Saturday, October 6, 2018

პირდაპირობა VS პირფერობა

ესე იგი, პირდაპირი, ენამწარე, ხისტი, არადიპლომატიური  და რა ვიცი კიდე რას არ უწოდებენ (გვიწოდებენ) ადამიანებს, რომლებსაც უყვართ (გვიყვარს) იმის თქმა/დაფიქსირება/აღიარება რაც არის!!!!





პირადად მე, ბავშვობიდან გამოვირჩევი ენამახვილობით და ეს სულაც არაა ის თვისება, რომელიც პოპულარობისა და მასების სიყვარულის მოპოვებაში გეხმარება! თუმცა, ნამდვილ, სხარტ, გონებამახვილ და კრიტიკის მოყვარულ ადამიანებთან დამეგობრების საუკეთესო საშუალებაა!

მოვლენების აღქმა და გააზრება ინდივიდუალურია, მაგრამ ვერსად გავექცევით საუკუნეების მანძილზე დატესტილ და ფესგვადგმულ შაბლონებს, რომლებსაც უპირობოდ ვეთანხმებით. 


ფილოსოფიურობა მახასიათებს, პროვოკაციურობაც. მიყვარს ტაბუდადებული თემების წამოწევა. გამოვირჩევი ისეთ თემებზე დისკუსიით, რომლებზეც თითქმის არავის უყვარს საუბარი და მითუმეტეს კამათი. არ ვერიდები სუბიექტურ შეფასებებს და უამრავი საიდუმლო ვიცი, რომელსაც მხოლო იმ შემთხვევაში გავთქვამ, თუ ფრჩხილებს დამაძრობენ (ახლახანს, ცხოვრებაში პირველად, რკინის კარში სალოკი თითი მოვიყოლე და ტრამვირებული ვარ). 




სოციალურ ქსელებშიც ზოგჯერ ისეთი ტექსტი დამიწერია, რომელიც ჩემს კარიერას,  სამსახურეობრივ მდგომარეობას ან იმიჯს დამუქრებია. ბევრი მეგობარიც დამიკარგავს პირდაპირობის გამო და იმის გამო, რომ ყველა ერიდება უხერხულ, უსიამო, მაგრამ აბსოლუტური რეალობის კონსტანტაციას. 



ჰო და რა მინდოდა მეთქვა თქვენთვის? ის, რომ ძალიან მალე 40 წლის ვხდები, ვაწყობ გრანდიოზულ დაბადების დღეს, სადაც იქნებიან ადამიანები მსოფლიოს მრავალი კუთხიდან, რომლებიც მიყვარს იმის გამო, რომ შემიყვარეს ისეთი, როგორიც ვარ: უზომოდ კეთილი, თავდადებული, გაბედული, შრომისმოყვარე, მხიარული, გენიალური და ვთვლი, რომ ისინიც ზუსტად ასეთები არიან! (კი, ზუსტად ასეთად მივიჩნევ თავს!!!) 



თქვენ გგონიათ გულახდილობა და გულწრფელობა იოლია და არ მოითხოვს ძალისხმევას? მოითხოვს, თან მერე როგორ!  განა იოლია მეგობარს უთხრა, რომ იაფფასიანი ხრიკით მოქმედებს კონკრეტულ სიტუაციაში? ან მიახალო პირდაპირ სახეში, რომ მისი ესა თუ ის დამოკიდებულება ცდება ადამიანურობის განმარტებებს? ან უცებ, სრულიად რაფინირებული ღონისძიების ფურშეტზე გაანდო შენი სულისა და სხეულის ბნელი ლაბირინთები? ან საკუთარ თავს გამოუტყდე უამრავ სისუსტესა და ცდუნებებში?

არაა! არც ერთია იოლი! არც ერთი არ ჩაირბენს უკვალოდ! ძალიან ბევრჯერ მიკითხავს საკუთარი თავისთვის, რატომ მოვიქეცი ასე? რა მრჯიდა? რამდენჯერმე მინანია გულახდილობის გამოვლინება, თუმცა დროებით! რადგან, პირფერობა ყველაზე ცუდი რამეა, რისი შემოთავაზებაც ადამიანსა თუ გარესამყაროს შეუძლია ჩვენთვის. 



იმის თქმა მინდოდა, რომ მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ, ვუთხრათ ერთმანეთს რა არ მოგვწონს, რა გვაღიზიანებს, რისი გამოსწორება შეგვიძლია ერთად თუ ცალცალკე. ასე უფრო იოლი გახდება თანაცხოვრება, ნაკლები ნიღაბი დაგვჭირდება,ნაკლები თვალთმაქცობა და ჩვენს მიერ გატარებული დრო დედამიწაზე უფრო ნაყოფიერი და უარეს შემთხვევაში, იმაზე უფრო სახალისო იქნება, ვიდრე ახლა არის.  უამრავი შეცდომა დამიშვია როგორც პირად ისე პროფესიულ ურთიერთობაში, ვმუშაობ საკუთარ თავზე და ვცდილობ არ ვიყო ცუდი, ყალბი, არამისაბაძი. 

პ.ს. ჩემი პოსტები სულ რაღაც მოწოდებებით მთავრდება, თქვენზე ჭკვიანი არ გეგონოთ, უბრალოდ მგონია, რომ შეძახილს ანუ სიტყვას დიდი ძალა აქვს!


Saturday, June 23, 2018

შეუწყნარებლობა, KayaKata და ბრაზიანები

უცნაური ჩვევები ყველას გვაქვს და რაღა თქმა უნდა მეც! ბავშვობიდან ვიღვიძებდი მუდმივად ცუდ ხასიათზე. მთელი დილა უჟმური სახით დავდიოდი და გარშემო მყოფებს ვაფრთხობდი. მერე როცა მივხვდი, რომ ეს შეგრძნება აბსოლუტურად უსაფუძვლო და ყოვლად უსარგებლო იყო, დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა და ვცდილობდი, რომ "დაღრეჯილობა" გადამეზარდა სასიამოვნო განწყობაში. გამომივიდა, თუმცა საკმაოდ ბევრი დრო დამჭირდა უვარგისი ჩვევის დავიწყებისთვის. 



ჰო და, რა შუაშია ახლა ეს ყველაფერი შეუწყნარებლობასთან?! ლეპტოპთან ვზივარ, უცებ Tbilisi Open Air/Altervision-ის ლაივი ირთვება, სადაც KayaKata დგას მთავარ სცენაზე. ვინც არ იცით ამ ჯგუფის თუ უფრო პროექტის შესახებ, გეტყვით, რომ ეს არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც თანამედროვე მუსიკის მეშვეობით გამოხატავენ შინაგან ემოციას, პროტესტს უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც მრავლადაა ჩვენ ქვეყანაში. გვერდით უდგანან ნაცნობ თუ უცნობ დებს/ძმებს, რომლებიც სახელმწიფო მანქანის ბრჭყალებში აღმოჩნდებიან ნებსით თუ უნებლიეთ. 



KayaKata-ს სოლისტი მაქსიმე მაჩაიძე, საქართველოში ელექტრონული მუსიკის "მამის" ნიკა მაჩაიძის შვილია. ნუ, აქ ახლა არ ჩავუღრმავდები გენეტიკის ფსიქოლოგიას და არ განვავრცობ თეორიას "როგორ შეიძლება მისი შვილი სხვანაირი ყოლიფილიყო", მაგრამ ვერ წარმომიდგენია ნიკა მაჩაიძის შვილი მაგალითად გენ. ინსპექციის თანამშრომლად 👀👀👀

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მაქსი ინტერნეტით გავიცანი ( youtube-ზე მოვისმინე) და მომეწონა, რადგან გულწრფელია და მსმენელამდე დაუზიანებლად მოაქვს ის ენერგია, რაც მასში ტრიალებს. ეს უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევაა არტისტისთვის და არ ვიცი რამდენადაა შესაძლებელი მისი დასწავლა (თუმცა, ადამიანს ყველაფრის სწავლა შეუძლია)!

ჰო და, ვზივარ ზაფხულის ცხელ ღამეს ლეპტოპთან, იმიტომ რომ Open Air-ზე უკვე მეორე წელია აღარ ვყიდულობ აბონემენტს. არც ლაინაფი მომწონს დიდად, სამეგობრო წრეც მოდუნდა, ბავშვი სად დავტოვო ამბავიცაა, მაგრამ არანაირად ასაკი....თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ Open Air ცუდია, უბრალოდ, მე აღარ მაკმაყოფილებს მუსიკის სტანდარტი. ..



Tbilisi Open Air-ის ლაივის ყურებაში გავერთე და კომენტარებმა შემაწუხა. გასაგებია, რომ ჩვენი მშობლების ასაკის ხალხს არ მოწონდეს ბიჭები საყურეებით, ტატუებით, ნახევრად ჩახდილი შარვლით, ვერ გებულობდეს მის ინგლისურ-ქართულ ტექსტებს და ვერც იმას, თუ რატომ დარბის ბზიკის ნაკბენივით სცენაზე რამდენიმე ახალგაზრდა. მაგრამ what about new generation? ვეკითხები საკუთარ თავს ინგლისურად და აქვე გამახსენდა ჩემი ყოფილი მოსწავლის და საუკეთესო ადამიანის ნათქვამი, როცა წლების მერე შევხვდით ერთმანეთს:  "მირჩიე ინგლისურად იფიქრეო და ეს დაგეხმარება ენის სწრაფად შესწავლაშიო". თან გამეცინა და თან მესიამოვნა. არ ვიცი საიდან მომივიდა ეს აზრი, მაგრამ არ ჟღერდა ურიგოდ 😅


ანუ ჩვენ (ნუ მე უკვე ძველი, მაგრამ ჩემს მშობლებზე უფრო ახალგაზრდა თაობა) ვფიქრობთ, ვაზროვნებთ, ვწერთ, ვურთიერთობთ რამდენიმე ენაზე და ეს იმხელა თავისუფლების განცდას იძლევა, რომელიც "ებრაელებში უთოს პირად" ნაყიდ ჯინსს და ადიდასის ბოტასებსაც ვერ შეედრება. ასე რომ, არ ვამუნათებ კომუნისტების დროინდელ ხალხს, მაგრამ მიკვირს 21-ე საუკუნეში (ან მეოცის მიწურულს) დაბადებულების, როგორი აგრესიულები, შეუწყნარებლები და ცოტათი ხეპრეები არიან. 




შე ოხერო, ზიხარ სახლში, სავარაუდოდ დიდი არაფერი გაგიკეთებია ცხოვრებაში. ზიხარ და დაუზარებლად ლანძღავ ადამიანებს, რომლებიც მოძრაობენ, ცდილობენ არ ჩამორჩნენ თანამედროვე ცხოვრების რითმს, სამოქალაქო აქტივიზმში არიან ჩართული და ბოლოსდაბოლოს მუსიკას აკეთებენ! ფანები ჰყავთ! ყველაზე პოპულარული ფესტივალის მთავარ სცენაზე დგანან!!

რას ილანძღები, იბოღმები და კვდები! გაერთე, ისიამოვნე, დააკვირდი, მოისმინე, ჩაუღრმავდი... ეგებ შენც ისწავლო რამე, ეგებ იმხელა შთაგონება გეწვიოს, რომ შენც ამოძრავდე....

Nope! ძალიან გაიზარდა აგრესიის დონე მოსახლეობაში და მიზეზი ბევრია, თუმცა, გასასამართლებელ საბუთად მაინც არ გამოდგება.

სანამ საღამოს აგრესიას შევიგრძნობდი, მანამდე სოციალური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი ტელე პროექტის "წიგნების თაროს" წევრს, ახალგაზრდა ავტორს, დღისით, მზისით ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ნასვამი მოქალაქე!!! სრულიად უმიზეზოდ, უბრალოდ თვალში არ მოუვიდა ყვითელი მაისური და "არავაჟკაცური იერი"! 



ამაზე უფრო დიდი შეუწყნარებლობა რაღა გინდათ? მიდის ადამიანი, თავისთვის, არაფერს აშავებს, შენ კი ურცხვად არღვევ მის პირად სივრცეს და თხოვ აბსურდული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას! რა არ გასვენებს? რა გაღაზიანებს? ფერები? ხო გასაგებია, რომ ილიკო სუხიშვილი (უფროსი) კინაღამ ჯვარზე აცვეს ქართველი ვაჟკაცის ჩოხა რო გააფერადა და შავის ნაცვლად, წითელი, ლურჯი და თეთრი გახადა გაგანია კომუნიზმის დროს! მაგრამ ეს ხომ წინა საუკენეში იყო? რით ვერ გამოხვედი გამოქვაბულიდან? რით ვერ ირგებ ლურჯ ცას, მზის სხივებს, მშვიდობას, ჩიტების ჭიკჭიკს? 

ანგელოზი არავინაა, ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ფობიები, შეუგუებლობა, მოუწონებლობა, მაგრამ სიძულვილი? დაუშვებელია! აბსოლუტურად მიუღებელი! 

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ დილით მანქანა ისე შევაჩერე მაღაზიის წინ, რომ ოდნავ უხერხულობას ქმნიდა მოძრაობაში, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა მქონდა, ავარიულები ჩავრთე და დაძაბული ველოდი როდის დავიძრებოდი იქედან. თუმცა, ამასობაში Land Rover-ზე ამხედრებულმა ქალმა სიძულვილით გადმომძახა "დებილი ხაარ?" ნუ, გრძელი სიგნალი რისი ნიშანია არც თქვენ გეშლებათ და დავაწიე გზაში! თუმცა, წარმოიდგინეთ რამდენი აგრესიული ენერგიის მიმოცვლა გვიწევს დღის განმავლობაში, რომელიც სრულიად უადგილო, დაუმსახურებელი და ზედმეტია!


ჰო და მეგობრებო, ნუ შეარცხვენთ წინაპრებს და ტოლერანტული საქართველოს იმიჯს, ასე სასტიკად და დაუნდობლად ნუ გააცამტვერებთ!

სანამ სხვას გაკიცხავთ, დასცინებთ ან დაჩაგრავთ, მანამდე საკუთარ თავს დააკვირდით, თქვენივე ცხოვრების წესი და შედეგები შეაფასეთ და ყოველ დღე თქვენს თავს ჰკითხეთ "ნეტა დღე თუ ვინმეს ვარგე"?!!?

იმუშავეთ საკუთარ თავზე, შეიქმენით დადებითი განწყობა, მოიშორეთ უხასიათობა, მიუტევებლობა, გამოდით ჩარჩოებიდან და შეხედეთ მსოფლიოს ცოტა სხვა რაკურსიდან! მე თუ შევძელი დილის უჟმურობის დაძლევა, თქვენც შეძლებთ! მრავალფეროვან სამყაროში ცხოვრებას რა ჯობია!


ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ ყველას და წინ კიდევ უამრავი გემრიელი ბლოგპოსტი გელით გერმანიაში მოგზაურობაზე, სუხიშვილების კონცერტზე და გენიალური რობერტ პლანტის კონცერტზე.