ინოვაციები ჩემი სისუსტეა... მახალისებს გამოგონებები, ვგიჟდები ბავშვებზე, რომლებიც ჩხირკედელაობენ, მოგვიანებით კი ცვლიან მსოფლიოს. თუმცა, მუშაობის პროცესში დარწმუნებული ვარ ვერავინ აცნობიერებს ზეგავლენის მასშტაბებს, იმ სიკეთეებს და საფრთხეებს, რასაც მოსახლეობისთვის სიახლის შეთავაზება შეიცავს.
ასე მაგალითად, ტელევიზორი. 1920-იან წლებში გამოჩნდა პირველი, შავ-თეთრი ყუთი, რომელმაც პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიპოვა და 1953 წელს უკვე ფერადიც გახდა.
დღესდღეობით ტელევიზორი ყველაზე პოპულარული ნივთია და ძნელად თუ მოიპოვება სახლი, სადაც ის არ დგას. საქართველოში ტელევიზორის გარეშე ცხოვრება ადამიანების 98%-ს წარმოუდგენელი ჰგონია. ეს სტატისტიკა დათვლილი არაა და ჩემი დაკვირვებით მოვიყვანე, შესაძლოა ვცდებოდე.
2002 წლამდე იმ სახლშიც, სადაც მე ვიზრდებოდი ტელევიზორი სწორედაც ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი და მუდამ ჩართული ნივთი გახლდათ. შესაბამისად, მის ავკარგიანობაზე არასდროს დავფიქრებულვარ. როცა გერმანიაში პირველად გავემგზავრე 3 შვილიან ოჯახში საცხოვრებლად, აღმოვაჩინე, რომ ტელევიზორი არც თუ სასურველი და 'გამოსაჩენი' ნივთი ყოფილა, როგორც ეს ჩემს სამშობლოში გვეგონა.
ფონ ბაუმბახები მიუნხენის ყველაზე მდიდარ უბანში ცხოვრობდნენ და ულამაზესი, კეთილმოწყობილი სახლი ჰქონდათ. კულტურული შოკი სწორედ მათი სამზარეულოს ნახვისას მივიღე. ეს იყო თანამედროვე ტექნიკით, სადად და მოხერხებულად მოწყობილი სივრცე, სადაც არა მხოლოდ დიასახლისი, არამედ ოჯახის ყველა წევრი თანაბრად ასრულებდა ფუნქცია-მოვალეობებს. არასდროს მენახა ღუმელი, რომელშიც შეაწყობდი კარტოფილს, დააჭერდი რამდენიმე ღილაკს ხელს და სულ რაღაც 20 წუთში გამზადებული კერძი გხვდებოდა.
პირი დავაღე ელექტრო დანის დანახვისას. პურს, რომელიც 3 საათიანი რიგში დგომის, საკუთარი მოხერხებულობის და ნაცნობობის ხარჯზე უნდა მოგეპოვებინა ჩემს სამშობლოში, და რომელიც ეშმაკმაც კი არ იცოდა რა ინგრედიენტებით მზადდებოდა და რომელშიც ხშირად იპოვიდით სხვადასხვა მწერსა თუ ნივთს, გერმანიაში დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ და ელექტრო დანით უთხელეს ნაჭრებად ჭრიდნენ. აღფრთოვანებული მივშეტერებოდი ყავის მოსამზადებელ აპარატებს, რომლებიც ფონ ბაუმბახების სახლში თითქმის ყველა ოთახში იდგა. ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ფრენჩ პრესი... ოჰ, რა დამავიწყებს მათ სურნელსა და არომატს....
გერმანიამდე ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ ძირითადად საბჭოთა კავშირში ან მასთან კარგად დამეგობრებულ სახელმწიფოებში. შესაბამისად, ისინი ძალიან გვანდნენ ერთმანეთს და თითქმის ყველა სახლში იყო რუმინული 'სტენკა', ლენინგრადის 'სპალნა' და ჩეხური 'ლუსტრა'. რაც შეეხება ტელევიზორს, შედარებით მდიდარი ხალხი მსოფლიოს 'ჰორიზონტის", ხოლო დანარჩენები''რეკორდის"მეშვეობით უცქერდნენ.
ფონ ბაუმბახებს პლაზმური ტელევიზორი რომელიც ასევე არასდროს მენახა, სახლის ყველაზე მივიწყებულ ოთხაში ჰქონდათ მოთავსებული. ცოლ-ქმარი, მას შემდეგ რაც ვივახმშებდით, ბავშვებს ვაბანავებდით და დასაძინებლად დავაწვენდით, ამ 'იდუმალ' ოთახში შევიდოდნენ და ჭიქა ღვინის თანხლებით ტელევიზორს უყურებდნენ.
რასაკვირველია, მივხვდი, რომ ეს ჯადოსნური ყუთი, სამი ბავშვის აღზრდის საქმეში არანაირ როლს არ ასრულებდა და ორი ზრდასრული ადამიანი, კარგად ხვდებოდა მისი მოხმარების დოზირების წესს.
ალბათ, ცინიკური გამომეტყველება გაგიჩნდათ ბოლო აბზაცის წაკითხვისას და გაიფიქრეთ, ნეტა ამ გერმანელებს არ 'აჟრიალებდეთ', ან ეს ქართველი გოგო რამ გამოაშტერა. რა არის ტელევიზორში ასეთი საშიში და საგანგაშო, რომ უკანასკნელ ბნელ კუნჭულში მიჩქმალო და ბავშვებს მოარიდო?
მაგრამ გეტყვით, რომ ის ნამდვილად იმსახურებს ყველაზე მიტოვებულ ადგილზე ყოფნას ჩვენს სახლებში. დიახ, ტელევიზორი ის ნივთია, რომელსაც ბავშვებისთვის არანაირი სარგებლობა მოაქვს და მეტიც, მავნებელია, როგორც ფიზიკური ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. არ ვაჭარბებ! თუმცა, გამოგიტყდებით, რომ ფერად ეკრანზე მულტფილმების ყურება ჩემთვისაც საყვარელი საქმიანობა იყო.
კარგად განვითარებულ სოციუმში იციან, რომ ტელევიზია და ზოგადად მედია ერთ-ერთი მოხერხებული და უსწრაფესი იარაღია საზოგადოების აზრზე მნიშვნელოვანი გავლენის მოსახდენად. იციან ისიც, რომ უკვე დამუშავებული, მზა პროდუქტის ცქერა/სმენა იწვევს აზროვნების დაქვეითებას, შემოქმედებითი უნარების დახშობას, ფანტაზიებისა და საკუთარი ინტერპრეტაციის გაქრობას და ილუზორული ამბების ტყვეობაში ყოფნას. აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ პატარა ბავშვის ტვინი ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს რასაც ისმენს, თუმცა ინფორმაციის დახარისხება უჭირს. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ ტელევიზორში/რადიოში ყურმოკრულ ამბავს აბსოლუტურად არასწორი ინტერპეტაცია გაუკეთოს და დაამახინჯოს ბავშვის წარმოდგენა ამა თუ იმ საკითხზე საკმაოდ დიდია.
სერიალები, არ აქვს მნიშვნელობა ეროვნული წარმოებისაა, ინდური თუ HBO-ს, სრულიად უსარგებლოა მცირეწლოვანი ასაკის ადამიანისთვის. აღარაფერს ვამბობ თოქ-შოუებზე, სადაც ჩვენი თანამემამულე ჟურნალისტები ისეთი ხმით გაჰკივიან, რომ 5 წუთში ტრამვირებული და შოკირებული მიეჯაჭვები სავარძელს.
ამ თემაზე დაუსრულებლად შემიძლია ვწერო და ვილაპარაკო, მაგრამ ნამეტანი მოსაწყენი გამოვა. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ და გირჩევთ, რომ მოარიდოთ ბავშვები ტელევიზორებს. მიეცით მათ კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება გაატაროთ საღამო, ან როგორ უნდა იწყებოდეს დილა. მართალია, პარკებით და სკვერებით განებივრებულები არ ვართ, მაგრამ მაინც შეიძლება სასეირნო ადგილის პოვნა, წიგნების წაკითხვა, დღის ამბების ერთმანეთისთვის გაზიარება. ერთი სიტყვით მეტი დრო დავუთმოთ ჩვენს შვილებს, მათთან საუბარს, თამაშს, ალერსს და ნუ მივცემთ უფლებას "პრაიმშოუებს", "შუადღეებს", "სხვა რაკურსებს", "პროფილებს" წაგვართვან ძვირფასი დრო, რომელსაც უკან ვეღარ დავაბრუნებთ....
პ.ს. სრულ აკრძალვას არ ვგულისხმობ რასაკვირველია, უბრალოდ ბალანსის პოვნაა საჭირო 😊