Friday, December 3, 2021

ოსლოს დაიჰმანის ბიბლიოთეკა

გქონიათ შანსი საჯარო ბიბლიოთეკაში ელექტრო პიანინოზე დაგეკრათმე აქამდე არასდროს გამიკეთებია ეს და იცით რატომ? უბრალო მიზეზი, მუსიკალური კუთხე საქართველოს არცერთ ბიბლიოთეკაში არსებობს.

სიმართლე გითხრათ, არც სხვა რომელიმე ქვეყანაში მინახავს თანამედროვე ბიბლიოთეკა, სადაც პიანინოზე, დრამზე ან გიტარაზე დაკვრა შემეძლებოდა. არ ვგულისმხობ საექსპონანტო როიაილებს, რომლებიც სპეციალური ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი და მხოლოდ გამორჩეულ პიანისტებს შეუძლიათ მათთან მიახლოება და დაკვრა.

ვგულისხმობ დაიჰმანის ახალ საჯარო ბიბლიოთეკას, რომელიც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოშია განთავსებული ცენტრალურ ადგილას. ის 1985 წელს დაარსდა, 22 ადგილობრივ ბიბლიოთეკას მოიცავს და ნორვეგიაში ყველაზე ძველი და დიდი საჯარო ბიბლიოთეკების ქსელს წარმოადგენს. 2020 წლის ივნისში დაიჰმანის ბიბლიოთეკა ახალ აშენებულ, თანამედროვე შენობაში გადავიდა და ეს არის ადგილი, რომელიც არაფრით უნდა გამოტოვოთ თუ კი ოსლოს ესტუმრებით.

                                       

შენობა გარედანაც  მომხიბვლელია, მაგრამ შედგამთ თუ არა ფეხს, ჯადოსნურ სამყაროში ხვდებით. სკანდინავიური სუსხისგან შეციებულ სხეულს სასიამოვნო სითბო და საშობაოდ მორთული ნაძვის ხე გეგებება. იქვეა ჭადრაკის დიდი ფიგურები, რომელიც იატაკზეა მოთავსებული და ნებისმიერს შეუძლია ითამაშოს. ელექტრო დაფაზე ბიბლიოთეკის რუკაა წარმოდგენილი, რომელიც პირველად შესულს საუკეთესო გიდობას უწევს. თუმცა, მხოლოდ ტექნოლოგიის იმედად არაა დატოვებული მისაღები. ორი თანამშრომელი ღიმილიანი სახით მოგაწვდით ნებისმიერ ინფორმაციას და დაგაკვალიანებთ ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომი ყველა რესურსის შესახებ.

ოთხსართულიანი შენობა ცნობილმა არქტიტექტორმა ლუნდ ჰაგენმა და Atelier Oslo Architect-მა ააშენეს, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შემდეგ. ხარისხი, პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ადამიანებზე ზრუნვა ყველა კუთხეში იგრძნობა. ყველაფერზე ნაფიქრი და ნამსჯელია, ყველანაირი ასაკის და შესაძლებლობის მქონე ადამიანზეა მორგებული იქაურობა. ესკალატორები, პანდუსები, კიბეები,  სასადილო სივრცე, კაფე, კერძო/პირადი შეხვედრებისთვის იზოლირებული ოთახები, ბავშვებისთვის განკუთვნილი სართული უამრავი საბავშვო წიგნით, აუდიო თუ ვიდეო და ვიზუალური არტ დაფებით, პარკინგის ადგილი საბავშვო ეტლებისთვის, კომპიუტერული სივრცე, მოსასვენებელი, წიგნსაცავი, მულტიმედიათეკა, სუვენირების მაღაზია და ბოლოს მუსიკალური კუთხე, რომელმაც საბოლოოდ აღმაფრთოვანა. 




ელექტრო დრამები, გიტარები და პიანინო მიმზიდველადაა დამონტაჟებული ეკრანებთან ყველა საჭირო ატრიბუტიკასთან ერთად. ელექტრო პიანინოსთან მოვკალათდი. ყურსასმენები მოვირგე და დაკვრა დავიწყე.  შვიდწლედი სოლფეჯიოსა და ფორტეპიანოში წარჩინებით დავასრულე გასული საუკუნის 80-იანებში და მას შემდეგ ფრაგმენტულად ვუკრავდი. თუმცა, ბოლოს ქუთაისში დედაჩემთან სტუმრობისას თუ დავუკრავდი რამე საბავშვო მელოდიას. ახლა კი, მარტო საკუთარ თავთან და ელექტრო პიანინოსთან ყოფნა, ოსლოში, საჯარო ბიბლიოთეკაში, იდუმალებით მოცულ, მყუდრო, მზრუნველ, თბილ და ქუნქულა სამყაროში ყოფნას ჰგავდა. ვუკრავდი აბსტრაქტულ მელოდიას, კლავიშებიდან წამოსული წკრიალა ჟღერადობა იავნანასავით ჩამესმოდა მაღალტექნოლოგიური წარმოების დინამიკებიდან და სიამოვნების ტალღებით ავივსე. რა ცოტა რამ გვაბედნიერებს, რა მცირედით შეგვიძლია ავიდეთ ცაში, გავინავარდოთ ღრუბლებში, შევეხოთ მარადიულობას და კვლავ დავეშვათ მიწაზე, გაკეთილშობილებულები.



დიდხანს გამყვება ის საოცარი განწყობა და შეგრძნებები, რომელიც ოსლოს დაიჰმანის ბიბლიოთეკაში ყოფნისას განვიცადე. ყველაზე ძალიან ახლა ის მსურს, რომ საქართველოშიც გვქონდეს სულ მცირე ერთი ასეთი შენობა, რომელიც ყველა ადამიანს ფართოდ გაუღებს კარს და შეუძღვება ლიტერატურის, მუსიკის, წიგნის მშვენიერ სამყაროში. ადგილი, სადაც ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, საკუთარ თავთან ყოფნის, დასვენების,  შემეცნების და გართობის საშუალებას მოგვცემს.

 

 

 

 

 

 

 

 

2 comments:

  1. იქნებ ჩვენ შვილებს მაინც გაუმართლოთ და ასეთთან მიახლოებულ გარემოში გაატარონ სიყრმის წლები :)

    ReplyDelete
    Replies
    1. დარწმუნებული ვარ გაუმართლებთ თიკო :*

      Delete