რა სწრაფად გადის დრო?! ყველაზე ბანალური და აქტუალური წინადადება დღევანდელობაში. და მართლაც, რა სწრაფად გასულა დეკემბრის 30-ს შემდეგ დღეები, კვირები, თვეები და მხოლოდ აპრილის დასაწყისში მოვაკითხე ჩემს მცირე თავშესაფარს. თავშესაფარი რა არის? ადგილი, სადაც ვიმალებით თუ ადგილი, სადაც თავს უფრო მყუდროდ და უსაფრთხოდ ვგრძნობთ? თუმცა, დღეს უსაფრთხო აღარსადაა, საკუთარ თავთანაც კი, მონასტერშიც კი, სადაც უსახლკაროდ დარჩენილ დედაოს, რომელმაც საკუთარი ხელით ააშენა მონასტერი, შიგნით არ უშვებენ?!
ბლოგის გაკეთებას რომ ვგეგმავდი, მეგონა ყველაფერზე დავწერდი, მაგრამ ნურასუკაცრავად! ვერაფერზე ვეღარ ვწერ, აზრი დაეკარგა წერა-კითხვას, პროტესტს, ბრძოლას, ნიჰილიზმსაც კი!
საქართველოდან ბევრჯერ წავედი, დარჩენის შანსი ყოველთვის მქონდა, მაგრამ მუდამ უკან ვრბუნდებოდი. რაღაცნაირად, ვალდებულად ვგრძნობდი თავს, რომ ჩემი წვლილი შემეტანა ამ გასაცოდავებული ქვეყნის განახლებაში. ვცდილობდი და ვიმედოვნებდი რომ, თუ ჩემნაირად ბევრი იფიქრებდა, გადავარჩენდით საქართველოს. როდესაც დამოუკიდებლად პირველად დავტოვე ქვეყანა, მაშინაც კი ვთხოვდი ჩემს თანატოლებს, რომ ერთიდაიმავე დღეს გვეყიდა ბილეთები და ჩავფრენილიყავით საქართველოში ყველანი ერთად, გავერთიანებულიყავით და დაგვეწყო რეალური საქმის კეთება. მაგრამ გამოუსწორებელი ოპტიმისტი და პატრიოტი მიწოდეს და არაფერი გამომივიდა ამ იდეიდან..... თუმცა, მე ვბრუნდებოდი გერმანიიდან, ნორვეგიიდან, ბრიტანეთიდან და ვცდილობდი ყოველ ჯერზე მერწმუნა, რომ წინ წავედით, განვვითარდით, გავნათდით. „ოფენ ეარზე“ მარტო იმიტომ მიხაროდა მისვლა, რომ პროგრესული, ნათელი გონების, თავისუფალი ქართველები მენახა!
დღეს 3 აპრილია, 2021 წელი! პანდემიის, ერთწლიანი ჩაკეტილობის, სიკვდილიანობის, გაღატაკების, რუსეთიფიკაციის, ლარის გაუფასურების, მთავრობის სინდისგარეცხილობის, მოტყუებულობის, იმედგაცრუების წელი! ვზივარ და ვფიქრობ გამოსავალზე და არაფერი მახსენდება გადასახლების გარდა! ყველა ემიგრანტი, რომელმაც 1921 წლის შემდეგ დატოვა სამშობლო, ჩემში ატირდა ☹ არაფერია იმაზე მწარე, (რუსული "ჩექმაც" კი) ვიდრე საკუთარი მთავრობის მიერ განწირულად თავის გრძნობა!
ჯოჯოხეთი გამოვიარეთ 90-იანებში! არც 2000-ებმა დაგვაკლო და ჰოი საოცრებავ! 2020-ს გავცდით და ჩვენ კვლავ ჯოჯოხეთში ვართ! ოღონდ, აღარც კი ვიცი ეს უფრო ღრმა უფსკრულია თუ ის, რომელიც უკან მოვიტოვეთ??? იქნებ, არც არაფერი მოგვიტოვებია უკან და კვლავ იქ ვართ, საიდანაც ამოსვლას ვლამობდით???
ღმერთმანი! ძალიან მიმძიმს! ყველას გვიმძიმს! ალბათ ძლიერნი ამა ქვეყნისანიც თავისებურად დასევდიანებული არიან, ვინაიდან ამერიკის მოქალაქე ცნობილ რუსთან გართობაც კი არ დასცალდათ!
რა გითხრათ, ან ჩემს თავს რა ვუთხრა? ჩემს შვილებს რა ავუხსნა, როცა უამრავ შეკითხვას დამისვამენ თუ რატომ ვერ ამოვედით ჭაობიდან? რატომ ვერ მოვიხსენით რუსის ბორკილები? რაში დავხარჯეთ ევროკავშირისგან და ამერიკიდან მიღებული მილიონები? რატომ არის დიდი, დაჟანგული გაზის მილებით დამახინჯებული არემარე და რატომ არ გვაქვს კანალიზაცია, წყალი და დენი უწყვეტად? დედაქალაქი რატომ ვაქციეთ ბეტონის ჯუნგლებად და მეწყერსაშიშ ზონად? რატომ ავაშენეთ ამდენი ჰესი? რატომ ამოვთხარეთ თვალი მაკოს და რატომ მოიკლა თავი ნინიმ? მთავრობიდან რატომ არავინ მივიდა დათა ივანიშვილის პანაშვიდზე და რატომ იჯდა გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე????
შარშანდელი ოსკარების გამარჯვებულ ფილმს „პარაზიტებს“ ვუყურე ახლახანს და ემოციები სიტყვებად გადმომეღვარა! ზოგჯერ სასტიკი და ულმობელია გარშემო ყველაფერი...