Monday, August 14, 2017

სარა და ტრომსოს ჯადოსნური ზამთარი

სარა ჩემი ნორვეგიელი მეგობარია. 2009 წელს გავიცანი, როცა საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიას შემოუერთდა სასჯელაღსრულების სფეროს ექსპერტად. ამ ორგანიზაციაში 2006 წელს დავიწყე მუშაობა და ჩემი პროფესიული ტრანსფორმაციაც სწორედ იქ მოხდა. მაგრამ  ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით, როგორ მივედი თარჯიმნობიდან სასჯელაღსრულების სფეროს სპეციალისტობამდე. ახლა კი სარაზე უნდა გიამბოთ.

სარა ყველაზე მხიარული, ბედნიერი, მზრუნველი, სიცოცხლით სავსე და მომღიმარი ადამიანია, ვინც კი ოდესმე მინახავს. გარდა იმისა, რომ თავისი საქმის პროფესიონალია, მის კომპეტენციებში შედის საუკეთესო ხალხის მოგროვება, დაკავშირება და უძლიერესი სამეგობრო წრის შეკვრა. თითქოს ამაში არაფერია უჩვეულო და რთული მაგრამ ვთვლი, რომ ერთ-ერთი ფასდაუდებელი უნარია, რაც კი შეიძლება აღმოგაჩნდეს.

სწრაფად გავუგეთ ერთმანეთს. ორივეს გვიყვარს ლუდი, გემრიელი კერძები, დღეების მხიარულად გატარება და რაც მთავარია ის საქმე, რომელსაც ერთად ვაკეთებდით. ციხეში წასვლა დღესასწაულის ტოლფასი იყო ჩვენთვის. ბევრი კარგი პროექტი წამოვიწყეთ და რაც ყველაზე მთავარი იყო მას სჯეროდა ჩემი, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ჩემზე გაცილებით კომპეტენტური და გამოცდილი იყო, მენდო, მომისმინა, მეკამათა. შევაჯამეთ ჩვენი დისკუსიები და იდეები და საუკეთესოები განვახორციელეთ! დღემდე ვამაყობ ჩვენი პროექტებით! 

                                             იონი, სარა, მე და მშენებელი, ქალთა ციხე, რუსთავი 2010წ.

როცა სარა ტრომსოში დაბრუნდა, მხოლოდ ფეისბუქის მეშვეობით ვკონტაქტობდით. ერთ დღეს მომწერა მეილი, სადაც მიყვება, რომ ის თანხა, რომელიც დაზოგა საქართველოში ყოფნის დროს შეუძლია სასარგებლო რამეში გამოიყენოს და ეს არის ჩემი ნორვეგიაში მოგზაურობის დაფინანსება! ყოველი წლის იანვარში, ტრომსოში იმართება ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, სარამ სწორედ ამ ფესტივალს დაამთხვია ჩემი მიწვევა და როგორ უნდა მეთქვა უარი??? ჰო და ავდექი და წავედი!

ტრომსო ნორვეგიის უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარეობს. 9 თვე მუდამ ზამთარი და სიბნელეა, ხოლო 3 თვე მზიანი და არასდროს ღამდება. თუ ტრომსოს იანვარში ესტუმრებით, ჩათვალეთ, რომ თქვენი ყველა ოცნება ახდა! ეს არის ზღაპრული სამყარო, გორაკებით, ბორცვებით, მდინარეებით, ტყეებით და ფერადი სახლებით მორთული თეთრი კუნძული, რომელიც ერთიანად ბრწყინავს. მოჯადოებული დავდიოდი ამ პატარა ქალაქის ქუჩებში და მადლობას ვუხდიდი ყველა ღმერთს, რომ დედამიწაზე ასეთი ადგილი არსებობდა და მე იქ მოვხვდი! თან როგორ? სრულ სიყვარულში!

                                                                                                  ტრომსო, 2017 წელი

სარას მეგობრები არაჩვეულებრივი სილაღის და სისადავის მქონე ხალხია. ისე შემხვდნენ თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გაგვეტარებინოს. ადამიანები, რომლებიც არასდროს გინახავს წამებში გადაიქცევიან შენს ნაწილად, გრძნობ როგორ იზრდები, ბევრდები და ივსები დადებითი ემოციებით, ადამიანად ყოფნის სიხარულით!  სადილზე დამპატიჟეს, იმდენი ვიცინეთ! თან როგორი სიცილი იციან, გულწრფელი, ხმამაღალი, დაუზოგავი, შეუკავებელი! მხოლოდ გაცინების მანერითაც იგრძნობ თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ს ! ეს 4 სუპერ გოგო იმ დღიდან ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა! როგორ მივლიდნენ, როგორ მელოლიავებოდნენ, როგორ მეფერებოდნენ! ვინც მეტყვის, რომ მხოლოდ ქართველები ვართ სტუმართმოყვარეები, მასზე უფრო ჩამორჩენილი და გონებაშეზღუდული არავინ მეგონება! 

                                                              სისი, სარა, კატარინა, ბენტე და მე.  ტრომსო, 2011 წელი

სარას სახლში როგორც წესი, სულ მცირე 6 მეგობარი ჩამოდის იანვარში, ტრომსოს ფილმის ფესტივალის და მეგობრობის აღსანიშნავად! ყველას თავისი ადგილი აქვს ნაპოვნი ამ არც თუ დიდ ბინაში. რაც მთავარია ბუხარი გვაქვს, რომელსაც საღამოობით ვანთებთ და ცეცხლის მაგიურობით ვტკბებით. ქალი თუ კაცი ერთნაირად ვზრუნავთ ერთმანეთის კომფორტისთვის. უსიტყვოდ ვინაწილებთ საქმეებს, ზოგი საყიდლებზე მიდის და პროდუქტებს იმარაგებს, ზოგი სადილს ამზადებს, ვიღაც სახლს ალაგებს, რომელიმე  ფესტივალის ბილეთებს ყიდულობს. ჩვენს შორის გეი წყვილიცაა, რომლებსაც ტრომსოში ჩამოსვლამდე ვიცნობდი, რადგან ერთ-ერთი მათგანი ჩვენი მისიის ხელმძღვანელი იყო და შესაბამისად ჩემი ყოფილი 'ბოსი'. 

ვიხსენებთ თბილისში გატარებულ უამრავ სასიამოვნო საღამოს და ვიხოცებით სიცილით! გეფიცებით, ამდენს და ასე გულახდილად ვერსად გაიცინებთ, როგორც ტრომსოში, სარასთან. რასაკვირველია მეგობრები საქართველოშიც ბლომად მყავს და ბევრი საღამო, დღეები თუ ღონისძიებები გაგვიტარებია ერთად, მაგრამ ტრომსოში ეს უფრო მარტივი, ბუნებრივი და დაძაბვის გარეშეა. 

               იონი, ჩემი 'ექს ბოსი' და მე, სარა და იონის მეუღლე ოლეჰერმანი, ტრომსო, 2011წ.

ტრომსოში არ არსებობს ღარიბი უბანი, ამ ქალაქში ვერც მათხოვარს და ვერც უსახლკაროს იპოვნით. ქალაქში სადაც მოსახლეობის რიცხვი 85 000-ია არის აეროპორტი, რამდენიმე ცნობილი უნივერსიტეტი, მუზეუმები, პორტი, იმართება ფესტივალები და 80 წლის მოქალაქეებიც კი მოგზაურობის გეგმებს აწყობენ. ხალხი საოცრად კეთილგანწყობილია, უცნობებს ისე გამოელაპარაკები თითქოს წლებია იცნობ. ხანშიშესული ქალბატონი გავიცანი ადგილობრივ პაბში, რომელმაც არა თუ იცოდა სად იყო საქართველო, არამედ მის სამოგზაურო სიაშიც კი იყო ყაზბეგისა და მესტიის მონახულება. განა რა მოგაწყენს ასეთ ქვეყანაში? რა გაგიფუჭებს ხასიათს?

გარდა იმისა, რომ სარამ ყველა ღირშესანიშნავი ადგილი მომატარა,  ციხეშიც მიმასპინძლა, სადაც ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. ტრომსოს მამაკაცთა ციხე გამოირჩევა პატიმართა სიმცირით, მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით და კეთილგანწყობილი გარემოთი. სარამ, მიუხედავად მისი თანამდებობისა, პატიმრებისგან ნებართვა აიღო საკანში შესვლის თაობაზე. ერთმა უარი გვითხრა და შესაბამისად მისი საკანი ვერ მოვინახულეთ! ნორვეგიის ციხეებზე სხვა დროს დავწერ, დღეს კი თავად განსაზღვრეთ ღირსებისა და პატივისცემის დონე თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის! 

                                                                                            სარა და მე, ტრომსოს ციხე, 2011წ.

მეორეჯერ ტრომსოს 2017 წლის იანვარში ვესტუმრე. ამჯერად, სპეციალურად სარას დაბადების დღისთვის გავფრინდი დედამიწის ერთ-ერთ ცივ, სუსხიან და საყვარელ მხარეში. საჩუქარზე ბევრი ვიფიქრე, მინდოდა რამე განსაკუთრებული და სამახსოვრო მეჩუქებინა ჩემი ძვირფასი მეგობრისთვის. არაჩვეულებრივ, ნიჭიერ და საოცრად მხიარულ ადამიანს მაკა ხუციშვილს ვესტუმრე სახლში. მაკა შუშაზე ხატავს და საოცრებებს ქმნის. მცირე მსჯელობის შემდეგ შევთანხმდით, რომ დახატავდა საათს, რომელიც ფუნქციური ხელოვნების ნიმუში და ამავე დროს ექსკლუზიურად სარასთვის შექმნილი საჩუქარი იქნებოდა. 

                                                                                     მაკა ხუციშვილის არტი, 2017წ.

თვითმფრინავი ძლივს დაეშვა ბილიკზე ისეთი ქარბუქი და ყინვა ტრიალებდა ჰაერში. სარა რასაკვირველია აეროპორტში დამხვდა. ერთმანეთს გულითადად გადავეხვიეთ და გავემართეთ სახლისკენ. უდიდესი ღიმილითა და სითბოთი შემომეგებნენ სარას მეგობრები. მხოლოდ ერთს არ ვიცნობდი, იონს ლონდონიდან, რომელიც ჩემს გამო სარამ სახლიდან 'გააძევა' ღამის გასათევად და იქ ყოფნის მანძილზე ამ ფაქტზე ყველა ოხუნჯობდა 😃😃😃

სარას და ბენტეს წელს 50 წელი შეუსრულდათ, გადაწყვიტეს ეს ღირშესანიშნავი თარიღი ერთად ეზეიმათ. წვეულების ადგილად ტრომსოს საფეხბურთო კლუბის დარბაზი შეარჩიეს, პოპულარული ბენდი დაიქირავეს, მეგობრებმა მოამზადეს კერძები, ჩემმა ყოფილმა 'ბოსმა' უგემრიელესი ნამცხვრები გამოაცხო, დანარჩენებმა სასმელები იყიდეს და საღამოსთვის აბსოლუტურად ყველა დეტალი ერთად მოაგვარეს. ეს ყველაფერი ყაყანის, ჩხუბის და აყალმაყალის გარეშე!  დღისით ფესტივალის ერთი ფილმის ნახვაც მოვასწარი. როგორი დარბაზებია, მოხერხებული სავარძლებით, საუკეთესო აკუსტიკით და მოწესრიგებული სტაფით. ზესტაფონს, თელავს, ამბროლაურს ოდესმე თუ ეღირსებათ ასეთი კინოდარბაზები?....

                                       საერათაშორისო ფილმების ფესტივალის ბანერი, ტრომსო 2017წ.

ფესტივალისას ქალაქი გადატვირთულია, ყველა კუთხეში მხიარულებაა, კაფე-ბარები ყურებამდე გაღიმებული, ბედნიერი ხალხითაა სავსე. ვზივარ სანთლის შუქით განათებულ მაგიდასთან და ვაკვირდები როგორი ჟრიამულით შემოდიან გაყინული სივრციდან მომხიბვლელად მორთულ ინტერიერებში ადამიანები, იფერთხავენ ფიფქებს, ყინვისგან აწითლებული ლოყებით და დახეთქილი ტუჩებით კოცნიან ერთმანეთს,  ყვებიან ფილმების შთაბეჭდილებებზე, სამომავლო გეგმებზე და ტკბებიან ცხოვრებით.

საღამოს 8 საათზე გავემართეთ წვეულებაზე. ნორვეგიულ სუფრას თამადა არ ჰყავს. თუმცა, ამ წვეულებას ბენტეს ქმარი გაუძღვა. ჰუგო საგანგებოდ მომესალმა და მადლობა გადამიხადა, რომ ქვეყნიერების დასალიერში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვედი. მერე სარას და ბენტეს მეგობრებმა თუ ოჯახის წევრებმა სამახსოვრო სიტყვა-ჩვენებურად სადღეგრძელო წარმოთქვეს. ჰუგომ, მათმა შვილებმა და უახლოესმა მეგობრებმა სიმღერა მიუძღვნეს სარას და ბენტეს, ამისათვის სახეები მოიხატეს, ფორმები ჩაიცვეს და გულითადად უმღერეს უძვირფასეს ადამიანებს.






































             





ბევრი ვიცეკვეთ, ბევრი ვიცინეთ, ქანცის გამოცლამდე ვიღლაბუცეთ და გამთენიისას დავბრუნდით სახლში. იონმა "შური იძია" გაძევების გამო და დილიდან მღეროდა, ამბებს ყვებოდა, ათასნაირ აპლიკაციას და იდეას გვაცნობდა, ვერ გავაჩუმეთ :)) საღამოს ბუხარი დავანთეთ და პოეზიას მივადექით. ოდესღაც ძალიან მიყვარდა ლექსები, მაგრამ ბოლოს ალბათ 15 ან მეტი წლის წინ მოვყვევი ხმამაღლა. ჩემი ჯერი რომ დადგა, შექსპირის 66-ე სონეტი ამოტივტივდა გონებაში და თითქმის შეუცდომლად მოვყვევი.  ტრომსოს იდუმალ ტყეებში გაირინდა ჩვენს სულებში მიჩქმალული სიფაქიზე, რომლის გამოვლენა ყოველდღიურობაში შეუძლებელია...

სარას თვისებებიდან ბავშვებზე ზრუნვას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ყოველ წელს მოგზაურობს ნათლულებთან თუ დისშვილებთან ერთად, დადიან ფეხბურთის მატჩების საყურებლად და მათი უერთგულესი მეგობარია. სარა ჩემი შვილის ნათლიაა (თუმცა ნათლობა  რეალურად ჯერ არ განხორციელებულა). ლუკინოს ნორვეგიულად ელაპარაკება და საჩუქრებით ანებივრებს. სათამაშოების მაღაზიაში შევედით, დიდხანს არჩევდა რა მოეწონებოდა ლუკის, თავადვე შეფუთა პოლარული, თეთრი დათვი და ლეგო და გამომამგზავრა თბილისში, უახლოეს მომავალში შეხვედრის იმედით. 

                                                                                     სარას მამის სახლი, ტრომსო, 2017წ. 

ეს წვეულება, ტრომსოს ჯადოსნური ზამთარი, თვითმფრინავიდან დანახული ჩრდილოეთის ციალი, ნორვეგიელების სილაღე და გულწრფელი სიცილი არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან. მე და სარა მეგობრები ვართ სამუდამოდ და ეს ისეთი ბედნიერებაა, რომელსაც ვერ გაზომავ, ვერ აწონი, ვერ მოუძებნი საპირწონეს. 

მადლობა სარას, რომ არსებობს ჩემს ცხოვრებაში! მადლობა სამყაროს, რომ დამაჯილდოვა გამორჩეულად საყვარელი, ჭკვიანი და ლაღი მეგობრებით!