Tuesday, May 16, 2017

ღვინის ფესტივალი


ხალხმრავალ ადგილებში სიარული ჯერ კიდევ ძალიან მიყვარს. ჯერ კიდევ იმიტომ, რომ საცაა 39 წლის გავხდები და სტერეოტიპული მიდგომით მშვიდი და ნაკლებად ხმაურიანი ღონისძიებები უნდა მხიბლავდეს. მაგრამ მე ხომ მთელი ცხოვრება ვებრძვი ჩარჩოებს, კლიშეებს, სტიგმებს. არაა იოლი საქმე მე და ჩემმა ღმერთმა 💪

13 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი მერვედ გაიმართა მთაწმინდის იგივე ბომბორას პარკში, თბილისში. განსაკუთრებით მოვემზადეთ ამ დღისთვის. ლუკინო ბებოს და ბაბუს დავუტოვეთ, ზურგჩანთა ავავსეთ პლედებით, მოსაცმელებით, წყლით და ბოლოს ყელზე ჩამოვიკიდე ამ დღისთვის განკუთვნილი ატრიბუტი - ფეხიანი ღვინის სასმისი (ე.წ. ბოკალი) რომელსაც ფესტივალის ლოგო ამშვენებს და წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვიყენებ.

ავტობუსით წავედით, მშვენიერი მზიანი ამინდი გამოვიდა. მალე მივუახლოვდით ბობმორას პარკს, სადაც ნიუ იორკს რომ შეშურდებოდა ისეთი საცობი დაგვხვდა. ბოლო გაჩერებამდე მისვლა შეუძლებელი იყო, ამიტომ ფეხით განვაგრძეთ გზა. მაგრამ სავალ ნაწილზე, რადგან ტროტუარი ოკუპირებული იყო ჩვენი თანამოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებით.

პარკში უამრავი ხალხი დაგვხვდა, მწვადის სუნიანმა ჰაერმა მომენტალურად გამომიკეთა გზაში კინაღამ წამხდარი განწყობა და მხიარული გამომეტყველებით შევერიეთ საკმაოდ ფერად მასას. თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ ტურისტები მომრავლებულიყვნენ, განსაკუთრებით კი მეზობელი ქვეყნებიდან.

სტენდები ორგანიზებულად იყო განლაგებული, როგორც მთავარ მოედანზე, ისე მის გარშემო. კონსულტანტები, თუ ის ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ კომპანიას წარმოადგენდნენ ძალიან კეთილგანწყობილი, თავაზიანები და ღიმილიანები იყვნენ. ზოგიერთი კარგი იუმორითაც კი გამოირჩეოდა. მოთმინებით პასუხობდნენ ცოტა თუ ზედმეტად შეზარხოშებული სტუმრების შეკითხვებს. გვიხსნიდნენ ყურძნის ჯიშსა და წარმომავლობას,  გვიყვებოდნენ ღვინის დავარგების ტექნოლოგიებზე, ახალ თუ დავიწყებულ მაგრამ აწ უკვე აღდგენილი ვაზის ჯიშებზე. წასახემსებელიც უხვად იყო წარმოდგენილი: შოთის თუ რუხი პურები, გუდის ყველი, შებოლილი სულგუნი, თხილი, ჩურჩხელები და ათასი ნუგბარი.

რა თქმა უნდა უამრავი გემრიელი ღვინო დავაგემოვნეთ. მეგობარ-ნაცნობებიც ვნახეთ და ხონის სასულე ორკესტრსაც მოვუსმინეთ. ხომ გახსოვთ პოპულარული ფრაზა "იმერულ ესკიზები"-დან "ჩვენი კანტორის ბიჭები მოდიან და კაი მუსიკა დოუკარით"-ო, სწორედ ის ორკესტრი მოიწვიეს ფესტივალის ორგანიზატორებმა. ცოტა სევდიანი იყო ეს სანახაობა, მოძველებული ინსტრუმენტები, დაბალშემოსავლიანი მუსიკოსების ცოტა დამორცხვებული სახეები და რეპეტიცია დაკლებული შესრულება ამდენი გალაღებული და ქალაქური ცხოვრების სტილით განებივრებული ადამიანის წინაშე-კუშტურიცას რომელიღაცა ფილმის ნაწყვეტს ჰგავდა.
 

ორკესტრს მალევე გავცდით და გავაგრძელეთ ღვინოების დეგუსტაცია. ამ წლის აღმოჩენა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იყო გურამიშვილის მარნის შავკაპიტო, ბუზა და დანახარულის  ბუკეტი, წითელი მშრალი ღვინო. არც ისე მსუბუქი ტონალობის, ლალისფერი, ჰარმონიული სასმელი გემრიელად ჩაედინებოდა სხეულში და გრძნობდი, როგორ ათბობდა და იქცეოდა შენი განწყობის ნაწილად. ასეთი ღვინო ნამდვილად იმსაუხურებს შექებას. როგორც აგვიხსნეს ქართლის უძველესი ჯიშები აღადგინეს და ასე მიიღეს ჯადოსნური არომატი.
ცოტა ხანში იმერულ ეზოსაც მივადექით. ციცქა-ცოლიკოურის გემო მშობლიური მხარის სურნელს ატარებდა და ერთიორად ამძაფრებდა დიონისეს ზეიმს. ხაჭაპურები, იმერული ყველი და უხვად შევსებული სასმისები ნამდვილად გამოარჩევდა ამ სტენდს ყველა დანარჩენისგან.  ბაიას ღვინოების დანახვამ ძალიან გამახარა.  მხოლოდ ინტერნეტიდან ვიცნობდი. მივესალმე, შევაქე, მივულოცე ფესტივალზე გამოსვლა და წარმატება ვუსურვე. ყურებამდე გაღიმებული მისმენდა და დაუნანებლად მისხამდა საკუთარი შრომით დამზადებულ ღვინოს.

ყველაზე დიდხანს რა თქმა უნდა იმერულ ეზოში შემოვრჩით. სალომეც აქ ვნახე, ჩემი წითელთმიანი ნათლული, რომელიც უკვე პატარა, მიამიტი ბავშვი კი არა, ზრდასრული გოგოა,  მკაფიო გეგმებით და იდენტობით: მე რობერტიას შვილი ვარ!

მგონი ყველა იცნობთ რობის, მაგრამ თუ არასდროს გაგიგიათ მის შესახებ, ა ბატონო! 

  

ამ პოსტში რამაზიზე რომ არ მოგიყვეთ არ გამოვა! რამაზი, იგივე ჩეკა, ჩემი საამაყო ყმაწვილქალობის ეპოქის დროინდელი მეგობარია. აქ დაგპირდით, რომ ბევრ ამბავს მოგიყვებოდით ნიღბების კლუბზე, იქ გაცნობილ ადამიანებზე და აჰა, ერთ-ერთი სწორედ რამაზია. რამდენიმე წელია რაც თავის მამულს დაუბრუნდა და ქვევრის ღვინოების წარმოებას მიჰყო ხელი. რამაზ ნიკოლაძის მარანი ღვინის მოყვარულებმა კარგად იციან. საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენებში ხშირად მონაწილეობს და  ცდილობს წარმოაჩინოს საქართველო მსოფლიოს მეღვინეობით სახელგანთქმული ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. ცოტა ვიჭუკჭუკეთ, ვიცინეთ, ფოტოები გადავიღეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. 



ქალაქში დასაბრუნებელი საბაგიროს რიგი მართალია გრძელი კი იყო, მაგრამ ისეთი მოწესრიგებული და ჩუმი, რომ წამით თბილისში კი არა მიუნჰენში მეგონა თავი. კიდევ კარგი, ღვინის მარაგი თან გვქონდა და მსუბუქად შეზარხოშებულები  მე და ზაზა შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით ერთმანეთს.  უცებ გამახსენდა, რომ საბაგიროს ბარათი სახლში დამრჩა. ჩვენს უკან რუსულად მოლაპარაკე წყვილი იდგა. ვთხოვე თანხას თქვენს ბარათზე ჩავრიცხავთ თქო და რა თქმა უნდა სიამოვნებით გამოგვიწოდეს საბაგიროს ბარათი. რიგი ნელა მიიწევდა წინ და რასაკვირველია გავაბით მუსაიფი.  სანკტ პეტერბურგელი წყვილი აღმოჩნდა, უკვე მერამდენჯერ სტუმრობდნენ საქართველოს, ხვალ ბორჯომში მიემგზავრებოდნენ, ღვინის მარაგიც მშვენივრად შეუვსიათ. 





მოგვიყვნენ რამდენად დადებითი რეკლამა უკეთდება საქართველოს თავიანთ ქვეყანაში, როგორ სურთ მათ გარშემომყოფებს აქ ჩამოსვლა და რომ თავად კიდევ არა ერთხელ ესტუმრებოდნენ ჩვენს სამშობლოს. ასევე, აღნიშნეს, რომ ბევრს მოგზაურობენ, მაგრამ ასეთი სტუმართმოყვარე ხალხი არსად უნახავთ. გვეამა ეს ამბავი, რა ჯობია კარგს რომ ისმენ შენიანებზე, თან როცა იცი, რომ ეს სიმართლეა. კი გამოვესარჩლე სხვა ხალხებს და ვთქვი, რომ შოტლანდიაში, გერმანიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში გამოუწვდიათ დახმარების ხელი, მაგრამ საბოლოოდ სანკტ პეტერბურგელი წყვილი და ჩვენც ერთხმად შევთანხმდით, რომ ამ მრხივ ქართველებს ვერავინ შეგვედრება. ამასობაში ქალაქშიც დავბრუნდით, ვახშამზე დავპატიჟეთ სტუმრები, თუმცა სხვა გეგმები ჰქონდათ და მხოლოდ ფეისბუქზე დამეგობრებით შემოვიფარგლეთ ამჯერად. 


ასე დასრულდა კიდევ ერთი შაბათი და ახალი ღვინის მერვე ფესტივალი.





1 comment:

  1. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
    (1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

    ReplyDelete