ირვინი.. პატიმრის დღიურები
ოდესმე დაფიქრებულხართ რამდენ ადამიანს ჩამოართვით ხელი თქვენი ცხოვრების მანძილზე? ან ვინ არიან ის ადამიანები? კეთილები, ბოროტები, ნიჭიერები, მხიარულები, ღვარძლიანები, წარმატებულები, ხელმოცარულები და ასე უსასრულოდ... მაგრამ, ხომ არასდროს გიფიქრიათ, რომ რომელიმე მკვლელია? ორი ადამიანის მკვლელი?..... შოტლანდიაში სწავლისას, ჩემმა კურსელმა, რომელიც ყოფილი პროკურორი და ამჟამად სტუდენტი პენსიონერია, წიგნის ფესტივალის ორი ბილეთი მოიტანა ერთ-ერთ ლექციაზე. ვისაც გსურთ გადმოგცემთ, ძალიან საინტერესო მწერალთან არის შეხვედრა და მისი წიგნების ავტოგრაფით შეძენაც შეგიძლიათო. ჩემმა გერმანელმა თანაკურსელმა და მე გამოვართვით ბილეთები. დავგეგმეთ შეხვედრა... ჩვეულებრივი გლაზგოური ამინდი იყო, სევდიანი, ხან წვიმდა, ხან მზე ანათებდა, ხან სასტიკი, ცივი ქარი უბერავდა. ავტობუსის გაჩერება შემეშალა და ადრე ჩამოვედი, ამიტომ ფეხით იმაზე მეტი გავიარე ვიდრე დაგეგმილი მქონდა... კუშტი შენობები, ნესტისგან გაშავებული ძველი ეკლესიები და თანამედროვე, მწვანე შუშიანი ნაგებობები გლაზგოს ხასიათს ზუსტად გადმოსცემდა....