Friday, February 7, 2020

სპონტანური

ერთი ჩვეულებრივი პარასკევია თითქოს... გათენდა, ავდექით, ყველა თავის რუტინულ საქმეს აკეთებს, მე ყავის მოლოდინში, რომელსაც როგორც წესი ქმარი მიდუღებს (რაც კიდევ უფრო გემრიელ არომატს აძლევს ჩემს ამერიკანოს) თმაგაწეწილი დავბოდიალობ და ვცდილობ გამოვერკვე ბრილკადან. რომანი, რომელიც ჩვენმა თანამემამულემ, ნინო ხარატიშვილმა, გერმანულ ენაზე დაწერა და გამოაქვეყნა 2014 წელს და რომელიც მე ახლახანს შევიძინე და თავგამოდებით ვკითხულობ, ორი ღამე უკვე გავათენე, თუ თავისუფალი დროის მცირე მონაკვეთი გამომიჩნდება მყისვე ვუბრუნდები და ვკითხულობ დაუსრულებლად (1300 გვერდია). 


საოცარი ქალია, საოცრად წერს, სასტიკად აღწერს რეალურ ფაქტებს, დაუნდობლად ააშკარავებს ადამიანის ბნელ და დაუკოებელ ბუნებას, ამხელს სისტემას, რომელსაც ბევრი ჯერ კიდევ მისტირის ჩვენს ქვეყანაში და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ბევრი უნდა ვიმუშაოთ გენეტიკური, კოდირებული ცუდი თვისებების აღმოსაფხვრელად. მერვე სიცოცხლე (ბრილკას) ცალკე სტატიას იმსახურებს, მაგრამ რადგანაც ჯერ მხოლოდ 890-ე გვერდზე ვარ და არ ვიცი წინ კიდევ რამდენი თავგადასავალი, რამდენი ემოცია, რამდენი სინანული, ბრაზი, სიხარული და თავგანწირვა მელის, მხოლოდ ამ მოკლე პასაჟით დავკმაყოფილდები და დამთავრებისთანავე გაგიზიარებთ ჩემს წილ მოწიწებას და პატივისცემას ბრილკას მიმართ! 


დღეს ასჯერ შეიცვალა ამინდი, თავი გლაზგოში მგონია. იქ იცის ამინდმა ზუსტად ასე თავის მოგიჟიანება. თვალს გაახელ და მზე კაშკაშებს, გარეთ გახვალ და ისეთი ქარ-წვიმა დაგატყდება თავს, ვერცერთი მაღალი ხარისხის ქოლგა ვერ გიხსნის გალუმპვისგან. 

ჰო და თბილისმაც "მიბაძა" გლაზგოს და მრავალჯერ იცვალა სახე დილიდან შუადღემდე. ჯერ ბრდღვიალა, მზიანი დილით დავტკბით, მერე კი, ისეთი ბინდი ჩამოწვა, ისეთმა ქარმა დაუბერა, უმალ ჩემს საყვარელ კაფეს მივაშურე და თეთრი ღვინის მიხაკ-დარიჩინიან, თბილ სურნელს შევაფარე თავი. 


არ  ვიცი მწერლებსა და პოეტებსაც თუ ასეთ ამინდებში ეძალებათ მუზა, მაგრამ მე კი ნამდვილად მომაწყდა ღვარცოფად ჩემი ბლოგის გაცოცხლების სურვილი, რომელიც უსულგულოდ მივატოვე 2018 წელს და ისე გაირბინა ერთ წელზე მეტმა, რომ სიტყვაც კი ვერ დავწერე, იმის შიშით, რომ ეს ძალიან პირადულია, ის ძალიან დრამატული, შოკისმომგვრელი, სევდიანი, კრიტიკით და ცინიზმით სავსე, ან უსაზღვროდ სასიყვარულო. 

მიზეზებს რა დალევს არა? ჰო და აი, ასე, უცერემონიოდ, სპონტანურად, გრძნობების და გონების ქარტეხილები გავარღვიე და გადმოვიღვარე ერთ პაწია ტექსტად, რომელიც ჩემი სათქმელის თქვენამდე მოტანას ემსახურება. 

დღეს ჩემი საყვარელი ქვეყნის, ნორვეგიის შესახებ, მულტიმედია სტატიას გავეცანი და არ მტოვებს ერთერთი თავის სათაური Norway is melting- ნორვეგია დნება. თითქოს ჩემმა გულმაც დაიწყო დნობა და სევდა შემომაწვა. რამდენი საფიქრალ-საზრუნავი დავუგროვეთ ადამიანებმა ერთმანეთს? როგორ შეგვიძლია ასე მოვექცეთ საკუთარ თავებს და სხვებს? ღმერთმანი, ბრილკა, რა სულელები და გულუბრყვილოები ვართ...



ასეა თუ ისე, ვაგრძელებთ მეგობრებო, თანაარსებობას, თანაცხოვრებას, ფიქრს, მოქმედებას, სიყვარულს, მიტევებას  და პლანეტის მოფრთხილებას. არ მინდა მარსზე, აქ მინდა სადაც ყოჩივარდებით და იებით მოქარგულ შავ მიწაზე შიშველი ფეხებით ვირბენ  და დავეწაფები ანკარა წყაროს....

დაგემშვიდობებით და ამავე დროს მოგესალმებით 2020 წლის ქაოტური თებერვლის შვიდში...


3 comments:

  1. უცებ შევახრამუნე და ჩავყლაპე ეს პოსტი! <3
    კარგია, რომ დაბრუნდი, მიხარის ძრიელ.
    პლანეტის აბა რა გითხრა...
    სანამ გაზაფხული მოვა, ახალი შთაგონებებით გავიტანოთ თავი :)

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც მიხარია დაბრუნება :) იმდენი რამის დაწერა მინდოდა, მაგრამ დავამუხრუჭე, ნელნელა გამოვამზეურებ :)

      Delete