სარა და ტრომსოს ჯადოსნური ზამთარი
სარა ჩემი ნორვეგიელი მეგობარია. 2009 წელს გავიცანი, როცა საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიას შემოუერთდა სასჯელაღსრულების სფეროს ექსპერტად. ამ ორგანიზაციაში 2006 წელს დავიწყე მუშაობა და ჩემი პროფესიული ტრანსფორმაციაც სწორედ იქ მოხდა. მაგრამ ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით, როგორ მივედი თარჯიმნობიდან სასჯელაღსრულების სფეროს სპეციალისტობამდე. ახლა კი სარაზე უნდა გიამბოთ. სარა ყველაზე მხიარული, ბედნიერი, მზრუნველი, სიცოცხლით სავსე და მომღიმარი ადამიანია, ვინც კი ოდესმე მინახავს. გარდა იმისა, რომ თავისი საქმის პროფესიონალია, მის კომპეტენციებში შედის საუკეთესო ხალხის მოგროვება, დაკავშირება და უძლიერესი სამეგობრო წრის შეკვრა. თითქოს ამაში არაფერია უჩვეულო და რთული მაგრამ ვთვლი, რომ ერთ-ერთი ფასდაუდებელი უნარია, რაც კი შეიძლება აღმოგაჩნდეს. სწრაფად გავუგეთ ერთმანეთს. ორივეს გვიყვარს ლუდი, გემრიელი კერძები, დღეების მხიარულად გატარება და რაც მთავარია ის საქმე, რომელსაც ერთად ვაკეთებდით. ციხეში წასვლა დღესასწაულის ტოლფასი იყო ჩვენთვის. ბევრი კარგი პროექტი წამოვი...