Saturday, October 6, 2018

პირდაპირობა VS პირფერობა

ესე იგი, პირდაპირი, ენამწარე, ხისტი, არადიპლომატიური  და რა ვიცი კიდე რას არ უწოდებენ (გვიწოდებენ) ადამიანებს, რომლებსაც უყვართ (გვიყვარს) იმის თქმა/დაფიქსირება/აღიარება რაც არის!!!!





პირადად მე, ბავშვობიდან გამოვირჩევი ენამახვილობით და ეს სულაც არაა ის თვისება, რომელიც პოპულარობისა და მასების სიყვარულის მოპოვებაში გეხმარება! თუმცა, ნამდვილ, სხარტ, გონებამახვილ და კრიტიკის მოყვარულ ადამიანებთან დამეგობრების საუკეთესო საშუალებაა!

მოვლენების აღქმა და გააზრება ინდივიდუალურია, მაგრამ ვერსად გავექცევით საუკუნეების მანძილზე დატესტილ და ფესგვადგმულ შაბლონებს, რომლებსაც უპირობოდ ვეთანხმებით. 


ფილოსოფიურობა მახასიათებს, პროვოკაციურობაც. მიყვარს ტაბუდადებული თემების წამოწევა. გამოვირჩევი ისეთ თემებზე დისკუსიით, რომლებზეც თითქმის არავის უყვარს საუბარი და მითუმეტეს კამათი. არ ვერიდები სუბიექტურ შეფასებებს და უამრავი საიდუმლო ვიცი, რომელსაც მხოლო იმ შემთხვევაში გავთქვამ, თუ ფრჩხილებს დამაძრობენ (ახლახანს, ცხოვრებაში პირველად, რკინის კარში სალოკი თითი მოვიყოლე და ტრამვირებული ვარ). 




სოციალურ ქსელებშიც ზოგჯერ ისეთი ტექსტი დამიწერია, რომელიც ჩემს კარიერას,  სამსახურეობრივ მდგომარეობას ან იმიჯს დამუქრებია. ბევრი მეგობარიც დამიკარგავს პირდაპირობის გამო და იმის გამო, რომ ყველა ერიდება უხერხულ, უსიამო, მაგრამ აბსოლუტური რეალობის კონსტანტაციას. 



ჰო და რა მინდოდა მეთქვა თქვენთვის? ის, რომ ძალიან მალე 40 წლის ვხდები, ვაწყობ გრანდიოზულ დაბადების დღეს, სადაც იქნებიან ადამიანები მსოფლიოს მრავალი კუთხიდან, რომლებიც მიყვარს იმის გამო, რომ შემიყვარეს ისეთი, როგორიც ვარ: უზომოდ კეთილი, თავდადებული, გაბედული, შრომისმოყვარე, მხიარული, გენიალური და ვთვლი, რომ ისინიც ზუსტად ასეთები არიან! (კი, ზუსტად ასეთად მივიჩნევ თავს!!!) 



თქვენ გგონიათ გულახდილობა და გულწრფელობა იოლია და არ მოითხოვს ძალისხმევას? მოითხოვს, თან მერე როგორ!  განა იოლია მეგობარს უთხრა, რომ იაფფასიანი ხრიკით მოქმედებს კონკრეტულ სიტუაციაში? ან მიახალო პირდაპირ სახეში, რომ მისი ესა თუ ის დამოკიდებულება ცდება ადამიანურობის განმარტებებს? ან უცებ, სრულიად რაფინირებული ღონისძიების ფურშეტზე გაანდო შენი სულისა და სხეულის ბნელი ლაბირინთები? ან საკუთარ თავს გამოუტყდე უამრავ სისუსტესა და ცდუნებებში?

არაა! არც ერთია იოლი! არც ერთი არ ჩაირბენს უკვალოდ! ძალიან ბევრჯერ მიკითხავს საკუთარი თავისთვის, რატომ მოვიქეცი ასე? რა მრჯიდა? რამდენჯერმე მინანია გულახდილობის გამოვლინება, თუმცა დროებით! რადგან, პირფერობა ყველაზე ცუდი რამეა, რისი შემოთავაზებაც ადამიანსა თუ გარესამყაროს შეუძლია ჩვენთვის. 



იმის თქმა მინდოდა, რომ მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ, ვუთხრათ ერთმანეთს რა არ მოგვწონს, რა გვაღიზიანებს, რისი გამოსწორება შეგვიძლია ერთად თუ ცალცალკე. ასე უფრო იოლი გახდება თანაცხოვრება, ნაკლები ნიღაბი დაგვჭირდება,ნაკლები თვალთმაქცობა და ჩვენს მიერ გატარებული დრო დედამიწაზე უფრო ნაყოფიერი და უარეს შემთხვევაში, იმაზე უფრო სახალისო იქნება, ვიდრე ახლა არის.  უამრავი შეცდომა დამიშვია როგორც პირად ისე პროფესიულ ურთიერთობაში, ვმუშაობ საკუთარ თავზე და ვცდილობ არ ვიყო ცუდი, ყალბი, არამისაბაძი. 

პ.ს. ჩემი პოსტები სულ რაღაც მოწოდებებით მთავრდება, თქვენზე ჭკვიანი არ გეგონოთ, უბრალოდ მგონია, რომ შეძახილს ანუ სიტყვას დიდი ძალა აქვს!


1 comment: