Friday, November 17, 2017

კვაწარახიანი ლობიო

როგორც ჭეშმარიტი გურმანი საჭმლის მომზადების პროცესს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.  მაგრამ ამისათვის აუცილებლად მჭირდება განწყობა და თქვენ წარმოიდგინეთ მოტივაციაც კი. როცა დედაჩემი წაიკითხავს ამ ტექსტს, გაიფიქრებს ნეტა ოდესმე თუ მითქვამს ასეთი რამეო და აუცილებლად მკითხავს საიდან ისწავლე შვილო ამდენი უცნაურობებიო. მაგრამ დედას ვეტყვი, რომ ახლა სულ სხვა დროა, თანამედროვე ქალები ძალიან დაკავებულები ვართ იმისათვის, რომ კერძების მომზადებაზე ვიფიქროთ. ასევე, სიამაყით ავღნიშნავ, რომ ჩემი ქმარი შესანიშნავ საჭმელებს აკეთებს და ნაკლებად მიწევს ამ საკითხზე ზრუნვა თქო.

დღევანდელ თბილისში ოჯახური სამზარეულოების და მზა კერძების არჩევანი მართლაც დიდია. ბიზნესი სწრაფად მიხვდა, რომ ქალაქელი ქალები ზარმაცები კი არა უბრალოდ ძალიან დაღლილები ბრუნდებიან სახლებში და თუ ოჯახურად მომზადებულ გემრიელ (ზოგჯერ უგემურ) საკვებს შესთავაზებენ მომხმარებელს თანხის გადახდა (რომელიც ქალაქში მხცოვრებს უფრო მეტი აქვს ვიდრე სოფლად მყოფს) არ უჭირს. თანაც მზა კერძის შეძენით დიდწილად გადაჭრილია კვების,  რუტინის და ოჯახში ვალდებულებების თანაბრად გადანაწილების პრობლემა.

რადგანაც მე და ჩემი ქმარიც საკმაოდ დატვირთული გრაფიკით ვმუშაობთ, გამზადებული საჭმლის ყიდვა ხშირად გვიწევს. თუმცა, ერთ კონკრეტულ დაწესებულებას ვენდობით და გულდამშვიდებული შევექცევით მათ მიერ მომზადებულ ნაირნაირ კერძებს.


გუშინდელი დღე კი გამონაკლისი გახლდათ. კვირა დღე გათენდა, თან ისეთი კაშკაშა, აი ფარდებს რომ გადაწევ და მზის სხივები პირდაპირ გულში რომ გროვდება და ასე დადიხარ მთელი დღე გამზესხეულებული...

გადავწყვიტე, ჩემში მიძინებული კულინარიული ნიჭი გამეღვიძებინა და ლობიოს კეთებას შევუდექი. მოგესხენებათ ლობიო ჭეშმარიტი ქართული პროდუქტი არ არის და მის სამშობლოდ ამერიკაა აღიარებული. თუმცა, ისე გემრიელად არსად ამზადებენ ამ კეთილშობილ პარკოსან მცენარეს, როგორც საქართველოში და მითუმეტეს იმერეთში.
ლობიოს იმერულად მომზადებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი კვაწარახია, რომლითაც მამიდაჩემი მამარაგებს ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნიკას დიდ პატივს ვცემ და ჩემი ქება-დიდება ხშირად ისმის მათი გამომგონებლების მისამართით, ზოგიერთი ტრადიციული ნივთი შეუცვლელია, განსაკუთრებით როდინი- ასე ეძახიან ფილთაქვას იმერეთში. 


სანამ ლობიო იხარშება, ნიახურს, ცოტა ქინძს და ოხრახუშს წყალში ვათავსებ. წვრილად ვჭრი ხახვს და ვნაყავ 2 კბილ ნიორს ქინძის ღეროებთან ერთად. ხახვს სიმინდის ზეთში ვშუშავ, ვუმატებ ცოტა ბალზამიკოს და კარამელის ფერი რომ გახდება შევურევ დანაყილ ნიორს. მგონია, რომ შუშვისას უფრო კარგად შეერწყმება პროდუქტები ერთმანეთს და მეტ გემოს აძლევს საჭმელს.


რადგანაც კვაწარახის გამოყენება გადავწყვიტე, აუცილებელია ლობიოს ამოლესვა. ხისგან დამზადებული ნივთი, რომელსაც ბებიაჩემი ლობიოს ამოსალესად იყენებდა და ბავშვობაში ძალიან მომწონდა  ვიზუალურად, სამწუხაროდ არ მაქვს და კარტოფილის საჭყლეტით ვსარგებლობ. ლობიოს ამოლესვა სულაც არაა იოლი, არც იმდენად უნდა დაჭყლიტო, რომ ფაფად გადაიქცეს და არც ისე მარტივად, რომ კაკლად დარჩეს. ამიტომ ყურადღებით ვეკიდები ამ პროცესს და თან მახსენდება ბებია, რომელიც შეშის ღუმელზე დიდი რუდუნებით და მოხერხებულობით აკეთებდა ამ საქმეს.




















                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                შეკაზმვის დროც დგება, ჯერ მოშუშულ ხახვს ვყრი, შემდეგ კვაწარახს ვამატებ, ცოტა ლობიოს სანელებელსაც, ბოლოს კი წვრილად დაჭრილ მწვანილსა და მარილს. ვუყურებ როგორ ჩნდება ყავისფერი ცხელი ბუშტები ქვაბში და et voilà! კვაწარახიანი ლობიო მზადაა! სახლში საოცარი სურნელი ტრიალებს და  სუფრის გაშლას ვიწყებთ. ამოლესილი ლობიო მწნილების გარეშე რაა? წითელი პომიდვრის და  სტაფილოს მწნილი ცხელ შოთის პურთან და კვაწარახიან ლობიოსთან ერთად ნამვდილი ნეტარებაა და მადლობას ვუხდი იმერელ წინაპრებს, ამ კომპოზიციის შექმნისთვის.



 თუ კულინარიის დღეა, ბოლომდე დავიხარჯოთ! კარგ დესერტს რა ჯობია? რადგანაც სახლში გოგრა მოიპოვებოდა, გადავწყვიტე ფლავის გაკეთება ხილითა და გოგრით. ჯერ ვადუღებ წყალს, გასუფთავებულ გარეცხილ ბრინჯს ვყრი ადუღებულ წყალში და ვწალავ. ამასობაში ვჭრი გოგრას, კომშს, ვაშლს და მსხალს კუბიკებად. ვრეცხავ ქიშმიშს და ტაფაზე გაცხელებულ კარაქში ვყრი, რომ გაფუმფულდეს.


მოწალულ ბრინჯს ცივი წყლით ვრეცხავ, დურშლაგზე ცოტა ხნით ვათავსებ და ვიწყებ დიდ ქვაბში ფენების გაკეთებას. თუმცა, მანამდე ვასხამ ზეთს, რადგანაც კარაქის საკმარისი რაოდენობა არ აღმომაჩნდა. ჯერ ბრინჯი, შემდეგ ვაშლი, კომში, გოგრა, ქიშმიში, შაქარი და ისევ ბრინჯი. ასეთი თანმიმდევრობით რამდენიმე ფენა გავაკეთე, ქვაბს თავი დავახურე და ძალიან დაბალ ცეცხლზე 1 საათით დავტოვე. გოგრის ფლავი ულამაზესი, უგემრიელესი და საარგებლოა. თუმცა, ჩემი მომზადებულით არც თუ ისე კმაყოფილი დავრჩი. ხომ გაგიგიათ ხელი წაუვიდაო. ასე დამემართა როგორც ჩანს. ცოდნა ერთია, მაგრამ თუ მას პრაქტიკაში არ იყენებ და გამოცდილებას ვერ აგროვებ, დიდი ვერაფერი სარგებელია მისგან.


განწყობა არ წავიხდინე და თავი იმით დავიმშვიდე, რომ მომავალში უკეთეს ფლავს გავაკეთებ და ამ ჯერზე დაშვებულ შეცდომებს გავითვალისწინებ. შეცდომა კი გახლდათ ის, რომ კარაქის ნაცვლად ზეთი ჩავასხი, თანაც დიდი რაოდენობით. შემდეგ კი ვაშლის ნაცვლად, ბრინჯის ფენა მოვაყარე პირველად, რომელიც მიეკრა ქვაბის ძირს და დააბრკოლა ზეთის შეწოვის პროცესი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროის განმავლობაში იყო ის ემოციები და განცდები, რაც დიდი ხანია აღარ მიგრძვნია. საკვების მომზადების უნარი, კრეატიულობა, საკუთარი ძალების გადასინჯვა მივიწყებული საქმის კეთებისას და რაც მთავარია იმ ადამიანების მიმართ სიყვარული, რომლებისთვისაც ამზადებ ამა თუ იმ კერძს. გაზიარება, აღიარება, მადლიერება, კმაყოფილება ეს ის გრძნობებია, რომელიც ძალიან ბედნიერს გვხდის. ჰო და ვეცადოთ ხშირად ვიყოთ ბედნიერები, თუნდაც მცირედი, პატარ-პატარა სიამოვნებების მეშვეობით.






No comments:

Post a Comment