Friday, May 5, 2017

ლუქს ტყუილი VS ლუქს ვერ მოტყუებული

იცით რაზე უნდა მოგიყვეთ? ვითომ ჯადოსნურ გარემოზე, თოჯინებად ქცეულ გოგოებზე, ზომბებად გადაქცეულ პროფესიონალებზე, რომლებიც ვინ იცის და ექიმობაზე, ესთეტიური მედიცინის მუშაკობაზე ან სულაც პლასტიკურ ქირურგობაზე ოცნებობდნენ...

აი, ხომ გქონიათ ის მომენტი, ტრანსპორტში რომ ზიხართ და სადაცაა თქვენს გაჩერებას მიუხლოვდება სამარშრუტო ტაქსი, ამიტომ იწყებთ მომზადებას: უნდა შეინახო მობილური, ამოიღო საფულე, ან იპოვო მეტრომანი, თანაც დაგეგმო სტრატეგიულად როგორ გადააბიჯო შენს გვერდით მჯდომს ისე, რომ არ გადაუარო ფეხზე ან სახეში არ მოარტყა ხელჩანთა და სწორედ ამ დროს ტელეფონზე გაისმის ზარი! სადღაც ჩაკვეხებულ ტელეფონს ძლივს პოულობთ და უცხო ნომერს დაუფიქრებლად პასუხობთ:
-ალო..
-ქალბატონო ლიზა, მოგესალმებით,სასიამოვნო საღამოს გისურვებთ,იმედია კარგად ბრძანდებით,თქვენ მოხვდით ჩვენს VIP აქციაში და ექსკლუზიურად გადმოგეცათ ჩვენი ლუქს ბრენდის 1 დღიანი მომსახურება,ჩაგიტარდებათ სახის ლიფტინგი, მსუბუქი პილინგი.............................................................................

5 წუთიან ტექსტს ისე ამბობს ეს გაწვრთნილი, დახვეწილი ხმა, რომ პაუზას არ აკეთებს. შესაბამისად, არ გეძლევა შესაძლებლობა, რომ შეეპასუხო.

გოგონებს გეცნოთ ალბათ, თბილისში ფესვებგადგმული, აწ უკვე გაფართოებული, კოსმეტიკური კომპანია, რომელიც მომხმარებელს ლუქს ბრენდის პროდუქციას და ექსკლუზიურ მომსახურებას სთავაზობს სულ რაღაც 1000000000000000000 ლარად.
ერთხელ ამ კომპანიაში 2015 წელს აღმოვჩნდი. თუმცა, ჩემი ‘დაბოლება’ ვერ მოახერხეს და ბუნებრივია, ცდილობენ ‘დანაკარგი’ ამოიღონ და ურჩი ‘მომხმარებელი’ მოათვინიერონ. იმდენად მიმზიდველი იყო ის მომსახურება, რასაც სასიამოვნო ხმა მთავაზობდა, რომ დავთანხმდი. თუმცა, აბსოლუტურად გაცნობიერებული მქონდა გამოწვევა, რის წინაშეც პროცედურის დამთავრების შემდეგ დავდგებოდი. შევედი გალაპლაპებულ, ბრჭყვიალა დარბაზში, მივაწოდე პირადობა და მოთმინებით დაველოდე ჩემს დროს.

„ჩილაუთ“ მუსიკა, მოიასამნისფრო ფერები, ვარდის სურნელი და გაღიმებული ადამიანები ირგვლივ, მართლა აძლევდა ჯადოსნურ ელფერს ამ გარემოს.
მალევე გამოჩნდა იმ ინტერიერივით გალაპლაპებული, თეთრ ხალათში გამოწყობილი და მსოფლიოში ყველაზე მაღალ ქუსლებზე ‘ამხედრებული“ კონსულტანტი. ხმამაღლა და გამოთქმით წარმოთქვა ჩემი სახელი და გვარი და ისე გამიღიმა, გეგონებოდათ მორიგ კლიენტს კი არა ოცნების მამაკაცს შეხვდაო.
მორჩილად გავყვევი და ჩავჯექი ფუმფულა სავარძელში, ჩემს პირისპირ მოკალათდა მოკაშკაშე გოგონა, თვალი თვალში გამიყარა და დაიწყო საუბარი ‘ჭეშმარიტ ღმერთზე“...
თვალს არ ვარიდებდი და ვცდილობდი არ გამცინებოდა. მინდოდა გამომეცნო რამდენი წლის იყო, რა უნდოდა გამხდარიყო, სჯეროდა თუ არა იმისი, რასაც ამბობდა და ყველაზე მეტად მინდოდა მეკითხა რამდენი ჰქონდა ხელფასი. თუმცა, რასაკვირველია არც ერთი შეკითხვა არ დამისვამს მისთვის.

კანის დიაგნოსტიკის შემდეგ, რომელიც კიდევ ერთი გალაპლაპებული ექსპერტის დასკვნით დრამატული იყო და კიდევ კარგი რომ მივედი მათთან, თორემ ნაოჭები და პიგმენტური ლაქები უდროოდ გადაუვლიდნენ ჩემს სახეს, გოგონამ ისევ თავის ოთახში დამაბრუნა. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მომათავსა და დაიწყო საკმაოდ სასიამოვნო და სურნელოვანი პროცედურები. მოვდუნდი და ვეცადე მაქსიმალური განტვირთვა მომეხდინა, მაგრამ ვინ დამაცადა!!
გოგონა დაზეპირებული ტექსტით ტვინს ბურღავს. მიხსნის, რამდენად აუცილებელია მოვუაროთ სახის კანს, თორემ მას შემდეგ რაც ჩვენ მიმზიდველები აღარ ვართ ჩვენი მეუღლეებისთვის, ისინი უმალვე სხვა ქალისკენ მიიწევენ რომელიც, უფრო მოვლილი და გალაპლაპებულია!

ოჰ, არა! როგორ ავუხსნა ამ გოგოს, რომ სასტიკად ცდება! როგორ დავაწვინო ჩემს ადგილას და წავუკითხო 'სახარება' თანასწორობის, გულწრფელობის, სიყვარულის, ლტოლვის, ვნების და ათასი რამის შესახებ, რაც არაფერ კავშირშია კანის სიგლუვესთან!
მოკლედ, ჩემი განტვირთვის მცდელობა კრახით დასრულდა და ისე დამაღონა ამ ლამაზი, ერთი შეხედვით გონიერი გოგონას მდგომარეობამ, რომ გადავწყვიტე, აღარასდროს მოვსულიყავი ამ ადგილას, მესამედ!

პროცედურა დასრულდა და დადგა ყველაზე გადამწყვეტი მომენტი! ისევ ერთმანეთის პირისპირ მოვთავსდით ფუმფულა სავარძლებზე და გოგონამ დაიწყო იმის გარკვევა, თუ რა თანხას გავიღებდი ყოველთვიურად საკუთარი კანის უკვდავსაყოფად! გარკვეული თანხა დავუსახელე, კმაყოფილმა გაიღიმა და მითხრა, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან მას ისე მოვეწონე, იმდენად პოზიტიური ქალბატონი ვბრძანდებოდი, რომ მენეჯერთან მიშუამდგომლებდა პროდუქტის უპროცენტო განვადებით შესაძენად!!! მთხოვა ოთახში დავრჩენილიყავი, თითონ კი იისფერ კარს მიღმა გაუჩინარდა.

კიდევ ერთი დაზომბირებული გოგოს ნახვა საბოლოოდ გამიფუჭებდა ხასიათს, ამიტომ გავითამაშე სცენა. ოთახში შემოსვლისთანავე დავაფიქსირე ჭერზე, კუთხეში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა. დემონსტრაციულად წამოვდექი. ჩანთიდან, მობილური ტელეფონი ამოვიღე და გავაბი საუბარი, მივიღე ოდნავ შეშფოთებული სახე, ჩანთა მხარზე ნერვიულად გადავიკიდე, გამოვარდი ოთახიდან, გავიარე ლილისფერი დერეფანი, მივუახლოვდი ადმინისტრატორს და ვუთხარი, რომ სასწრაფოდ უნდა გავქცეულიყავი, აუცილებელზე აუცილებელ საქმეზე და რომ ძალიან ვწუხდი ამის გამო....
გამოვედი თუ არა ამოვისუნთქე. მაგრამ კონსულტანტ გოგონაზეც ვფიქრობდი, იმედი მქონდა, რომ სცენა ოსტატურად გავითამაშე და მას არ 'დასჯიდნენ' იმისათვის, რომ კლიენტი ოთახიდან გაექცა....

თბილისის ტყვიით გაჯერებულმა ჰაერმა გონზე მაინც მომიყვანა და ნელი ნაბიჯით გავუყევი გზას, რომელიც ისეთივე დასახიჩრებული და ორმოებიანი იყო როგორც ლუქს ბრენდის თანამშრომლების ტვინები.....

No comments:

Post a Comment