თითქმის ყოველ დილით ავდივართ მე და მაქსიმილიანი კუს ტბაზე. კუს ტბა ქალაქის ცენტრიდან არც ისე მოშორებული ადგილია, სადაც ხელოვნური ტბა, ტყის საფარი, ბულბულების ჭალა, ველო და საფეხმავლო ტრასა, მუნიციპალური სავარჯიშო სივრცე, ფასიანი ფრენბურთის მოედანი, სეზონური სცენა, სასეირნო ბილიკი და რამდენიმე კაფეა განთავსებული.
კუს ტბის გარშემო ყველას თავისი ადგილი აქვს ნაპოვნი. მაგალითად, თბილისის კოლორიტებსა და ძველად ყველაზე პოპულარულ ტიპებს ფრიად სახარბიელო და სტრატეგიული ობიექტი აქვთ დაკავებული, ღია ვერანდიანი პატარა სახლური კაფე, რომელსაც მხოლოდ ერთი თანამშრომელი ჰყავს- ქეთი, ქეთო, ქეთუშა, რომელიც საოცარ ყავას ხარშავს! დილიდან ომახიანად ყვებიან ამბებს ტკბილი და რაც მთავარია ახალგაზრდული წარსულიდან, მზეს ეფიცხებიან, ნაოჭებს სიგარეტის კვამლში ფარავენ და თურქული ყავის არომატს აყოლებენ გარდასული დღეების სევდას. აქ ყველა ერთმანეთის მეგობარია, მტრობა დასრულებულია! ერთმანეთს ეფერებიან, ეარშიყებიან, ბოლო ხმით იცინიან და უცხოს არ იკარებენ. თითქოს საკრალური წრეა, სადაც "ახალის", "უცნობის", "გამოუცდელის" ადგილი აღარ დარჩა.
უფრო "პრესტიჟულ" კაფეებში შედარებით ახალი თაობა 'აბირჟავებს". ზეპირად ვიცი ეს სახეები, მათი ტანსაცმელი და აქსესუარებიც კი. ისიც, ვინ რომელ ყავას სვამს. მაგალითად სამი ძმაკაცი, რომელიც ყოველ დღე მხოლოდ ერთსა და იმავე დროს ამოდიან კუს ტბაზე, არასოდეს ვარჯიშობენ, ერთ წრეზეც კი ძლივსძლიობით მიდიან. მერე კონკრეტულ კაფეში შევლენ, მაღაზიიდან წამოღებულ ერთჯერად ყავას აძლევენ ბარმენს, საათობით სხედან მზიან ვერანდაზე, გაუთავებლად ეწევიან, ხმამაღლა განიხილავენ ყველა აქტუალურ თემას-აუუუ, წაგვლეკეს გეებმა ტოოო, ეს არასამთავრობები, გრანტიჭამიები, ეს ოპოზიციაა? არაფრის მაქნისები! ახლა კიდევ ქალების უფლებებიო, როდის იყო ქართველი ქალი დაჩაგრული ტოოო, აუუ ნახე რა ვიდეო დადო ამ დედა..... მა და ვიღაცის მიერ სოც. ქსელში გაზიარებულ ვიდეოს ხმამაღლა უსმენენ! დაუსრულებელია მათი დიალოგები...... ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვა, ნეტა რას უზიხარ და უსმენ ასეთებს?! მაგრამ მეც მიყვარს ის კაფე, მეც მინდა ვიჯდე მზიან ვერანდაზე, გადავყურებდე კუს ტბას და ჩემს საყვარელ ამერიკანოს მივირთმევდე ჩიზქეიქთან ერთად. მაგრამ ვინ გაცდის?... ჰო და ვდგები და მივდივარ, რომ ნერვებიც დავზოგო და მასქიმილიანის ძილიც არ დავაფრთხო....
თუმცა, კუს ტბაზე ასევე არიან ტიპები, რომლებიც სიცოცხლის ხალისით აგავსებენ, მოტივაციას აგიმაღლებენ და განწყობას გამოგიკეთებენ. მათაც კარგად ვიცნობ, ყოველ დილით ვესალმებით ერთმანეთს, ვსაუბრობთ ვარჯიშისგან გამოწვეულ სირთულეებსა და სიკეთეებზე, მეტი მონდომებით ვასრულებთ თითოეულ მოძრაობას და თავს ვიწონებთ შედეგებით. რამდენიმე მათგანი საკმაოდ ასაკოვანია, თუმცა სხეულს კარგად ფლობენ და თავდაუზოგავად ცდილობენ წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.
კუს ტბას თავისი ძაღლები და ფისოებიც ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ საჭმელ-სასმელი არ აკლიათ, მეც ხშირად ვუმასპინძლდები და მათი კეთილგანწყობაც მოვიპოვე. აი, ჩიტები კი ვერაფრით "მოვიშინაურე". მხოლოდ შაშვის და ბულბულის გადაღება მოვახერხე და ისიც უხარისხოდ. მაგრამ მათი ჭიკჭიკის მოსმენა და იმის ცქერა თუ როგორ ეგებებიან გაზაფხულს, მზის სხივებს, ერთმანეთს, ერთი დიდი სიამოვნებაა.
წიგნის მკითხველთა კლუბიც მოიპოვება კუს ტბაზე. თუ მაქსიმილიანი ძილის ქვეყანაში დიდხანს მოგზაურობს და შემიძლია უფრო ხანგრძლივან ჩამოვჯდე, მეც მივეკედლები ხოლმე ტბასთან ახლოს დამონტაჟებული სკამების რიგებს და გადავეშვები ვიღაცის მიერ გამოგონილი სამყაროს ტალღებში... აი, ასეთია ჩემი კუს ტბის დღეები და ვაღიარებ, რომ ძალიან მიყვარს, თავისი მრავალფეროვნებით, ჯანსაღი თუ არაჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარული ხალხით, ცუგებით, ფისოებით, ჩიტებით, ციყვებით, იხვებით და ყველა ბალახითა თუ ბუჩქით, რომელიც ამ ხელოვნური ტბის გარშემო მოძრაობს.