კვირის დღეებიდან შაბათი განსაკუთრებულად მიყვარს. ჯერ
ერთი იმიტომ, რომ წინა დღე პარასკევია, ესე იგი სამუშაო კვირის დასასრული და შესაბამისად,
დროში შეუზღუდავი გართობის საღამო, დილით გამოძინების და ლოგინში ყავის დალევის პერსპექტივით. ამასთანავე, ადამიანების უმრავლესობა შაბათობით ისვენებს
და შანსები იმისა, რომ მეგობრები ნახო, ესტუმრო ან გესტუმრონ იზრდება. თანაც, მომდევნო
დღე ხომ კვირაა! ჰო და დღევანდელი შაბათი, სწორედ ისეთი შაბათი გამოვიდა,
როგორიც მას შეეფერება.
პარასკევი საღამო თბილისის
ერთ-ერთ ყველაზე სახლურ კაფეში "მოზაიკა" გავატარეთ და იმდენი ვიცინეთ, შაბათი
დილა სწორედ სიცილისგან ატკიებულმა ლოყებმა შემახსენა. ჩემი სიყვარული შაბათისადმი კიდევ უფრო მას შემდეგ გამძაფრდა,
რაც ლუკინო გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ახლა, როცა ისიც კვირაში 5 დღე ბაღში დადის, უქმეების
ერთად გატარება ყველაზე მნიშვნელოვანია.
თბილისში, შაბათის დაგეგმვა ისე, რომ ბავშვი გაერთოს
და თან სუფთა ჰაერიც ისუნთქოს თითქმის შეუძლებელია. არ არსებობს ისეთი პარკი, სადაც ბავშვის საჭიროებებზე მორგებული გარემოა, უსაფრთხოა და კომფორტული. ამ
თემას ცალკე მივუძღვნი ერთ ბლოგს, იმდენად მტკივნეული და ვრცელია!
მაგრამ, არსებობენ მეგობრები, რომლებიც ყოველთვის შენს
გვერდით არიან და ეს უდიდესი ბედნიერებაა. ერთი ძვირფასი მეგობარი მყავს, ანა ჰქვია.
ჩვენი გაცნობის და დამეგობრების ისტორია ყველაზე სახალისოა და ყოველ ჯერზე, როცა კი
ამ ამბავს ვიხსენებთ, სიცილით ვკვდებით. გიამბობთ ამაზეც, მოგვიანებით. ოჰ, რამდენი
ამბავი დამიგროვდა, ხშირად უნდა ვწერო, რომ ყველაფრის გადმოცემა მოვასწრო :)
ანა საოცარი გოგოა. ლამაზი, ჭკვიანი, მხიარული, გულახდილი,
მშვიდი, დადებითი ენერგიის მატარებელი. მასთან ურთიერთობა იმხელა სიამოვნებაა, რომ
გინდა სულ გვერდით გყავდეს. იცით როგორი ფუსფუსაა? სულ რაღაცას აკეთებს, უგემრიელესი
კერძები გამოსდის და ნამცხვრები? ო, დიდებულია ანას გამომცხვარი ბრაუნი, მმმმმ..
ანა დიდ სახლში ცხოვრობს, თბილისთან ახლოს. სახლის ყველა
სართულზე სისადავე, კომფორტი და სიყვარული გვხდება, უამრავი საქანელით, სავარძლით,
სარწეველა სკამებით და პუფებით. მოკლედ, შეგიძლია მთელი დღე გაიშოტო რომელიმე რბილ
დივანზე, მზეს მიეფიცხო და წრუპო ზურას მიერ დამზადებული ნატურალური წითელი ღვინო...
ანა და ზურა ყველაზე ჰარმონიული წყვილია, ვინც კი ოდესმე
მინახავს. ორი შვილი ჰყავთ. პირველი შვილი, ნიაკო, მათი თანატოლია :)) მეორე კი, 4 წლის წინ
შეეძინათ და ამ ბედნიერებამ, კიდევ ერთხელ და სამუდამოდ შეაერთა ჩვენი ცხოვრების გზები.
ნენე ულამაზესი ბაჭიაა, მტკიცე ხასიათით, გამოკვეთილი ინდივიდუალურობით და საოცარი
გოგოური სინაზით სავსე. სულ გაპრანჭულია, იცის რა უნდა და მზადაა გაგიზიაროს საკუთარი
შეხედულებები სამყაროზე...ნენე ლუკინოს მეგობარია! ისე ითამაშეს მთელი დღე ერთად, რომ
მხოლოდ ერთხელ გაებუტნენ ერთმანეთს, ისიც მცირე ხნით.
ეტყობა, მეგობრობა მემკვიდრეობით გადადის?! თუმცა, ბავშვებს
რას გამოაპარებ? ისინი ხომ ყველაფერს გრძნობენ, თავიანთი უმანკო გულებით?
როგორც მიხვდით, დღეს ანას და ზურას ვესტუმრეთ. სანამ
ნენე სახლში მოვიდოდა, ბებომ ლუკინო კურდღლების სანახავად წაიყვანა. აღფრთოვანებული
დაბრუნდა ლუკი, ეზოში დახტოდა და აღარ იცოდა რითი გაერთო თავი. ანას და ზურას სახლი
და ეზო სავსეა ბავშვის ბედნიერებისთვის საჭირო ყველა ნივთით. იშვიათად ნახავთ ასეთ
გამწვანებულ, ესთეტიურად დახვეწილ და ადამიანის კომფორტისთვის მოწყობილ საცხოვრებელს. ამაში არ იგულისხმება უძვირესი ფუფუნების ნივთები! სულაც არა!!!
ანას დედა შეუდარებელი
მებაღეა, არ არსებობს ხილის და ბოსტნეულის სახეობა, რომელიც მათ ეზოში არ მოიპოვება.
ეს მცენარე ესპანეთიდან ჩამომიტანეს, ეს გერმანიიდან გამომიგზავნეს, ის საბერძნეთიდან -ყვება ბებო და ისეთი სითბოა მის სახეზე, რომ მოგინდება ჩაეხუტო.
ამ სახლში ყველაფერი ნატურალურია, საკვებიც, სასმელიც,
ნივთებიც და სიყვარულიც. რასაკვირველია, სუფრას მივუსხედით და ვერ ჩამოვთვლი რამდენი
გემრიელი კერძი დავაგემოვნეთ, რომელიც მუდამ მოიპოვება ანას სამზარეულოში. ზურა და
ზაზა 'კაცურ' საუბრებში გადაეშვნენ თავით, მე და ანა ეზოში ჩავედით, ლუკინოს და ნენეს
შევუერთდით. ნენე კარნახობდა თამაშის წესებს და ლუკინოც ჯელტმენური მორჩილებით ასრულებდა
ნენეს 'მითითებებს'.
დაჩითულ ბალიშებიან საქანელაში მოვკალათდი. ანამ ყვავილების გადარგვა-გადმორგვას
მიჰყო ხელი, ბებოც ტრადიციულად იქვე ფუსფუსებდა. აივნიდან ბიჭების სიცილი მესმოდა, მზე აცხუნებდა და რამდენიმე წუთით სრულ ნირვანაში ჩავეშვი.
განა, რა ჭირდება ადამიანს ამაზე მეტი ბედნიერებისთვის? ყველაფერი ჩემს
გარშემო იყო- სითბო, სიყვარული, სიმშვიდე, ბავშვები....
სიამოვნებისგან დაბანგული
ვიჯექი და ათიათას მადლობას ვუთვლიდი სამყაროს იმისთვის, რომ იდილიას მაზიარა, ჯადოსნურ გარემოში ყოფნის სიამოვნება
მომანიჭა და დიახ, კიდევ ერთი ულამაზესი შაბათი მარგო წილად....