Wednesday, December 1, 2021

მე და ჩემი ბიჭი მეგობრები!

ერთი ძალიან ძველი მეგობარი მყავს, ლაშა რომელსაც არაჩვეულებრივი მეუღლე თიკო ჰყავს გვერდით და რაც თავი მახსოვს, სულ ელოდება ჩემგან ისტორიას, როგორ ვმეგობრობდი სრულიად გამორჩეულ და გადარეულ ბიჭებთან. ვინც წერთ, კი მოგეხსენებათ, რომ წერას მუზა სჭირდება და ეს მუზა კიდევ, დიდი პრეტენზიული ვინმეა. მოვა, დამხედავს, თავს გადააქნევს, ნწ, ნწ, არ ხარ ფორმაში-იტყვის და დამტოვებს...

ჰო და დღეს მომაკითხა, აშკარად მოვეწონე და ბებიას შვილიშვილი რომ მიუცუცქდება ზღაპრის მოსასმენად, ისე ჩამომიჯდა დივანზე და დიდი, ბრიალა თვალებით შემომცქერის. თითქოს სიტყვასიტყვით უნდა ამომათქმევინოს ის განცდა, სიყვარული და მოგონებები, რომელიც ჩემს მეგობრობას უკავშირდება საპირისპირო სქესთან.

ბიჭებთან მეგობრობა საინტერესოა, დაბრკოლებებით სავსე და ზღვარზე სიარულს ჰგავს. თუმცა, ამაზე მოზარდობისას არასდროს მიფიქრია. თინეიჯერობაში მეგობრობა ხომ დაუძალებლად მოდის. მხოლოდ საერთო ინტერესების, მისწრაფებების და თუნდაც მუსიკალური გემოვნების გამო შეიძლება ემეგობრო ადამიანს. ასეთი ურთიერთობები უძვირფასესია, რადგან არანაირ მერკანტილურ გათვლებზე არ დგას. მხოლოდ ემოციები, სიყვარული და ერთად ყოფნის სურვილი. ზოგადად, ვთვლი, რომ ბედნიერი და იღბლიანი ქალი ვარ, რადგან უამრავ საოცარ ადამიანს შევხვდი დედამიწაზე და მათთან ერთად ცხოვრების უმნიშვნელოვანეს დღეებს ვატარებ. 

ლაშას გაცნობის ისტორიას მოგიყვებით: ჩემი საუკეთესო გოგო მეგობარი მუსიკალურ მაღაზიაში შევიდა, სადაც კასეტებს ყიდულობდა  ხშირად და მაღაზიის მფლობელმა შესთავაზა ლაშაც გაცნობა, რომელიც მელომანი და მუსიკალური გემოვნებით გამორჩეული ბიჭი იყო ქუთაისში. 

ჩემი მეგობარი უყოყმანოდ დათანხმდა. თუმცა, მარტო წასვლა ამჯობინა პირველ შეხვედრაზე. დარწმუნდა რა ლაშას სანდოობაში და გაიგო რა, რომ ეს ბიჭი მუსიკალურ წრეში ტრიალებდა, მეც წამიყვანა და გამაცნო ლაშა, რომელმაც შემდეგ გაგვაცნო რობი კუხიანიძე, მრაჩნი, კაკაჩა, ბუშტია, გაგრა, ბათუმი და საბოლოოდ ეს მეგობრობა „ნიღბების კლუბში“ გადაიზარდა. „ნიღბების კლუბი“ იყო ერთი პატარა ოთახი ქუთაისის ცენტრში, რომელიც რობის დედამ დაგვითმო და რომელშიც მინიმუმ 40 კაცი ვეტეოდით, არ მკითხოთ როგორ? პასუხი არ მაქვს :D

ახლა კი ვიცი რატომაც, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ იყო ასე ცოტა (3 -4) გოგო ნიღბების კლუბში. აქ ნახავდით მხატვრებს, მუსიკოსებს, პოეტებს, მწერლებს, პანკებს, მეტალისტებს, მელომანებს, ქართული როკის მამებს, მსახიობებს, ჟურნალისტებს, ტელე-ოპერატორებს, ფოტოგრაფებს, მდიდრებს, უსახლკაროებს, გამოდევნილებს,  ჩაგრულებს და ყველაზე ჩაკლულ სულებსაც კი. თუმცა, ყველას გვაერთიანებდა თავისუფლების უკიდეგანო შეგრძნება.

ფოტო ლაშას არქივიდან 

ნიღბების კლუბი იყო სივრცე ცენზურის, შეზღუდვების, ვალდებულებების გარეშე. თითქმის აკრძალული მუსიკით, სიგარეტის კვამლით და დამოუკიდებლობის ბინდით გაჟღენთილი. თითქოს სქესი არავის გვქონდა. ყველანი ერთ მეამბოხე, თავისუფლების, მისტიურობის, უსასრულობის ძიებით შეპყრობილი ერთიანი ორგანიზმი ვიყავით, რომლებიც ყოველი თვის 8 რიცხვში კონცერტებს ვაწყობდით, განსხვავებულად ვიცვამდით, ვეწეოდით, ქუთაისურ ლუდს "აიას" , "ბებოს არაყს" ვსვამდით და რაღაც ახლის დამკვიდრებას ვცდილობდით ჩვენს გაღატაკებულ, საბჭოთაკავშირგამოვლილ ქარიან ქალაქში.

ღონისძიებებზე ხანდახან ერთადერთი გოგო ვიყავი და განსაკუთრებით მივლიდნენ, ჩემთვის ყველაფერი მოიძებნებოდა. ამას სულ ვგრძნობდი და ვუფრთხილდებოდი. დროთა განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა ნათლია-ნათლულობაში ან სამუდამო მეგობრობაში გადაიზარდა და ის წლები განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით მავსებს.

 ფოტო კვლავ ლაშას არქივიდან

მაშინდელ პატრიარქალურ, ჩამორჩენილ საზოგადოებაში არ იყო იოლი თამამი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ახლა ჩვეულებრივი ამბავია. ჰო და ვამაყობ, რომ გოგონების პირველ როკ ჯგუფში „მედპერსონალში“ რითმ გიტარაზე ვუკრავდი, რომ ჩემი ერთადერთი სიმღერა „დამანებეთ თავი“ ირაკლი ჩარკვიანმაც კი იმღერა, რომ რობი კუხიანიძემ მითხრა: „გოგო, ამდენი ხანია ვცდილობ ჩემი სათქმელი ვთქვა და შენ ერთი სიმღერით შეძელიო“, რომ უამრავი გოგოსთვის მისაბაძი ვიყავი (ჰაჰ, დღემდე ვარ), რომ შემეძლო საზოგადოების წნეხისგან თავი დამეცვა, რომ წამეკითხა უამრავი „აკრძალული“ წიგნი, რომ მევლო ქალაქის ქუჩებში ბევრ უცნაური გარეგნობის ბიჭთან ერთად (თავადაც დახეული, "ბულავკებიანი" ჯინსებით, ტუჩის ჰარმონიკით და კობეინის მაისურით), რომ წავსულიყავი სხვადასხვა ქალაქებში როკ კონცერტებზე, რომ მეოცნება და ვყოფილიყავი ის, ვინც ვიყავი.

ფოტო ლაშას არქივიდან

დიახ, ეს დიდი ამბავი იყო ბნელ 90-იანებში და ახლაც ასეა. თვითმყოფადობა ყოველთვის რთულია და დიახ, მე მიყვარს სირთულეების გადალახვა. ჩემი ბიჭი მეგობრები ჩემს მეუღლესაც ძალიან უყვარს, უკვე ოჯახებით ვმეგობრობთ. ერთი კვირის წინ სტოკჰოლმში ჩავედი საქმიანი ვიზიტით. რასაკვირველია წასვლამდე ანდრეის მივწერე, მოვდივარ და ხო გცალიათ შენ და ბექას, რომ გნახოთ თქო.  ანდრეი ბოლოს 20 წლის წინ ვნახე ქუთაისში, ბექა კი მხოლოდ 6 წელია არ მენახა. შეხვედრა იყო ჩახუტებისა და სიხარულის! ბევრი ვიარეთ, ანდრეიმ სტოკჰოლმის გიდის როლი მოირგო, დაწვრილებით მიყვებოდა სხვადასხვა ისტორიებს, მეც ვუზიარებდი ჩემს ამბებს, გზადაგზა ფოტოებს ვიღებდით. ბექას მწვანე თმიანი მეუღლე ჩუმად იყო და გვაკვირდებოდა ალბათ აღფრთოვანებით 😊



როცა ძალიან შეგვცივდა, მოგვშივდა და დავიღალეთ, ანდრეის სახლისკენ გავემართეთ. სახლში, სადაც არასდროს ვყოფილვარ, ისე შევაბიჯე, თითქოს დიდი ხანია ვიცნობდი იქაურობას. ბუხართან მოვკალათდი, ანდრეიმ ცეცხლი დაანთო და ალისფერი სხივები მაგიურ ტალღებად ჩაგვეღვენთა სხეულებში, გავთბით, გავხალისდით. სოფომ, ანდრეის მეუღლემ, მექსიკურ სამზერულოს გვაზიარა, რომელიც შვედური დესერტით დაგვირგვინდა და ნამდვილი გემოების ფეირვერკად იქცა.





თუმცა, ყველაფერი წინ იყო. სახლის მახლობლად ანდრეის და სოფოს სახელოსნო ჰქონიათ რომელიც ნიღბების კლუბის თანამედროვე და დახვეწილ ვერსიად წარმომიდგა. უამრავი ნახატი, სხვადასხვა არტ ქმნილებები, ბეწვის კუბო, რომელშიც ბექამ, ანდრეიმ და სოფომ ჩემი ფოტოებისთვის იპოზიორეს, მინი მუსიკალური სტუდია, ანდრეის ბავშვობისდროინდელი მარკების კოლექცია და უამრავი მინიატურული დეტალი შეუდარებელ, კოსმიურ სივრცედ შეიკრა და ერთიანად შემისრუტა!



გიტარა, რომელზეც 20 წელზე მეტია არ დამიკრავს ხელში ავიღე და დავუკარი. საიდან წამოვიდა ნოტები, სიმღერის ტექსტი და მელოდია ალბათ თქვენც ხვდებით. ვიანცეთ, ვიჯერეთ გული და სრულიად გასხივოსნებულები დავემშვიდობეთ ერთმანეთს, იმ საოცარი განცდით, რომელიც მთლიანობის, ჰარმონიულობის, ადამიანად ყოფნის სიხარულს მოაქვს.

მადლიერი ვარ დედამიწაზე ჩემი მოგზაურობით და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ ვისთან ერთად მოგზაურობ, როგორც ეს ჩემმა მოლდოველმა კოლეგამ სტოკჰოლმში მითხრა :) 




 



 

2 comments:

  1. უდიდესი რამაა მეგობრობა, რამხელა ძალას აძლევს ადამიანს.
    ძალიან ვისიამოვნე ამ პოსტით.
    კიდევ მრავალი წელი გაგრძელებულიყოს ეს ურთიერთობა და ახალ-ახალი სიმდიდრით გავსებულიყოს! <3

    ReplyDelete
    Replies
    1. მართლაც უდიდესი ძალის და ენერგიის მომცემია, მადლობა თიკო! მიყვარხართ <3

      Delete