Saturday, April 15, 2017

მეხსიერება ფოტოებით

ფოტოების დათვალიერება ძალიან მიყვარს, მითუმეტეს ახლა, ციფრულ ერაში..შეხვალ გალერეაში და თითის ერთი მოსმით ათვალიერებ ხუთასს, შვიდასს ან უფრო მეტ სურათს...

რომელიც არ მოგეწონება, ისევ ერთი თითის მოსმით წაშლი. დეტალებს თუ გინდა ჩაუღრმავდე კადრს მოაახლოვებ, უცქერ და არაჩვეულებრივს და საოცარს ვერაფერს აღმოაჩენ...

არა და საოცრება არაა? წამებში მოგზაურობ სხვადასხვა ქვეყნებში, უამრავ ადამიანთან ერთად.  უი, ეს მიუნჰენში იყო, ეს ჰელსინკი, ის პარიზში, ამსტერდამი კი არა და ლეიდენია მგონი, ეს გლაზგოში არ იყო? თუ ედინბურგია? არა, ედინბურგს რა დამავიწყებს...


თუმცა, ფოტოების დათვალიერება ერთგვაროვანი საქმე არ გახლავთ... თუ ამას ფეისბუქზე აკეთებ, ის უფრო ორგანიზებულად, წესების დაცვით გამოგზაურებს გაქვავებული წამების სამყაროში. მაგალითად, თუ ე.წ. პროფილის ფოტოებს ათვალიერებ, დიდი ალბათობით მხოლოდ საკუთარ თავს ხედავ გაშეშებულს სხვადასხვა პოზებში, დაკრეჭილს, სერიოზულს, ოდნავ სევდიანს, აი ისეთს, საინტერესოს რომ გხდის ანუ, არც იმდენი სევდა უნდა იყოს აღბეჭდილი შენ სახეზე, რომ ვინმეს შეეცოდო და არც ისე ცოტა, რომ ბრიყვივით გამოიყურებოდე. ზოგი ფოტო კუკუს დროინდელია, წინა საუკუნიდან, როცა იყავი გამხდარი, ახალგაზრდა, ლაღი, ცოტა შტერიც, უდარდელი. ასეთ ფოტოებს განსაკუთრებული შურით შესქცერი, კადრს აახლოვებ, დიდხანს აშტერდები და ფიქრობ, როდის ვიყავი ასეთი? მართლა მე ვარ? თუ თითი დროზე არ აამოძრავე და სხვა ფოტოზე არ გადახვედი, მოგონებების არმია იქვეა ჩასაფრებული, იხსენებ ვინ გიყვარდა, რაზე ოცნებობდი, ვისთან მეგობრობდი, სად დადიოდი, რა გტკიოდა....არა, არა, არა და უცებ გადადიხარ შემდეგ მოგონებაზე, იმის იმედით, რომ ის უფრო დაგინდობს, მაგრამ ნურასუკაცრავად! შემდეგი კადრი ასახავს რომელიღაც უბედნიერეს დღეს, 33 კბილი გიჩანს, ბედნიერებას ასხივებ, გეგონება ეს იყო დღე პირველი და დღე უკანასკნელი...


თუ ამ პროცესს მუსიკის თანხლებით აკეთებ და გვერდს ჭიქა წითელი ღვინო გიმშვენებს ჩათვალე ჩაძირული ხარ კმაყოფილების, მაძღარობის, მეტის მოლოდინის და სიცოცხლის წყურვილის მორევში...

სასაცილო და საოცრად სევდიანია ადამიანად ყოფნა, ღმერთმანი :) 

No comments:

Post a Comment