ჩამოვწერე წინა საახალწლო სურვილები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან, ირიბად რეგიონთან და რასაკვირველია ყველა ჩვენგანთან. ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია იმ ცრუ კეთილდღეობაში ცხოვრება, რომელშიც ერის "წარმატებული", "მდიდარი", "ბედნიერი" ნაწილი ვცხოვრობთ. კეთილდღეობა მაშინაა თვალსაჩინო, როდესაც სახელმწიფო საზღვრები დაცულია, ქუჩაში სამათხოვროდ არ დგანან მოხუცები, ბავშვები, ქალები, როდესაც ჯანდაცვაზე ხელი მიუწვდება ყველას და პეტიციები, აქციები და სოციალური ქსელებით თანხის შეგროვება არ სჭირდება, იმისათვის, რომ სიცოცხლე გადაირჩინოს! როდესაც ყველა ბავშვს შეუძლია ხარისხიანი განათლების მიღება, როდესაც ყველა იძულებით ემიგრირებული პირი სახლში დაბრუნდება, როდესაც სამართალი შერჩევითი არ არის და ნებისმიერი რამის მიღწევა "ჩაწყობის" ან "ზემოდან" დარეკვის გარეშეა შესაძლებელი და კიდევ უამრავი რამ, რაც განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებისთვის ყოველდღიურობაა და არა ოცნება!
1. აღაიროს საქართველომ აფხაზეთი (სტატუსი მოსაძებნია) და დაიწყოს დევნილების დაბრუნების პროცესი (მესმის, რომ ეს მტკივნეული და რთული ამბავია, მაგრამ რაც უფრო გადავდებთ, მით უფრო ნაკლები შანსი გვექნება ამ პრობლემის მოგვარების. p.s. სამაჩაბლოზე უბრალოდ არ ვიცი რა უნდა ვქნათ, ალბათ იგივე, ვინაიდან სხვა პერსპექტივა უახლოეს მომავალში არ ჩანს!).
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი გადაიხედოს და დაიწყოს ამ სტატუსის გაუქმების პროცესი (ვინ გვეცილება აჭარის რეგიონში? რატომ უნდა ჰქონდეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი? გვააქვს იმდენი ფუფუნება, რომ სამი (საქართველო, აფხაზეთი, აჭარა) მთავრობა ვარჩინოთ?
3. საბიუჯეტო დაფინანსება გაუუქმდეს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და დაეკისროს გადასახადები, როგორც ყველა სხვა ინსტიტუციას (ეს ქმედება მოსპობს კორუფციას და ხელგაშლილობას საპატრიარქოში და იზრუნებენ ინსტიტუტის სხგვაგვარად განვითარებაზე. ასევე პოლიტიკისგან დაცლის ეკლესიებს).
4. საპენსიო რეფორმა გაუქმდეს და დაგროვილი თანხა მოხმარდეს უსახლკაროთა დასახლება-დაკარებას (მაინც ეშმაკმა იცის რას/ვის მომხარდება ეგ თანხა ან რა წონა ექნება ჩვენ რომ პენსიონერები გავხდებით და ჯობია აქვე გამოვიჩინოთ ქველმოქმედება, თან არაგონივრული რეფორმა შევწყვიტოთ).
5. დაიწყოს სასჯელების ჰუმანიზაცია-ლიბერალიზაცია, ანუ გადაიხედოს სისხლის სამართლის პოლიტიკა და პროპორციული სასჯელები დაწესდეს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სტანდარტების შესაბამისად.
6. ნივთიერებადამოკიდებული ხალხის დაპატიმრება შეწყდეს და შემუშავდეს მათთვის სარეაბილიტაციო პროგრამები!!!
7. შემუშავდეს/ამუშავდეს სავალდებულო პროგრამა მოძალადეებისთვის, რომლებიც მხოლოდ საპატიმროში კი არ გაატარებენ არაფრის კეთებაში დროს, არამედ ფსიქოლოგიურ-ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ და შეეცდებიან დაძლიონ სისუსტეები.
8. გაუქმდეს ქალთა პენიტენციური დაწესებულება იქ, სადაც ის ახლა არსებობს ფიზიკურად, ასევე მკაცრი რეჟიმის დაწესებულება მამაკაცი მსჯავრდებულებისთვის, ვინაიდან, ტეროტორია სადაც ეს ორი დაწესებულებაა აშენებული საცხოვრებლად/დროებით სამყოფლადაც უვარგისია.
9. ჩაერთონ მოსამართლეები კანონშემოქმედებით პროცესში და პრაქტიკაზე დაყრდნობით განახორციელონ სისხლის (და არა მხოლოდ) სამართლის კანონმდებლობის რეფორმა.
10. რეალური დეცენტრალიზაციის პროცესი დაიწყოს და მუნიციპალიტეტებს მიეცეთ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საშუალება.
11. სამედიცინო სფეროს სრული რეფორმირების პროცესის დაძვრა, მათ შორის, კერძო კომპანიების მიერ კონკრეტული წამლების გამოწერის შემთხვევაში ექიმების დაჯილდოვება! ხელფასების გაზრდა ადმინისტრაციული და საექიმო საქმის გამიჯვნა, საპენსიო ასაკის მქონე ექიმების რეზერვში ჩასმა და ა.შ.
12. გაეზარდოს გადასახადები სათამაშო ბიზნესს ისეთ მაქსიმუმამდე, რომ თავად გავიდნენ ქვეყნიდან.
13. შემუშავდეს ქალაქების განვითარების გეგმა და მშენებლობის არცერთი ნებართვა აღარ გაიცეს იმ შემთხვევაში, თუ მშენებელი არ დააკმაყოფილებს გამწვანების და რეკრეაციის ზონების მოწყობის საკითხს.
14. გაშენდეს ცენრტალური, ნამდვილი პარკი თბილისში და ყველა ქალაქში, სადაც შეძლებ პლედის წაღებას, უსაფრთხოდ წამოგორებას და წიგნის წაკითხვას.
15. საგანმანათლებლო სფეროს რეფორმის ათასმეერთეჯერ დაწყება! ეს არის პუნქტი, რომელიც ჩემი სურვილების სათავეში უნდა იყოს, თუმცა, ბოლოსთვის მოვიტოვე, რადგან ბოლო ლუკმა ყველაზე გემრიელი და მსუყეაო!
არაფერი გამოვა განათლების გარეშე! არ უნდა წარმოადგენდეს მცირერიცხოვან მოსახლეობაში განათლების პრობლემის ( და საერთოდ არცერთი პრობლემის) მოგვარება უდიდეს სირთულეს.
დავიწყოთ პირველი საფეხურიდან:
1. ბაღები: შენობა-ნაგებობების გამართვა, ვენტილაცია, გათბობა, სტაფის გადამზადება, ხელფასების ზრდა, შეუძლებელია ერთ ცვლაში იმუშაოს 1 მა მასწავლებელმა შესვენების გარეშე, შეუძლებელია ახალი კურსების, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გარეშე სრულფასოვანი აღმზრდელობითი საქმიანობის განხორციელება.
2. სკოლები: პროგრამა შეიმუშაოს მულტიდისციპლინარულმა გუნდმა: მასწავლებელი, განათლების მენეჯერი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ექიმი, სპორტის, ტექნოლოგიების წარმომადგენელი. დაწყებით ჯგუფებში სწავლება მიმდინარეობდეს თამაშით, ხალისით და არა დაშინებით და წივილ-კივილით. რასაკვირველია მასწავლებლის ხელფასის გაზრდა და პროფესიის პოპულარიზაცია!
3. უნივერსიტეტები: გადაიარაღება (თანამედროვე ბიბლიოთეკები, საკლასო ოთახები, სტუდენტური ბარათები), ტრენინგები, სტუდენტების მხარდაჭერა, პრაქტიკის შეტანა თეორიულ სწავლებაში! ლობირება დასაქმებისთვის და სტიპენდიების მრავალფეროვნება!
ეს სურვილები დიდი დაკვირვებისა და გამოცდილების შედეგად ჩამომიყალიბდა. კიდევ უამრავი საკითხი და თემაა, რომელიც მოგვარებას საჭიროებს, მაგრამ საბაზისო საკითხებით თუ არ დავიწყეთ, კი შეგვრჩა „ფენსი“ ფანტანები და შუშის ხიდები დემოკრატიის სიმბოლოდ.
მრავალ ახალ წელს მეგობრებო!