ფიქრები კორონობის ჟამს
მესამე კვირაა უცნაურ რეალობაში იმყოფება მსოფლიო და რასაკვირველია მეც. რამდენიმე დღეა ტელევიზორსა თუ სოციალურ მედიაში გაგონილ/წაკითხულ ფრაზებს, იდეებს, წინადადებებს, ხუმრობებს ვაგროვებ თავში და ვცდილობ ერთი კარგი გემრიელი კონა გავაკეთო. ყველაზე მეტად ამ სტატიისთვის გამიჭირდა სათაურის შერჩევა, მრავალფეროვანი არჩევანის გამო. ესეც ვარიანტები: "სიყვარული კორონა ვირუსის დროს", "იუმორი გადაგვარჩენს", "ღვარძლიანები VS ხალისიანები", "ოჯახური ცხოვრება", "ფიქრები იზოლაციის ჟამს", "შენიღბული სიმართლე", "ნეტარ არიან მორწმუნენი" და კიდევ უამრავი ვერსიის მისადაგება შეიძლება ამბებზე, რომელიც უწყვეტად მოედინება ყველა ელექტრონული მოწყობილობიდან 29 თებერვლიდან მოყოლებული. 2020 წლის 29 თებერვალს გამოგვიცხადეს, რომ 9 მარტის ნაცვლად საგაზაფხულო არდადეგები 2 მარტს დაიწყებოდა და ასე დაედო სათავე საყოველთაო იზოლაციას საქართველოში. ქრონოლოგიურად აღარ მივყვები მოვლენებს, თქვენც კარგად იცით ვინ, როდის და საიდან დაბრუნდა, ვინ რამ...