Monday, June 26, 2017

რამ შემქმნა ფემინისტად?

"ფემინისტური ხასიათის იდეები პირველად ძველ ჩინეთში გამოჩნდა, თუმცა მისი თეორიის ჩამოყალიბება მეთვრამეტე საუკუნეში დაიწყო. ამ თეორიის ჩამოყალიბების მთავარი ბიძგი 1776 წლის "ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარიაცია" და 1789 წლის 'ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია" იყო, რომლებიც განმანათლებლობის ეპოქის ოპტიმიზმს ასახავს.  მე-18 საუკუნე „განმანათლებლობის“ ეპოქად არის მიჩნეული, თუმცა იმ ეპოქის მოაზროვნეები ცნებაში „რაციონალური ადამიანი“ / „The man of reason” მხოლოდ მამაკაცებს გულისხმობდნენ. ქალებმა არაფრად ჩააგდეს იმ დროინდელი მოაზროვნეების ვოლტერის, დიდროს, მონტესკიეს, რუსოს განსჯანი იმის თაობაზე, რომ ქალები არსებითად ემოციების ქმნილებები არიან და რომ მათ ბიოლოგიური თავისებურებების გამო არ შეუძლიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. სწორედ ეს ფაქტები მოიაზრება ფემინისტური აზროვნების ჩამოყალიბების მთავარ მიზეზად- ეს ინფორმაცია ვიკიპედიიდან გადმოვიტანე, რომ თეორიული, უფრო სწორად კი საჯარო განმარტება გამეცნო თქვენთვის (თუ აქამდე არ იცნობდით). 


ფემინიზმს ბევრი მტერი ჰყავს და უამრავი მოსაზრება არსებობს უნდა უწოდო თუ არა თავს ფემინისტი. ჩემი პასუხი ამ დილემაზე არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი! დიახ, ყველა ქალმა უნდა უწოდოს თავს ფემინისტი!  რადგანაც ეს არის ერთადერთი გზა გადარჩენისთვის, თვითდამკვიდრებისთვის, ბრძოლისთვის, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ დაიწყო და იმ მონაპოვარის შენარჩუნებისთვის, რაც აქამდე მოგვიტანა ფემინიზმის მრავალგვარმა სახეობებმა: ლიბერალური, რადიკალური,ლესბოსური, ეკოფემინიზმი, მარქსისტულ-სოციალური, ანარქისტული, ე.წ. შავი ფემინიზმი, ანტირასისტული, ეგალიტარული, კულტურული, ნეოფემინიზმი, პოსტკოლონიალური, ფსიქოანალიტიკური, ჰუმანური, პოსტსტრუქტურალისტური, პოსტმოდერნისტული და ა.შ
წლების წინ მე, როგორც უმრავლესობა ქალებისა, არ ვაღიარებდი, რომ ქალზე ძალადობა ჩვენი საზოგადოების უდიდესი პრობლემაა, რომ ქალებს ბევრი უფლება შეზღუდული გვაქვს, რომ უამრავი ქალი იტანჯება იმის გამო, რომ არჩევანი არასდროს ჰქონია. ვაღიარებ, რომ ასეთი მიდგომა ძალიან მიკერძოებული და სუბიექტიური იყო, რადგან მე როგორც ქალს, შვილს, ცოლს, მეგობარს, არასდროს მქონია თანასწორობის პრობლემა. არასდროს შეუზღუდავს ვინმეს ჩემთვის განათლების უფლება, გამოხატვის თავისუფლება და არასდროს ვყოფილვარ გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლი. თუმცა, მას შემდეგ რაც უფრო ღრმად ჩავიხედე საკითხში, გავეცანი არსებულ საქმეებს ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლოს მივედი პატიმარ ქალებთან, ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ  თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებთან, ფართოდ გავახილე თვალები და დავიწყე რეალობის სხვაგვარად აღქმა. გავეცანი ფემინისტურ თეორიებს, გამოვკითხე გარშემომყოფები, დავაკვირდი ჩვენი დედების, ბებიების, მეზობელი ქალების ყოფას და მივხვდი, რომ დიახ, ჩვენ სიცრუეში ვცხოვრობთ! თავს მოხვეულ, ფანტასმაგორიულ სამყაროში, სადაც მამაკაცები წარმოადგენენ აბსოლუტურ "მთავარს", ჩვენ კი მხოლოდ მათი მხევლები, სუფრის მშვენებები და მათი ცხოვრების ლამაზი დეკორაციები ვართ! 

მივხვდი, რომ მეც ბევრჯერ ვყოფილვარ მასკულინური ძალის მსხვერპლი და ქვეცნობიერად, მუდამ ვიბრძოდი იმისთვის, რომ დამემტკიცებინა: მე ძლიერი ვარ, მე მე ვარ და რომ არავის არ აქვს უფლება მიმითითოს როგორ ჩავიცვა, რა დავლიო, რა მოვწიო, როდის დავბრუნდე სახლში, რა პროფესია ავირჩიო, ცხოვრების მეგზურად ვინ ამოვირჩიო, რომ ეს მეგზური შეიძლება სამუდამო არ აღმოჩნდეს, შვილს რა დავარქვა, გვარი შევიცვალო თუ არა და ასე უსასრულოდ!

წარმოგიდგენიათ, რამხელა ბრძოლაა? და რამდენი ენერგია, ძალისხმევა, ემოცია და დრო იხარჯება იმაზე რაც ელემენტარულია? რაც დღესავით ნათელია? თუ კი შეკითხვას დასვამ რისთვის ვიბრძვი? პასუხი შეიძლება აბსურდულად მოგეჩვენოს: თანასწორობისთვის! მაგრამ ვისთან თანასწორობისთვის? მამაკაცთან? ანუ რა გამოდის? რომ მამაკაცი რაღაცით ჩემზე აღმატებულია და მე უნდა დავამტკიცო, რომ მისი სწორი ვარ? სასაცილოა, მაგრამ აქამდე მოგვიყვანა ძალაუფლების ტკბობით შეპყრობილმა მამრობითი სქესის ადამიანმა, რომელმაც დროთა განმავლობაში დააგროვა ცოდნა იმის შესახებ, თუ რა მარტივია დააშინო და იბატონო!!!

უკომპრომისო გავხდი მას შემდეგ რაც წლები მომემატა! არავითარი დანდობა, არავის მიმართ! შეიძლება ბევრ ქალს ეს უტოპიად მოეჩვენოს და ისიც იფიქროს, რომ უარყოფით შედეგს მივიღებთ!  მაგრამ დამერწმუნეთ სულ ტყუილად ფიქრობთ ასე!!! პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით. 

ბევრი მეგობარი მყავს, სხვადასხვა პროფესიის, იდეოლოგიის, ფასეულებობისა და გემოვნების მქონე. თითქმის ყველა წარმატებულია, ჭკვიანი, პროგრესული და ლაღი. თუმცა, როგორც კი საქმე ფემინისტობაზე, უფრო სწორად კი თანაბარუფლებიანობაზე მიდგება, თმები  ყალყზე უდგებათ! უმალ ავიწყდებათ საკუთარი განათლებულობა, სტატუსი თუ მეგობრობა და როგორც სვავები, ისე დამესევიან ხოლმე! ამ დიალოგების, უფრო სწორად კი ჩხუბის (დიახაც ჩხუბის და არა კამათის) ერთნაირად საცნობი ნიშანი გახლავთ ის, რომ ჩემი მეგობარი მამაკაცები საოცრად უწევენ ხმას, პავაროტისაც კი შეშურდებოდა ისეთ ტონალობაში მიწყებენ გამალებულ ბრძოლას და რასაკვირველია არც მე ვეპუები. ხმის ტემბრს ნამვდილად არ ვუჩივი! ასე რომ შემიძლია მინიმუმ 4 კაცის ხმა გადავფარო. არ გეგონოთ კივილ-წივილს ვიწყებდე. სულაც არა! უბრალოდ, ვცდილობ არც მე მოვუსმინო მათ და პარალელურ რეჟიმში გადმოვცე ჩემი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. 


მხოლოდ ერთხელ მქონდა შემთხვევა, როცა ჩემმა მეგობარმა (მამრობითი სქესის) თხოვა დანარჩენებს, ეგებ მოგესმინათ ამ გოგოსთვის რას ამბობს და მერე გაგეკეთებინათ კომენტარიო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ არავის უნდა ჩემი მოსმენა! არავის უნდა უკვე არსებული სტატუს კვოს დარღვევა.

 დიახ, ძნელია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და იმის აღიარება, რომ მამაკაცებმა გადაამლაშეთ. ფიზიკური სიძლიერით, (რომელიც ძალიან გადგებოდათ წინა საუკუნეებში, როცა მთებში, გამოქვაბულებში, ტყე-ღრეში ვცხოვრობდით), მოპოვებული უპირატესობა აღარაა კარგი არგუმენტი იმისთვის, რომ სახლი დაალაგო, ჭურჭელი დარეცხო, სარეცხი გაფინო, დააუთოვო, სადილი მოამზადო, შვილს საფენები გამოუცვალო, დაბანო, გაასეირნო, ღამეები გაუთენო, წიგნი წაუკითხო, საბავშვო ბაღი თუ სკოლა შეურჩიო, მშობელთა კრებებზე იარო, მეგობრების დაბადების დღის საჩუქრები აყიდინო და წვეულებაზეც მიიყვანო, მეუღლეს მოეალერსო, მძიმე დღეებში გვერდით დაუდგე, კარიერა გაიკეთო, გარშემომყოფებს მიხედო და ასე დაუსრულებლად....

ძალიან მწირი ჩამონათვალია იმ ტვირთისა, რომელიც ქალებს საუკუნეების წინ აგვკიდეთ ძვირფასო კაცებო და რეალურად კი ეს ზუსტად იმავე დოზით არის თქვენი პასუხისმგებლობა, როგორიც ჩვენი, ქალებისა. თითქოს და "რკინის არგუმენტი", რომ ჩვენ ფიზიოლოგიურად განვსხვავდებით არის აბსოლუტური კრახი თქვენი მცდელობისა, თავი გაიმართლოთ ჩვენს ჩაგვრაში. ბევრმა ქალმა დაამტკიცა, რომ შეუძლია არაჩვეულებრივი მოკრივე, ფეხბურთელი და მკლავჭიდელი თუ მოჭადრაკე იყოს. გასაგებია, რომ ჩვენ დაორსულება შეგვიძლია, მაგრამ განა ეს გაძლევთ რაიმე საფუძველს თქვენზე დაბალ საფეხურზე ვიდგეთ? ბევრი ჩემი ახლობელი თითქოს და ინტრიგნულ შეკითხვას დამისვამს ხოლმე, დამისახელე ქალი, რომელმაც რაღაც ღირებული გამოიგონა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო. უამრავი ქალია ასეთი, თუნდაც პირადად მე, ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან ვიბრძვი, არ ვაღიარებ სტერეოტიპებს, არ ვემორჩილები არსებულ წესრიგს, ვშრომობ, ვსწავლობ და ჩემივე შრომით ვაღწევ წარმატებას. ვცდილობ ჩემი შვილი აღვზარდო თავისუფალ ინდივიდად, რომელიც მაქსიმალურად შეძლებს საკუთარი მეს გამოკვეთას და ბედნიერად ცხოვრებას. თუნდაც, იმიტომ ვარ ძლიერი, რომ არც ერთ შეხვედრაზე არ ვარ დადუმებული, თამამად შევდივარ დისკუსიებში და არ ვერიდები იარლიყების მიწებებას!

მაგრამ ერთი რამ რაც გვასუსტებს და უკან გვხევს ქალებს არის სოლიდარობა! იმაზე უარესი არაფერია, როცა შენი სქესის წარმომადგენელი, შენზე უფრო "ჩაგრული" და "დამორჩილებული" შენს წინააღმდეგ მიდის. იმის ნაცვლად, რომ მოგისმინოს, დაფიქრდეს, გააცნობიეროს, გეპაექრება, "მტრის" მხარეს გადადის და ჩასაფრებულია რამე შეგეშალოს, რომ უფრო მწარედ გიკბინოს, ვიდრე ეს მამაკაცებს ძალუძთ! მე გავუძლებ, მოვიგერიებ, მაგრამ საერთო ჯამში, დამერწმუნეთ გოგოებო, რომ ჩვენ ვაგებთ ომს. მამაკაცები კი გვიმყარებენ მოსაზრებას, რომ ქალი ქალის მტერია! ეს კი სულაც არაა ასე. ყველაფერი ფარდობითია, მათ შორის მტრობა და მეგობრობაც. 

ზემოთ, პასუხისმგებლობებზე რომ ვსაუბრობდი, ერთმა მეგობარმა მითხრა, განა ეს სადავო თემებია? ეს ხომ თანაცხოვრების ჩვეულებრივი კანონებიაო, მაგრამ ალბათ ყველა თუ არა 99% ქალებისა დამერწმუნებით, რომ "თავისი ნებით' ძალიან ცოტა მამაკაცი ინაწილებს თუნდაც ოჯახური თანაცხოვრების ტვირთს. თუ რამე გარიგება არ დადე, ძნელია დაარწმუნო ქართველი (ეროვნებას ხაზს ვუსვამ, რადგან გერმანელი, ფრანგი, ნორვეგიელი და რუსი კაცებიც კი დიდი ხანია ამ წესების დაცვით ცხოვრობენ) კაცი, რომ ნიჟარის, აბაზანის და სამზარულოს წმენდა მხოლოდ ქალის კი არა ყველა ადამიანის ვალდებულებაა, თუ რასაკვირველია ნაგავში არ გინდა იცხოვრო!!!
დღეს უფრო შორს აღარ წავალ და არაფერს ვიტყვი იმაზე, როგორ გვბლოკავენ კაცები წარმოდგენილი ვიყოთ მმართველ პოზიციებზე, მაღალ თანამდებობებზე, გადაწყვეტილების მიმღების როლში! ერთს კი დანამდვილებით ვიტყვი. მე ფემინისტი ვარ, ქალი, რომელიც ვაღიარებ ყველა ადამიანის თანაბარუფლებიანობას, რომელიც არასდროს დავჩაგრავ სხვას სქესის, რელიგიური შეხედულების, კანის ფერის თუ ორიენტაციის გამო. 

დიახ, ვარ ფემინისტი ქალი, რომელიც დავიცავ ჩემს და სხვა ადამიანების უფლებებს, მიუხედავად იმისა, ლახავს თუ არა ეს ბრძოლა ჩემს იმიჯს და სიამოვნებს თუ არა ჩემი 'სითამამე" გარშემო მყოფ მამაკაცებს! დანარჩენ ქალებს კი მოგიწოდებთ გამოიჩინეთ მეტი სოლიდარობა ქალების მიმართ, ფემინისტი ქალების მიმართ, რომლებიც თქვენი უფლებების დასაცავად იბრძვიან, ისე რომ ამას ვერც კი აცნობიერებთ!

არ გამომივიდა თანმიმდევრული პოსტი, მაგრამ იმედია სწორად მოვიტანე თქვენამდე სათქმელი. ასევე, დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ უფრო მეტ დროს დავუთმობთ ერთმანეთზე ზრუნვას. ის განვითარებული ქვეყნები, რომელთა რიგებშიც ყოფნას ვცდილობთ, სწორედ ამ ღირებულებებზე აღიზარდნენ და დღემდე უფრთხილდებიან. 

ვიყოთ თანაბარუფლებიანები, გავინაწილოთ პასუხისმგებლობა როგორც პირად ისე საჯარო სივრცეებში და ვაღიაროთ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად იმსახურებს სიყვარულს და ბედნიერ ცხოვრებას.

მშვიდობიან ღამეს გისურვებთ მეგობრებო!