Wednesday, July 27, 2022

თბილისი პრაიდი

 ივნისის ბოლოს, რეგიონულ ლგბტქ კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით სიხარულით გავიარე ვერიფიკაცია. წესით, კონფერენციებზე ვერიფიკაცია არ მოითხოვება, მაგრამ გარემოებებიდან გამომდინარე ორგანიზატორებმა უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღეს.


ორგანიზატორები კი-თბილისი პრაიდი, საუკეთესო ახალგაზრდებისგან შემდგარი გუნდია, რომელიც უფრთხილდება თემის რეპუტაციას, ზრუნავს უსაფრთხოებასა და ლგბტქ ადამიანების უფლებების მაქსიმალურ დაცვაზე და უამრავი დაბრკოლების მიუხედავად მაინც ჩაატარეს პრაიდის კვირეული, რომელიც განვითარებული მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იმართება და არა თუ კვირა, არამედ მთელი თვე ეთმობა.


კონფერენცია მაღალი დონის იყო და ესწრებოდნენ ელჩები ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, ნორვეგიის, იაპონიის და ბევრი სხვა ქვეყნიდან. დიპლომატიური პროტოკოლის გათვალისწინებით, ამერიკის და ბრიტანეთის ელჩებმა, ისეთი ემოციური სიტყვით მოგვმართეს, რომ ცრემლები ძლივს შევიკავე. 



თუმცა, გრძნობების მოზღვავებულ ნაკადს ხელი აღარ შევუშალე როცა კონფერენცია მუსიკალური ჩანართით გამრავალფეროვნდა და სახელდახელოდ მოწყობილი სცენა დრეგ ქვინმა დაიკავა. სიმღერის ტექსტი და შესრულების მანერა (დაბალი ხარისხის ჩანაწერის მიუხედავად) ისეთი შთამბეჭდავი იყო, რომ ამეტირა და ყველა ტკივილი, დამცირება, ჩაგვრა, შეურაცხყოფა რომელიც ამ ადამიანებს განუცდიათ, თითქოს მეც გავიარე!  რამდენი სისასტიკის ატანა უწევთ?!  როგორი გაუმართლებელი და უსამართლოა მათ მიმართ მოპრყობა! და ეს ყველაფერი განსხვავებულობის, ჩარჩოდან გასვლის გამო!

კონფერენციაზე ლუკინოც წავიყვანე, რადგან სახლში მარტო ვერ დავტოვებდი და ერთი „ზედმეტი“ შეკითხვა არ დაუსვამს. მისთვის სრულიად ორგანული იყო ბიჭები საყურეებით, გრძელი თმებით, ფერადი ტანსაცმლით, გოგოები ტატუებით და პირსინგებით და ზოგადად ტრადიციული წარმოდგენისთვის მიუღებელი გარეგნობით წარმოდგენილი ადამიანებით. ისე გამიხარდა! თუმცა, არ გამკვირვებია! ვცდილობ სტერეოტიპებით არ გამოვუტენო თავი!

                                       ფოტო აღებულია თბილისი პრაიდის ფბ გვერდიდან

ჩემი განსაკუთრებული აღფრთოვანება კონფერენციის პანელისტებმა გამოიწვიეს. მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო -რეგიონი, რომელიც განსხვავებული კულტურით, რელიგიით და ისტორიით გამოირჩევა, მაგრამ ყველას ერთი რამ აერთიანებთ-ყოფილი საბჭოთა კავშირი, სადაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია სისხლის სამართლის კოდექსით ისჯებოდა. აქტივისტებმა და თემის წარმომადგენლებმა თამამად ისაუბრეს თავიანთ ცუდ თუ კარგ გამოცდილებაზე. განსაკუთრებული სატირულ-იუმორისტული გამოსვლა ჰქონდა მონაწილეს სომხეთიდან, რომელმაც შემოქმედებითი გზა აირჩია  აქტივიზმისა და თვითგამოხატვისთვის. უმალ დავაფოლოვე სოციალურ ქსელებში.


კონფერენციაზე ონლაინ ჩაგვერთო თემის წარმომადგენელი უკრაინიდან და მისი სიტყვები მწარედ ჩამრჩა მეხსიერებაში: “ომის დაწყებიდან ერთ დღეში, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, საელჩო, წარმომადგენლობა აღარ არსებობდა უკრაინაში! ყველამ დაგვტოვა და ეს მოხდა ერთ დღეში!“ უმძიმესი მოსასმენი იყო ეს სიტყვები და თითქოს გული გამიჩერდა ბრაზისგან, უმწეობისგან და შიშისგან! რამდენი საშინელება დაატყდათ ერთდროულად თავს! თუმცა, არსად გავიქეცით, აქ ვართ და ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს თემს და შეძლებისაგვარად ვეხმარებით ერთმანეთსო! მაგრამ მათი მთავარი კოშმარი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ ცხოვრებაა! მომეჩვენა, რომ დარბაზში ყველანი გავქვავდით და  ოლენას სიტყვის დასრულების შემდეგ ძლივს მოვახერხეთ ტაშის დაკვრა!


ასეთ ამაღელვებელ და ემოციური ღონისძიებაზე დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ და ვამაყობდი თბილისი პრაიდის გამო! ყოჩაღები, გაბედულები, ჭკვიანები და ნიჭიერები არიან! მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას ამ ახალგაზრდებს და ვისურვებდი ისეთ ქვეყნებში გვეცხოვროს, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ დაჩაგრავენ და გარიყავენ განსხვავებულობის გამო! სადაც, ყველას შეეძლება ისე ჩაიცვას, ისე გაერთოს და ისე იცხოვროს, როგორც მას წარმოუდგენია და მიაჩნია მართებულად!