Thursday, August 13, 2020

ზაფხული

წელიწადის ყველა დრო ძალიან მიყვარს, მაგრამ ზაფხული განსაკუთრებით. იმიტომ კი არა, რომ ცხელა, ზოგჯერ სუნთქვაც შეუძლებელია, დღეში ასჯერ უნდა დაიბანო და კოღოების შემოტევასაც უნდა გაუმკლავდე?! არამედ, იმიტომ რომ, ზაფხულში ხანგრძლივი არდადეგები და შვებულებაა,  ყველაზე ცისფერი ცა და ზღვაა და ყველაზე უდარდელად შეგიძლია გაატარო დღეები, რომლებიც ასე თავდაუზაგოვად სწრაფად მიქრიან წინ 😊


წლევანდელი ზაფხული ალბათ ყველა ჩვენგანის მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდება, როგორც თავისუფლების, სიცოცხლის ხალისის, სუფთა ჰაერის და  ადამიანებთან ურთიერთობის ბედნიერება. კორონა გამოვლილებმა და მკაცრი შეზღუდვებისგან ბორკილებ ახსნილებმა, უმალ შავი ზღვისპირეთისკენ ავიღეთ გეზი და კვარიათის სანაპიროზე ჩავუშვით დროებითი ღუზა.
 
არასდროს მინახავს სანაპირო ასეთი უკაცრიელი, ამ სიტყვის აბსოლუტური გაგებით. ეს ფაქტი ერთობლივად სევდიანიც იყო, მომხიბლავიც და მისტიკურიც. სევდიანი იმიტომ რომ, პანდემიამ, ანუ ხელოვნურმა ბარიერმა, უამრავი ადამიანი აიძულა უარი ეთქვა ზღვაზე. მომხიბლავი იმიტომ რომ, რაღაცნაირად ეგოისტური, მესაკუთრისეული გრძნობა გეუფლება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შენია, შენ გეკუთვნის და შეგიძლია ბოლომდე დატკბე იმ უსასრულო ბედნიერებით, რასაც მხოლოდ ზღვა და სანაპირო განიჭებს. მისტიკური კი, იმიტომ რომ, უკაცრიელება, სიჩუმე, მხოლოს ტალღების ხმა, ლურჯზე ლურჯი ცა, ოქროსფერი მზე და უკიდეგანო სივრცე რაღაც გამოუცნობ, მოტკბო-მომწარო მორევში გძირავს და თითქოს აღარაფერია გამოსაცნობი....


კვარიათი ძალიან ლამაზი სოფელია საქართველო-თურქეთის საზღვართან და ხედები, რომლებიც მთაში აგებული სასტუმროებიდან იშლება აღფრთოვანებას და მადლიერებას იწვევს. ზღვისა და მთის სურნელი მთელ სხეულსა და გონებას ეუფლება და გგონია, რომ სადღაც შორეულ სამყაროში ხარ, არაამქვეყნიურში. ბრწყინვალე ლანდშაფტია კვარიათსა და მიმდებარე სოფლებში და ბუნებრივად გიზიდავს ბოდიალისკენ. ერთერთი ასეთი გასეირნებისას მეექვსე საუკუნის ტაძარს გადავეყარეთ, რომელიც მთის წვერზეა აგებული და საოცარი ხედებით ატყვევებს ყველას, ვინც იქ ერთხელ მაინც მოხვდება. 



აჭარის მთებში ადრეც ვყოფილვარ, მაგრამ მახუნცეთის ჩანჩქერი არასდროს მენახა.  თითქმის თვალუწვდენელი მთიდან მოწყვეტილი წყლის ნაკადი მომხიბლავი სანახაობაა. იქვე, ე.წ. თამარის ხიდებია, სიძველის საიდუმლო ხავსით დაფარული და განუმეორებელ სილამაზეში ჩაფლული. 


შავი ზღვისპირეთი სავსეა მარგალიტებით და რასაკვირველია მათი პოვნა სიხარულისა და სიმშვიდის განცდას ბადებს. სწორედ ამ განცდებს ვეზიარეთ ამ ზაფხულს და ვისურვებდი, ყველამ შეძლოს ბუნებისა და ადამიანის მიერ შექმნილი შედევრებით ტკბობა. 

ზაფხულის ბედნიერ დასასრულს გისურვებთ მეგობრებო! 

 

No comments:

Post a Comment