Saturday, October 31, 2020

ცოტა რამ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ

ივლისის თვეში, არასამთავრობო ორგანიზაციამ "საფარი"  საზაფხულო ონლაინ სკოლაში მიღება გამოაცხადა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების შესასწავლად. ბუნებრივია დავინტერესდი, დავწერე სამოტივაციო წერილი და CV-სთან ერთად გავგზავნე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ძალიან გამიხარდა, როცა დასტურის წერილი მივიღე პასუხად და პირველ სექტემბერს დავიწყე სწავლა ზუმის პლატფორმის მეშვეობით.



ბევრი ჭკვიანი და საინტერესო საქმეს შეჭიდებული ქალი გავიცანი. ტრენერი კი, დიდი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ავსტრიელი პროფესორი ელიზაბეტ კლაცერი გახლდათ, რომელიც ჩართული იყო აქტივიზმში, ლობირებასა და სწავლებაში ქალთა ეკონომიკური უფლებების გასაუმჯობესებლად.  

ელიზაბეტი, ცოდნის გაზიარებესთან ერთად გვაძლევდა მოტივაციას და  გვაჩვენებდა საუკეთესო პრაქტიკებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, თუ როგორ შეცვალეს ქალებმა ან ზოგჯერ ერთმა ქალმა რეალობა  და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ონლაინ დისკუსიები ისე მიყავდა, რომ ახლებური პერსპექტივიდან დაგვენახა ისეთი საკითხები როგორიცაა: გენდერული ბიუჯეტირება, გენდერულად სენსიტიური მთავრობა, გენდერული დაბეგვრაც კი! ბევრი ისეთი რამ გავიგე, რომელზეც აქამდე არც კი მიფიქრია და ამ პროექტში მონაწილეობა გახდა ჩემი ახალი ინსპირაციის წყარო! 


ბრწყინვალე გოგოებთან ერთად ძალიან საჭირო და კარგი საქმის კეთება უნდა წამოვიწყოთ. იდეები გვაქვს! მეტი კომპეტენცია, ადამიანური და ფინანსური რესურსის მობილიზება გვჭირდება და მხოლოდ ქალებისთვის კი არა, მთლიანად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას დავიწყებთ! საიდუმლო არაა რასაკვირველია, მაგრამ მირჩევნია ჯერ სათანადოდ მოვემზადოთ და შემდეგ გაგიზიაროთ ამ სიახლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია. მანამდე კი საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჩემს მიერ მომზადებულ ბლოგს გაეცანით. 


Tuesday, October 20, 2020

ამერიკა

ამერიკაზე როდის ვოცნებობდი აღარც კი მახსოვს. თუმცა, იმ გრძნობას რა დამავიწყებს, როდესაც ამერიკის საელჩოდან გამოვედი პასპორტში უარით! ეს იყო 1998 წელს. ვისაც არ გახსოვთ იმათთვის დავწერ, რომ მაშინ საქართველოში ცხოვრება არ არსებობდა, ეს იყო ჯოჯოხეთი, ისეთი, როგორიც ყველაზე საშინელ წიგნშია აღწერილი და ზუსტად ისეთი, როგორიც ოდესმე გამოგივლიათ ან განგიცდიათ!

მთელი ბავშვობა მოგზაურობაში გავატარე. კი, საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდი, მაგრამ დედაჩემის დამსახურებით პრესტიჟულ ქართულ ხალხურ ანსამბლში ვცეკვავდით მე და ჩემი ძმა და თითქმის ყველა საბჭოთა ქვეყანა „ფეხის წვერებზე“ შემოვიარეთ! თინეიჯერობისას, როცა ხალხური ცეკვა კი არა ლუკმა პური და უსაფრთხო გარემო გახდა სანატრელი, გაქცევაზე დავიწყე ფიქრი და სად თუ არა ამერიკაში უნდა შეაფარო თავი, თავისუფლებამოწყურებულმა და სოციალისტური, დანგრეული, ტრანზიციაში მყოფი საზოგადოების ბედრკულმა წევრმა?!

მოგეხსენებათ თაღლითები მრავლად აღმოცენდნენ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ და მსგავსი სქემის მეშვეობით მეც მხვდა წილად ეგრეთ წოდებული „მოწვევა“, რომელიც ყოველგვარი მხარდამჭერი საბუთების გარეშე გავაქანე აშშ-ს საელჩოში, თბილისში. ის თრთოლვა და შიში, რომელიც ტყუილის თქმის დროს განვიცადე, როცა კონსული მეკითხებოდა, რატომ მიდიხართ ამერიკაშიო, არასდროს დამავიწყდება. ჩემი გეგმა სულაც არ იყო მხოლოდ თავისუფლების ქანდაკების და ნიაგარას ჩანჩქერის ხილვა. ჩემი ოცნება თავისუფლად სუნთქვა იყო, ბედნიერად ცხოვრება, სადაც თვითგამოხატვისთვის ხატზე არ გადაგცემენ, სადაც სვირინგს და ტატუებს არ ითვლიან და ამისთვის არავინ გაგკიცხავს, სადაც იმ მუსიკას მოუსმენ, რომელიც შენს სულს ესალბუნება და იმაზე იმღერებ, რაც გტკივა თუ გიხარია!

მეორე შანსიც მომცა იმ კონსულმა. ვუთხარი, რომ ქუთაისში, გაეროს ასოციაციის ოფისში ვმუშაობდი და დამადასტურებელი დოკუმენტის მოტანა მთხოვა. „მეგობარმა“ რომელმაც საბუთი მომცა, ფულიც გამომართვა და ისიც იცოდა, რომ მხოლოდ ის „საბუთი“ არანაირ დამადასტურებელ ფურცელს არ წარმოადგენდა, მაგრამ წარბიც არ შეუხრია. თუ ამ ბლოგს წაიკითხავს, მინდა რომ შერცხვეს და გაწითლდეს, იმის გამო, რომ უბრალოდ კი არ მომატყუა, ოცნებები ჩამიყარა წყალში!

ასე იყო თუ ისე 18 წლის ასაკში ამერიკაში ვერ წავედი და იქ დავასრულე ოცნება ოკეანის მიღმა ცხოვრებაზე.

რასაკვირველია თავი ავწიე, ღრმად ამოვისუნთქე და განვაგრძე სვლა თავისუფლებისკენ, განათლებისკენ, ბედნიერებისკენ და ასეც ვიცხოვრე! უამრავი ქვეყანა მოვიარე, მარტომ, ოჯახის წევრებთან ერთად, სამოგზაუროდ, სწავლისა და სტუმრობის მიზნით. მხოლოდ მეგობრის დაბადების დღის საზეიმოდაც კი მიმგზავრია ევროპაში.

გამოხდა ხანი და ამერიკა მოვიდა ჩემთან! ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის, ოცნების, წვალების და მხარდამჭერი დოკუმენტაციის გარეშე გავფრინდი ამერიკაში. ეს ის დროა, რომელიც არასდროს არავის დაგვავიწყდება! კოვიდის დრო! საყოველთაო კარანტინის, შეზღუდვების, ჩაკეტილობის და შიშის დრო! მაგრამ მე რა მორეტა ვიქნებოდი, თუ სწორედ ასეთ დროს არ გავემგზავრებოდი ოკეანის გაღმა, ამერიკაში! ამერიკის შეერთებული შტატები სამუდამოდ შემიყვარდა და ამის მიზეზს ვერ აგიღწერთ, იმიტომ რომ არ დაიჯერებთ! საკუთარი თვალით უნდ ნახოთ და საკუთარ ტყავზე გამოსცადოთ!

დიახ, მე მიყვარს ამერიკა! Land of opportunity! ჩემი ამერიკული ოცნება ახდა! სიყვარულით სავსე დავდივარ სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში და ბედნიერების განცდა არ მტოვებს, რომ აქ და ახლა, ამერიკაში ვარ! ოდნავ პათეტიკურად ჟღერს ეს სიტყვები და არ მყოფნის ძალა გადმოვცე ყველა ფიქრი და ემოცია, რომელიც მათ მიღმა დგას, მაგრამ დამიჯერეთ, იმაზე უკეთესი არაფერია, როცა ყველაზე სანუკვარი ოცნება ახდება და ამით ტკბობა შეგიძლია!

მოვა დრო და უფრო დაწვრილებით დავწერ „მორეტას მოგზაურობა ამერიკაში“ ან „ორმოცდამეორე დაბადების დღე ამერიკაში“, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ამ ემოციურ ტექსტს გიზიარებთ და ყველას გისურვებთ ოცნებების ახდენას!