მესამე კვირაა უცნაურ რეალობაში იმყოფება მსოფლიო და რასაკვირველია მეც. რამდენიმე დღეა ტელევიზორსა თუ სოციალურ მედიაში გაგონილ/წაკითხულ ფრაზებს, იდეებს, წინადადებებს, ხუმრობებს ვაგროვებ თავში და ვცდილობ ერთი კარგი გემრიელი კონა გავაკეთო.
ყველაზე მეტად ამ სტატიისთვის გამიჭირდა სათაურის შერჩევა, მრავალფეროვანი არჩევანის გამო. ესეც ვარიანტები: "სიყვარული კორონა ვირუსის დროს", "იუმორი გადაგვარჩენს", "ღვარძლიანები VS ხალისიანები", "ოჯახური ცხოვრება", "ფიქრები იზოლაციის ჟამს", "შენიღბული სიმართლე", "ნეტარ არიან მორწმუნენი" და კიდევ უამრავი ვერსიის მისადაგება შეიძლება ამბებზე, რომელიც უწყვეტად მოედინება ყველა ელექტრონული მოწყობილობიდან 29 თებერვლიდან მოყოლებული.
2020 წლის 29 თებერვალს გამოგვიცხადეს, რომ 9 მარტის ნაცვლად საგაზაფხულო არდადეგები 2 მარტს დაიწყებოდა და ასე დაედო სათავე საყოველთაო იზოლაციას საქართველოში.
ქრონოლოგიურად აღარ მივყვები მოვლენებს, თქვენც კარგად იცით ვინ, როდის და საიდან დაბრუნდა, ვინ რამდენი დღე დაჰყო კარანტინში, ვინ გაიქცა და იძულებით დააბრუნეს, ვინ მოიტყუა და სიცხის დამწევი დალია, ან იტალიიდან სხვა ქვეყანაში გადავიდა და ისე შემოიპარა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში....
ჩემს შერეულ გრძნობებს გაგიზიარებთ და შევეცდები პოზიტივი არ დავკარგო შუა წერისას. ძნელბედობა არაერთხელ გვაქვს ნანახი და გადატანილი და სიმართლე გითხრათ, ფსიქოლოგიურად მომზადებული შევხვდი ამ გასაჭირს. დავჯექი და კარგად გავიხსენე რისი გაკეთება შემიძლია სოფლად? ბავშვობაში ძროხის მოწველა უდიდეს გასართობად მეჩვენებოდა და ბებიაჩემმა საგულდაგულოდ მასწავლა, როგორ უნდა დამებანა ხელები, მერე ძროხის ძუძუები და დამეწყო წველა. შემდეგ რძე უნდა გაგვეწურა გაფითქინებულ მარლაზე და შეშის ღუმელზე შემოგვედგა ასადუღებლად. მიყვარდა ყველის ამოყვანაც, თბილი, ჭყინტი ყველის გემოსა და სურნელს რა დამავიწყებს. ყველის ამოყვანას რომ დავასრულებდით, იწყებოდა ნადუღის კეთება, ზოგჯერ კარაქს და მაწონსაც ვამზადებდით სახელდახელოდ.
თურმე რამდენი საჭირო რამ მცოდნია! -ვახარე ჩემს ქმარს, რომელიც ჩემსავით შეუდგა იმაზე ფიქრს, თუ რას გააკეთებდა სოფელში, რომელიც თბილისიდან არცთუ ისე შორს, თეთრიწყაროს რაიონში, შუაგულ ტყეში მდებარეობს და სადაც დასასვენებლად და გასართობად თითქმის ყოველ ზაფხულს ჩავდივართ.
გაგვიხარდა ისიც, რომ ჩვენი 84 წლის ბებო მხნედ გრძნობს თავს და უამრავ რამეს ვისწავლით მისგან, რაც გადარჩენაშიც დაგვეხმარება და სხვა ადამიანებსაც გავუწვდით ხელს. ისიც გაგვიხარდა, რომ წინა ზაფხულს კანალიზაციის და ცხელი წყლის ამბები მოვაწესრიგეთ და მთლად არქაულ პირობებში არ მოგვიწევს ცხოვრება. გადაწყდა, რომ მე სკოლის მასწავლებელი გავხდები. ბავშვებს შევასწავლი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებს, ცოტა გერმანულსაც, საბაზისო მათემატიკას, გეოგრაფიას და ისტორიას. კვირაში ორჯერ მუსიკის უფრო სწორად სიმღერის გაკვეთილებიც გვექნება. მოკლედ, ავიწყვეთ ცხოვრება.
გვეცინება ორივეს, თუმცა, იმასაც ვიაზრებთ, რომ სულაც არაა ეს ყველაფერი რეალობისგან ძალიან შორს. საკვების და ტუალეტის ქაღალდის მარაგი არ გაგვიკეთებია, საღამოს კარფურში წავედით და ჩვეულებრივი საყიდლები შევიძინეთ. მაინც ღრმად გვჯერა, რომ სასურსათო კრიზისი არ დაიწყება, ახლა ხომ 21-ე საუკუნეა, მსოფლიო გახსნილია, ერთმანეთს დავეხმარებით....
მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასე არ ფიქრობენ. აკეთებენ უდიდეს მარაგს, გამოაქვთ ბანკიდან თანხები, "შვეიცარიებში" ვეღარ გარბიან, ვინაიდან გაქცევა სიკვდილის ტოლფასია, ავრცელებენ სასოწარკვეთილ და პანიკის შემცველ ინფორმაციებს და კმაყოფილ-მომზადებულები ელოდებიან კრიზისს.
მაგრამ ვერავის გაუწბილებ. სტრესთან გამკლავების ყველას ჩვენებური გზა გვაქვს. არც გამოცდილება და არც სახელმწიფო არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ მშვიდად ვისხდეთ სახლებში და რუდუნებით დაველოდოთ პანდემიის გადავლას. ვცდილობ იმაზე მეტად ტოლერანტული ვიყო, ვიდრე კორონობამდე....თუმცა, ყოველთვის არ გამომდის, გუშინ მესენჯერში მეგობართან მიმოწერისას ერთ (ან 2-3) ადამიანს, რომელსაც ბოროტი იდეა მოუვიდა თავში, ვუსურვე დაკორონება, რომ ერწმუნა მედიცინის და მეცნიერების და დასჯილიყო იმის გამო, რომ აქეზებს სიბნელეს, უვიცობას, უცოდინრობას და თავად ხელს ითბობს შექმნილი ვითარებით. ჩემი მეგობარი გაღიზიანდა, მაგრამ მოვერიდეთ ერთმანეთს და შევწყვიტეთ კამათი. სიკვდილი არ მისურვებია, მხოლოდ ის ვუსურვე, რომ დაავადებულიყო და მერე გამოჯანმრთელებულიყო, რომ კიდევ ერთხელ დაენახა თავად და სხვებსაც, რომ სიცრუეს ქადაგებდა, რომ უარყოფდა ადამიანის ყველაზე დიდი მიღწევას და რომ ათიათასობით ადამიანს წირავდა საკუთარი, უსაფუძვლო და ანგარებიანი იდეების გამო!
რთული დრო დაგვიდგა ნამდვილად, ვერ ვუარყოფ. ნერვების მოთოკვა, ერთმანეთის პატივისცემა, მიტევება, დახმარება, გაგება, კეთილგანწყობა, გვერდით დგომა, გამხნევება გახდა ფასდაუდებელი! დღეში რამდენიმე ფბ ჯგუფში მაწევრიანებენ, თვითდახმარების ჯგუფები გაჩნდა, მეც ვერთვები და როგორც შემიძლია ვეხმარები მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ურთულესია ღარიბ, არასტაბილურ და არჩევნების მოლოდინში მყოფ სახელმწიფოში ცხოვრება! ახალგაზრდები როგორი მობილიზებულები არიან! რამდენ კარგ საქმეს აკეთებენ! რა იდეები აქვთ! მათი იმედი მაქვს! აუცილებლად გამოვძვრებით და აუცილებლად ვისწავლით ჭკუას!
თურმე შესაძლებელია გადასახადების გადახდა, ისე, რომ ბანკმა პროცენტი არ ჩამოგაჭრას! თურმე შესაძლებელია, რომ საწვავი 20 თეთრით უფრო იაფად შეიძინო! თურმე შესაძლებელია, რომ ერთმანეთს თვალები არ დავთხაროთ და მოლაპარაკებები ისე ვაწარმოოთ! თურმე შესაძლებელია ქართველი ექიმების იმედი გვქონდეს! ისიც შესაძლებელი ყოფილა, რომ მთავრობამ დაინახოს სტრატეგიული ობიექტების არაპრივატიზების აუცილებლობა! უამრავი რამ დაგვანახა კორონამ! მაგრამ ყველაზე სამწუხარო მაინც ისაა, რომ პანდემია გადაივლის და მოწყვლადი ჯგუფები, უფრო მეტად მოწყვლადები გახდებიან, ღარიბები უფრო გაღარიბდებიან და მმართველი გუნდი უამრავ ქულას დაიწერს დაუმსახურებლად! ხახვივით შერჩებათ 12 მაისიც, 20 ივნისიც, უნამუსოდ მისაკუთრებული მართლმსაჯულებაც და კიდევ ბევრი რამ, რომელიც 2013 წლიდან დღემდე "გვასვეს და გვაჭამეს"..... აი, რა მკლავს და რისი გააზრება მიშლის ხელს ვიჯდე მშვიდად სახლში, ყოველ ნახევარ საათში დავიბანო ხელები, შვილის ონლაინ გაკვეთილებს თვალი ვადევნო, სამუშაო შევასრულო და ნათელ მომავალს ვუცქირო დოლიძის ჩაბეტონებული აივნიდან!
Well, well, well, კი დაგპირდით პოზიტივის შენარჩუნებას წერის დასრულებამდე, მაგრამ არ გამომივიდა. ძნელია იმის იმედი გქონდეს, რომელიც საკუთარი მომავლის და კარიერის გარდა არაფერზე ფიქრობს და ხელს ითბობს ისე, როგორც არასდროს!
თუმცა, სხვისი იმედი არც არასდროს მქონია! არც უნდა გვქონდეს! საკუთარ თავებს უნდა დავეყრდნოთ! ერთმანეთსაც, თანამოაზრეებსაც! კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ საკუთარ თავს და თქვენც ჩემო მეგობრებო, მხნედ ვიყოთ, ერთმანეთს დავეხმაროთ, არ გავავრცელოთ ნეგატიური ინფორმაცია, მითუმეტეს ცრუ ინფორმაცია, დავრჩეთ სახლში, უკეთ გავიცნოთ საკუთარი შვილები და ოჯახის წევრები. გადადებული საქმეები გავიხსენოთ და შევუდგეთ მათ განხორციელებას. ისედაც კომპიუტერით არ გვიწევდა ყველაფრის კეთება? ჰო და არ დავსევდიანდეთ, მეტი მოვთხოვოთ ჩვენს თავსაც და მთავრობასაც. დავფიქრდეთ, რა უნდა შევცვალოთ ისე, რომ დედამიწამ აღარ მოინდომოს ჩვენი რიტმის დაპაუზება. მოვიფიქროთ ონლაინ სწავლების კარგი გეგმა, რომ მოსწავლეებმა მასწავლებლებს, სტუდენტებმა კი ლექტორებს არ დასცინონ. დავაფასოთ ერთმანეთის შრომა და დარწმუნებული ვარ უკეთეს ქვეყანას და მსოფლიოს დავუბრუნდებით.
ძალიან გამიგრძელდა! მინდოდა პატიმრებზეც მესაუბრა, ადამიანებზე, რომლებიც წლობით იხდიან სასჯელს, არც კომპიუტერი აქვთ, არც წიგნები, არც საქმე და არც იმდენი გასართობი, რამდენიც ჩვენ. და წამომეწყო დისკუსია სასჯელების ზომებზე საქართველოში, თუმცა, დროა დავასრულო და ამ თემას ცალკე სტატია მივუძღვნა!
თუ ბოლომდე წაიკითხეთ და იმედგაცრუებული დარჩით, მაპატიეთ :) თუ საღერღელი აგეშალათ და წერა თქვენც მოგინდათ, დაწერეთ და გამიზიარეთ. თუ გაგეცინათ და ჩათვალეთ, რომ გავგიჟდი და ვბოდავ, "წამალი" მომაშველეთ. თუ ისიამოვნეთ და თქვენი სათქმელიც გადმოვეცი, მადლიერი დაგრჩებით!
ადიოს!
No comments:
Post a Comment