდევ უამრავი ადამიანისთვის...
-ვინ იცის, რატომაც არა! მიღიმის, წიგნზე ჩანაწერს აკეთებს, დგება და ხელს მართმევს....

ვერ აგიღწერთ რას ვგრძნობდი იმ წამს.... შიშის გარდა ყველაფერს... დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ამ ამბავზე... მიხარია, რომ ირვინი გავიცანი! მიხარია, რომ შოტლანდიამ შეძლო ირვინის გადარჩენა!

ახალ წელს გილოცავთ! 

P.S. მოვა დრო და ამ წიგნს აუცილებლად ვთარგმნი :)






No comments:

Post a Comment