Thursday, May 25, 2017

ტროტუარები თბილისურად

ბანალური თემის განხილვაზე გეპატიჟებით, მაგრამ მერწმუნეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთ საკითხებზე მსჯელობა, დისკუსია, დასკვნების გაკეთება, გამოსავლის ძიება და პოვნა! ყოველდღიურობა იმდენად შესისხლხორცებული გვაქვს, ისეთი დაპროგრამებულია ჩვენი ქმედებები, რომ ხშირად სერიოზული პრობლემები ყურადღების მიღმა გვრჩება.

რა არის ქალაქი? ვიკიპედია გვეუბნება: ქალაქი არის მსხვილი დასახლებული პუნქტი, რომელიც ასრულებს სამრეწველო, სატრანსპორტო,  სამეურნეო, კულტურული, პოლიტიკური, ადმინისტრაციული ორგანიზაციის ფუნქციებს.  ქალაქს ახასიათებს დასახლების დიდი სიმჭიდროვე და განაშენიანების კომპაქტურობა. ქალაქის იერის შექმნაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მის ადგილმდებარეობას, რელიეფს, პარკებს, სკვერებს, ბულვარებს, ეკლესიებს, კოშკებს, ანძებს და სხვა ობიექტებს.

სე იგი რაო, ქალაქი არის ადგილი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს და მის იერს განსაზღვრავს ინფრასტრუქტურაო! ინფრასტრუქტურის ნაწილია გზები, ტროტუარები, პარკები, სკვერები, ბულვარები.

თბილისში 2003 წლიდან ვცხოვრობ, ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში. მახსოვს, ძალიან მაწუხებდა დაბინძურებული ქუჩები, ურნების არ არსებობა, მეთექვსმეტე სართულიდან გადმოყრილი ნაგავი, პოლიეთილენის პარკებით შემოსილი ხეები, ჭუჭყიანი და შარდის სუნით აყროლებული ეზოები, სადარბაზოები და ლიფტები. კაცები,  რომლებიც იფურთხებიან და ცხვირს იხოცავენ ისე, რომ სირცხვილის ნაპერკწალიც კი არ გაიელვებს მათ გონებაში!

გამოხდა ხანი, გადავიტანეთ რევულუცია, დავიწყეთ რეფორმები, არ შემდგარი სახელმწიფოს სიიდან გადავინაცვლეთ განვითარებადი სახელმწიფოების სიაში, დავამარცხეთ ორგანიზებული დანაშაული და კორუფცია, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ ქალაქი მაინც ვერ დაემსგავსა ქალაქს! იგივე პრობლემები მაწუხებს რაც 14 წლის წინ, მიუხედავად იმისა, რომ ურნებიც გაჩნდა, დასუფთავების სამსახურიც ამოქმედდა და დასუფთავების ინსპექტორებიც კი გამოჩდნენ ქალაქში!

თამამად, მაგრამ ჩვენდა სამარცხვინოდ მინდა ვთქვა, რომ თბილისში არ არსებობს არც ერთი ქუჩა, რომელსაც აქვს სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილი გზა, ორმოების გარეშე, ზებრის ზოლი კარგად რომ იყოს გამოსახული, ავტობუსისთვის ცალკე სავალი ნაწილით და ტროტუარით, რომელზეც შეუფერხებლად გაივლის ქვეითი, ფეხით მოსიარულე, საბავშო ეტლით მოძრავი თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი! ზედმეტია საუბარი ქუჩისათვის აუცილებელ კომპონენტზე ხეებზე, განსაკუთრებით ისეთ ცხელ ქალაქში, როგორიც თბილისია ზაფხულში.

თბილისური ტროტუარების უმრავლესობა სავსეა მანქანებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, გარე მოვაჭრეებით, ჯიხურებით, სარეკლამო დაფებით, ელექტრო ბოძებით და არც ერთი მათგანი არაა ადამიანის კომფორტზე მორგებული. 

ზოგიერთ უბანში, თუ ქუჩაზე საერთოდ არ არსებობს ტროტუარი. ან არის მაგრამ რაღაც მონაკვეთში წყდება, მერე ისევ გრძელდება და უერთდება სამანქანო გზას. ძალიანაც რომ გინდოდეს ფეხით გავლა, ვერ გაივლი, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მცდელობა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ! 

ექსპერიმენტის ჩატარება თავადაც შეგიძლიათ, რომ ჩემი სიტყვების სისწორეში დარწმუნდეთ.  ერთ დღეს, როდესაც სახლიდან გახვალთ, აიღეთ თქვენი მობილური ტელეფონები და გადაიღეთ მონაკვეთი თქვენი ბინიდან მისასვლელ პუნქტამდე. 

ასე მოვიქეცი თავად რამდენიმე დღის წინ. ყაზბეგისა და პეკინის გამზირებს ჩამოვუყევი. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო გზა საკმაოდ ფართოა, მუდმივადაა საცობი, სავსეა ორმოებით, ზებრა ხაზები გადაშლილია და მძღოლმა გუმანით უნდა გამოიცნოს ტრასაზე დახატული საგზაო ნიშანი რაზე მიუთითებს. თუ გაგიმართლა და უვარგა მძღოლს გუმანი ხო გადარჩი, თუ არა და გიწევს გადარბენა ტრადიციული გინების თანხლებით, რომელიც არ დაგიმსახურებია!!! თუ ფეთქებადი ხასიათი გაქვთ და იწყებთ კონტრა გინებას, უფრო სკრუპულოზური ამბები ვითარდება, როგორიცაა: მძღოლი აჩერებს მანქანას, გადმოდის გაცეცხლებული და თქვენც არანაკლებ გაღიზიანებული მიემართებით მისკენ. დაწრმუნებული ვარ ასეთი ერთი დღე მაინც ჰქონია ყველა ჩვენგანს. რა სასიამოვნოა არა? იმის გამო, რომ ქალაქის მერია ვერაფრით ახერხებს ქუჩების მოწესრიგებას, მოქალაქეები, რომლებიც ამ ქალაქის ბიუჯეტს და ზოგადად სახელმწიფო ბიუჯეტს ვავსებთ, ვხოცავთ ერთმანეთს, ვიფუჭებთ განწყობას და ისედაც სტრესულ გარემოს კიდევ უფრო ვძაბავთ!

ცოტა დრო მქონდა და ვიფიქრე ფეხით გავივლი თქო. ნაწვიმარი იყო, თითქმის ყველგან გუბეები, ტროტუარზე მანქანები ისეთ პოზიციაში ჰყავდათ გაჩერებული, რომ ელასტიურობით თუ არ გამოირჩევით დიდი ალბათობით რომელიმე გუბეში ამოყოფთ თავს არა, მაგრამ ფეხს დანამდვილებით!

Add caption



 


Add caption


Add caption


Add caption


Add caption



Add caption

აი, ასე გამოიყურება დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები დღეს. თუ რომელიმე საკუთარ მანქანას ამოიცნობთ და თავს გაიმართლებთ იმით, რომ "აბა რა მექნა, სად დამეყენიბინა, პარკინგი არსადაა", გეტყვით, რომ ეს ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა. რა ქნათ და იფიქრეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, თქვენი შვილების, შვილიშვილების და ახლობლების მომავალზე. გადააგდეთ ეგ თქვენი 2000 თუ 5000 დოლარიანი ჯართი მანქანები და იარეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. 

გასაგებია, რომ მერია უნიათოა და ვერ ახერხებს ქალაქის ინფრასტრუქტურის დროულად მიხედვას, თქვენ რას აკეთებთ იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს სიტუაცია?

ესეც ვიდეო, რომელიც გადაღებულია პეკინის გამზირზე და რომელიც სიცოცხლისთვის ერთ-ერთი საშიში გადასასვლელია ამ ქალაქში, რადგან უტვინო ადამიანებმა შუქნიშანი ისე დაამონტაჟეს, რომ როდესაც ქვეითისთვის მწვანე ინთება, მარჯვენა ნაკადის სატრანსპორტო საშუალებისთვისაც მწვანდება და არავინ გაცდის გზის უსაფრთხოდ გადაკვეთას!!! 

ეს პატარა ნაწყვეტია იმ სახიფათო მომენტებისა, რომელსაც ყოველ დღე ვაწყდებით თბილისში მცხოვრები მოქალაქეები. წარმოგიდგენიათ რა ხდება გარეუბნებში, როცა ცენტრალური გამზირი ასეთ დღეშია? 

მაგრამ ამაში არ ვადანაშაულებ მხოლოდ მერიას ან მთავრობას, არამედ მოქალაქეებსაც, რომლებიც გამოირჩევით უკულტურობით, დიახ, გაკლიათ ქალაქში ცხოვრების კულტურა. მაპატიეთ ასეთი ტონი, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეთ. დიახ, შენ გეუბნები, რომელიც გადადიხარ იქ, სადაც არაა ზებრა ხაზი, არ სარგებლობ მიწისქვეშა გადასასვლელით, სამარშრუტო ტაქსს აჩერებ შუა ტრასაზე, ჩქაროსნულ ზოლში და ჩამოდიხარ ისე, რომ ვერც კი აცნობიერებ რა საფრთხეში აგდებ მძღოლსაც და საკუთარ სიცოცხლესაც. დიახ, შენ გეუბნები, რომელიც მანქანას აჩერებ ისე, რომ არ ფიქრობ ქვეითად მოსიარულეზე, შენ გეუბნები, ვინც იფურთხები ქუჩაში და ხმამაღლა იწმინდავ ცხვირს, ყრი ნაგავს, სიგარეტის ნამწვს ჩაუქრობლად აგდებ ურნაში, რომელიც მერე იწვის, ხრჩოლავს და გვწამლავს ყველას ერთად! შენც გეუბნები, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ უმსგავსობებს უყურებ მშვიდად და არაფერს აკეთებ მის შესაჩერებლად ან გამოსასწორებლად!

მეგობრებო, თანამოქალაქეებო, შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ ჩემს მოწოდებას. ნურც იმას იფიქრებთ, რომ მე იდეალურ ადამიანად წარმოვაჩენ თავს! თუმცა, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ზედმიწევნით ვიცავ ქალაქში ცხოვრების წესებს, შენიშვნებსაც ვაძლევ სხვებს და ბევრი უსიამო ისტორიაც დამიგროვდა ამის გამო. მაგრამ ვთვლი, რომ ეს ჩემი ვალია, შენი ვალია, ჩვენი ვალია! მოდი, ვისწავლოთ ქალაქელობა, გავხდეთ კულტურული მოქალაქეები, დავიცვათ ჩვენი და სხვისი უფლებები, პატივი ვცეთ პირად და საჯარო სივრცეებს და ნუ დაველოდებით როდის გააკეთებს ამას სხვა.

ქალაქის მერიას კი ვთხოვდი მეტი ურბანისტი ჩართოს დაგეგმარების პროცესში, მეტი პროფესიონალი დაასაქმოს გამწვანების, მშენებლობის თუ რეაბილიტაციის საქმეში. გრძელვადიან პერსპექტივაზე იფიქროს და არა მოკლე ვადიან და ადამიანებისთვის საშიში პროექტების დაფინანსებაზე, რომელიც დღეს მომგებიანია კომერციულად, მაგრამ საშვილთაშვილო ზიანს აყენებს ქალაქს!




Tuesday, May 16, 2017

ღვინის ფესტივალი


ხალხმრავალ ადგილებში სიარული ჯერ კიდევ ძალიან მიყვარს. ჯერ კიდევ იმიტომ, რომ საცაა 39 წლის გავხდები და სტერეოტიპული მიდგომით მშვიდი და ნაკლებად ხმაურიანი ღონისძიებები უნდა მხიბლავდეს. მაგრამ მე ხომ მთელი ცხოვრება ვებრძვი ჩარჩოებს, კლიშეებს, სტიგმებს. არაა იოლი საქმე მე და ჩემმა ღმერთმა 💪

13 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი მერვედ გაიმართა მთაწმინდის იგივე ბომბორას პარკში, თბილისში. განსაკუთრებით მოვემზადეთ ამ დღისთვის. ლუკინო ბებოს და ბაბუს დავუტოვეთ, ზურგჩანთა ავავსეთ პლედებით, მოსაცმელებით, წყლით და ბოლოს ყელზე ჩამოვიკიდე ამ დღისთვის განკუთვნილი ატრიბუტი - ფეხიანი ღვინის სასმისი (ე.წ. ბოკალი) რომელსაც ფესტივალის ლოგო ამშვენებს და წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვიყენებ.

ავტობუსით წავედით, მშვენიერი მზიანი ამინდი გამოვიდა. მალე მივუახლოვდით ბობმორას პარკს, სადაც ნიუ იორკს რომ შეშურდებოდა ისეთი საცობი დაგვხვდა. ბოლო გაჩერებამდე მისვლა შეუძლებელი იყო, ამიტომ ფეხით განვაგრძეთ გზა. მაგრამ სავალ ნაწილზე, რადგან ტროტუარი ოკუპირებული იყო ჩვენი თანამოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებით.

პარკში უამრავი ხალხი დაგვხვდა, მწვადის სუნიანმა ჰაერმა მომენტალურად გამომიკეთა გზაში კინაღამ წამხდარი განწყობა და მხიარული გამომეტყველებით შევერიეთ საკმაოდ ფერად მასას. თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ ტურისტები მომრავლებულიყვნენ, განსაკუთრებით კი მეზობელი ქვეყნებიდან.

სტენდები ორგანიზებულად იყო განლაგებული, როგორც მთავარ მოედანზე, ისე მის გარშემო. კონსულტანტები, თუ ის ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ კომპანიას წარმოადგენდნენ ძალიან კეთილგანწყობილი, თავაზიანები და ღიმილიანები იყვნენ. ზოგიერთი კარგი იუმორითაც კი გამოირჩეოდა. მოთმინებით პასუხობდნენ ცოტა თუ ზედმეტად შეზარხოშებული სტუმრების შეკითხვებს. გვიხსნიდნენ ყურძნის ჯიშსა და წარმომავლობას,  გვიყვებოდნენ ღვინის დავარგების ტექნოლოგიებზე, ახალ თუ დავიწყებულ მაგრამ აწ უკვე აღდგენილი ვაზის ჯიშებზე. წასახემსებელიც უხვად იყო წარმოდგენილი: შოთის თუ რუხი პურები, გუდის ყველი, შებოლილი სულგუნი, თხილი, ჩურჩხელები და ათასი ნუგბარი.

რა თქმა უნდა უამრავი გემრიელი ღვინო დავაგემოვნეთ. მეგობარ-ნაცნობებიც ვნახეთ და ხონის სასულე ორკესტრსაც მოვუსმინეთ. ხომ გახსოვთ პოპულარული ფრაზა "იმერულ ესკიზები"-დან "ჩვენი კანტორის ბიჭები მოდიან და კაი მუსიკა დოუკარით"-ო, სწორედ ის ორკესტრი მოიწვიეს ფესტივალის ორგანიზატორებმა. ცოტა სევდიანი იყო ეს სანახაობა, მოძველებული ინსტრუმენტები, დაბალშემოსავლიანი მუსიკოსების ცოტა დამორცხვებული სახეები და რეპეტიცია დაკლებული შესრულება ამდენი გალაღებული და ქალაქური ცხოვრების სტილით განებივრებული ადამიანის წინაშე-კუშტურიცას რომელიღაცა ფილმის ნაწყვეტს ჰგავდა.
 

ორკესტრს მალევე გავცდით და გავაგრძელეთ ღვინოების დეგუსტაცია. ამ წლის აღმოჩენა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იყო გურამიშვილის მარნის შავკაპიტო, ბუზა და დანახარულის  ბუკეტი, წითელი მშრალი ღვინო. არც ისე მსუბუქი ტონალობის, ლალისფერი, ჰარმონიული სასმელი გემრიელად ჩაედინებოდა სხეულში და გრძნობდი, როგორ ათბობდა და იქცეოდა შენი განწყობის ნაწილად. ასეთი ღვინო ნამდვილად იმსაუხურებს შექებას. როგორც აგვიხსნეს ქართლის უძველესი ჯიშები აღადგინეს და ასე მიიღეს ჯადოსნური არომატი.
ცოტა ხანში იმერულ ეზოსაც მივადექით. ციცქა-ცოლიკოურის გემო მშობლიური მხარის სურნელს ატარებდა და ერთიორად ამძაფრებდა დიონისეს ზეიმს. ხაჭაპურები, იმერული ყველი და უხვად შევსებული სასმისები ნამდვილად გამოარჩევდა ამ სტენდს ყველა დანარჩენისგან.  ბაიას ღვინოების დანახვამ ძალიან გამახარა.  მხოლოდ ინტერნეტიდან ვიცნობდი. მივესალმე, შევაქე, მივულოცე ფესტივალზე გამოსვლა და წარმატება ვუსურვე. ყურებამდე გაღიმებული მისმენდა და დაუნანებლად მისხამდა საკუთარი შრომით დამზადებულ ღვინოს.

ყველაზე დიდხანს რა თქმა უნდა იმერულ ეზოში შემოვრჩით. სალომეც აქ ვნახე, ჩემი წითელთმიანი ნათლული, რომელიც უკვე პატარა, მიამიტი ბავშვი კი არა, ზრდასრული გოგოა,  მკაფიო გეგმებით და იდენტობით: მე რობერტიას შვილი ვარ!

მგონი ყველა იცნობთ რობის, მაგრამ თუ არასდროს გაგიგიათ მის შესახებ, ა ბატონო! 

  

ამ პოსტში რამაზიზე რომ არ მოგიყვეთ არ გამოვა! რამაზი, იგივე ჩეკა, ჩემი საამაყო ყმაწვილქალობის ეპოქის დროინდელი მეგობარია. აქ დაგპირდით, რომ ბევრ ამბავს მოგიყვებოდით ნიღბების კლუბზე, იქ გაცნობილ ადამიანებზე და აჰა, ერთ-ერთი სწორედ რამაზია. რამდენიმე წელია რაც თავის მამულს დაუბრუნდა და ქვევრის ღვინოების წარმოებას მიჰყო ხელი. რამაზ ნიკოლაძის მარანი ღვინის მოყვარულებმა კარგად იციან. საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენებში ხშირად მონაწილეობს და  ცდილობს წარმოაჩინოს საქართველო მსოფლიოს მეღვინეობით სახელგანთქმული ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. ცოტა ვიჭუკჭუკეთ, ვიცინეთ, ფოტოები გადავიღეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. 



ქალაქში დასაბრუნებელი საბაგიროს რიგი მართალია გრძელი კი იყო, მაგრამ ისეთი მოწესრიგებული და ჩუმი, რომ წამით თბილისში კი არა მიუნჰენში მეგონა თავი. კიდევ კარგი, ღვინის მარაგი თან გვქონდა და მსუბუქად შეზარხოშებულები  მე და ზაზა შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით ერთმანეთს.  უცებ გამახსენდა, რომ საბაგიროს ბარათი სახლში დამრჩა. ჩვენს უკან რუსულად მოლაპარაკე წყვილი იდგა. ვთხოვე თანხას თქვენს ბარათზე ჩავრიცხავთ თქო და რა თქმა უნდა სიამოვნებით გამოგვიწოდეს საბაგიროს ბარათი. რიგი ნელა მიიწევდა წინ და რასაკვირველია გავაბით მუსაიფი.  სანკტ პეტერბურგელი წყვილი აღმოჩნდა, უკვე მერამდენჯერ სტუმრობდნენ საქართველოს, ხვალ ბორჯომში მიემგზავრებოდნენ, ღვინის მარაგიც მშვენივრად შეუვსიათ. 





მოგვიყვნენ რამდენად დადებითი რეკლამა უკეთდება საქართველოს თავიანთ ქვეყანაში, როგორ სურთ მათ გარშემომყოფებს აქ ჩამოსვლა და რომ თავად კიდევ არა ერთხელ ესტუმრებოდნენ ჩვენს სამშობლოს. ასევე, აღნიშნეს, რომ ბევრს მოგზაურობენ, მაგრამ ასეთი სტუმართმოყვარე ხალხი არსად უნახავთ. გვეამა ეს ამბავი, რა ჯობია კარგს რომ ისმენ შენიანებზე, თან როცა იცი, რომ ეს სიმართლეა. კი გამოვესარჩლე სხვა ხალხებს და ვთქვი, რომ შოტლანდიაში, გერმანიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში გამოუწვდიათ დახმარების ხელი, მაგრამ საბოლოოდ სანკტ პეტერბურგელი წყვილი და ჩვენც ერთხმად შევთანხმდით, რომ ამ მრხივ ქართველებს ვერავინ შეგვედრება. ამასობაში ქალაქშიც დავბრუნდით, ვახშამზე დავპატიჟეთ სტუმრები, თუმცა სხვა გეგმები ჰქონდათ და მხოლოდ ფეისბუქზე დამეგობრებით შემოვიფარგლეთ ამჯერად. 


ასე დასრულდა კიდევ ერთი შაბათი და ახალი ღვინის მერვე ფესტივალი.





Friday, May 5, 2017

ლუქს ტყუილი VS ლუქს ვერ მოტყუებული

იცით რაზე უნდა მოგიყვეთ? ვითომ ჯადოსნურ გარემოზე, თოჯინებად ქცეულ გოგოებზე, ზომბებად გადაქცეულ პროფესიონალებზე, რომლებიც ვინ იცის და ექიმობაზე, ესთეტიური მედიცინის მუშაკობაზე ან სულაც პლასტიკურ ქირურგობაზე ოცნებობდნენ...

აი, ხომ გქონიათ ის მომენტი, ტრანსპორტში რომ ზიხართ და სადაცაა თქვენს გაჩერებას მიუხლოვდება სამარშრუტო ტაქსი, ამიტომ იწყებთ მომზადებას: უნდა შეინახო მობილური, ამოიღო საფულე, ან იპოვო მეტრომანი, თანაც დაგეგმო სტრატეგიულად როგორ გადააბიჯო შენს გვერდით მჯდომს ისე, რომ არ გადაუარო ფეხზე ან სახეში არ მოარტყა ხელჩანთა და სწორედ ამ დროს ტელეფონზე გაისმის ზარი! სადღაც ჩაკვეხებულ ტელეფონს ძლივს პოულობთ და უცხო ნომერს დაუფიქრებლად პასუხობთ:
-ალო..
-ქალბატონო ლიზა, მოგესალმებით,სასიამოვნო საღამოს გისურვებთ,იმედია კარგად ბრძანდებით,თქვენ მოხვდით ჩვენს VIP აქციაში და ექსკლუზიურად გადმოგეცათ ჩვენი ლუქს ბრენდის 1 დღიანი მომსახურება,ჩაგიტარდებათ სახის ლიფტინგი, მსუბუქი პილინგი.............................................................................

5 წუთიან ტექსტს ისე ამბობს ეს გაწვრთნილი, დახვეწილი ხმა, რომ პაუზას არ აკეთებს. შესაბამისად, არ გეძლევა შესაძლებლობა, რომ შეეპასუხო.

გოგონებს გეცნოთ ალბათ, თბილისში ფესვებგადგმული, აწ უკვე გაფართოებული, კოსმეტიკური კომპანია, რომელიც მომხმარებელს ლუქს ბრენდის პროდუქციას და ექსკლუზიურ მომსახურებას სთავაზობს სულ რაღაც 1000000000000000000 ლარად.
ერთხელ ამ კომპანიაში 2015 წელს აღმოვჩნდი. თუმცა, ჩემი ‘დაბოლება’ ვერ მოახერხეს და ბუნებრივია, ცდილობენ ‘დანაკარგი’ ამოიღონ და ურჩი ‘მომხმარებელი’ მოათვინიერონ. იმდენად მიმზიდველი იყო ის მომსახურება, რასაც სასიამოვნო ხმა მთავაზობდა, რომ დავთანხმდი. თუმცა, აბსოლუტურად გაცნობიერებული მქონდა გამოწვევა, რის წინაშეც პროცედურის დამთავრების შემდეგ დავდგებოდი. შევედი გალაპლაპებულ, ბრჭყვიალა დარბაზში, მივაწოდე პირადობა და მოთმინებით დაველოდე ჩემს დროს.

„ჩილაუთ“ მუსიკა, მოიასამნისფრო ფერები, ვარდის სურნელი და გაღიმებული ადამიანები ირგვლივ, მართლა აძლევდა ჯადოსნურ ელფერს ამ გარემოს.
მალევე გამოჩნდა იმ ინტერიერივით გალაპლაპებული, თეთრ ხალათში გამოწყობილი და მსოფლიოში ყველაზე მაღალ ქუსლებზე ‘ამხედრებული“ კონსულტანტი. ხმამაღლა და გამოთქმით წარმოთქვა ჩემი სახელი და გვარი და ისე გამიღიმა, გეგონებოდათ მორიგ კლიენტს კი არა ოცნების მამაკაცს შეხვდაო.
მორჩილად გავყვევი და ჩავჯექი ფუმფულა სავარძელში, ჩემს პირისპირ მოკალათდა მოკაშკაშე გოგონა, თვალი თვალში გამიყარა და დაიწყო საუბარი ‘ჭეშმარიტ ღმერთზე“...
თვალს არ ვარიდებდი და ვცდილობდი არ გამცინებოდა. მინდოდა გამომეცნო რამდენი წლის იყო, რა უნდოდა გამხდარიყო, სჯეროდა თუ არა იმისი, რასაც ამბობდა და ყველაზე მეტად მინდოდა მეკითხა რამდენი ჰქონდა ხელფასი. თუმცა, რასაკვირველია არც ერთი შეკითხვა არ დამისვამს მისთვის.

კანის დიაგნოსტიკის შემდეგ, რომელიც კიდევ ერთი გალაპლაპებული ექსპერტის დასკვნით დრამატული იყო და კიდევ კარგი რომ მივედი მათთან, თორემ ნაოჭები და პიგმენტური ლაქები უდროოდ გადაუვლიდნენ ჩემს სახეს, გოგონამ ისევ თავის ოთახში დამაბრუნა. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მომათავსა და დაიწყო საკმაოდ სასიამოვნო და სურნელოვანი პროცედურები. მოვდუნდი და ვეცადე მაქსიმალური განტვირთვა მომეხდინა, მაგრამ ვინ დამაცადა!!
გოგონა დაზეპირებული ტექსტით ტვინს ბურღავს. მიხსნის, რამდენად აუცილებელია მოვუაროთ სახის კანს, თორემ მას შემდეგ რაც ჩვენ მიმზიდველები აღარ ვართ ჩვენი მეუღლეებისთვის, ისინი უმალვე სხვა ქალისკენ მიიწევენ რომელიც, უფრო მოვლილი და გალაპლაპებულია!

ოჰ, არა! როგორ ავუხსნა ამ გოგოს, რომ სასტიკად ცდება! როგორ დავაწვინო ჩემს ადგილას და წავუკითხო 'სახარება' თანასწორობის, გულწრფელობის, სიყვარულის, ლტოლვის, ვნების და ათასი რამის შესახებ, რაც არაფერ კავშირშია კანის სიგლუვესთან!
მოკლედ, ჩემი განტვირთვის მცდელობა კრახით დასრულდა და ისე დამაღონა ამ ლამაზი, ერთი შეხედვით გონიერი გოგონას მდგომარეობამ, რომ გადავწყვიტე, აღარასდროს მოვსულიყავი ამ ადგილას, მესამედ!

პროცედურა დასრულდა და დადგა ყველაზე გადამწყვეტი მომენტი! ისევ ერთმანეთის პირისპირ მოვთავსდით ფუმფულა სავარძლებზე და გოგონამ დაიწყო იმის გარკვევა, თუ რა თანხას გავიღებდი ყოველთვიურად საკუთარი კანის უკვდავსაყოფად! გარკვეული თანხა დავუსახელე, კმაყოფილმა გაიღიმა და მითხრა, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან მას ისე მოვეწონე, იმდენად პოზიტიური ქალბატონი ვბრძანდებოდი, რომ მენეჯერთან მიშუამდგომლებდა პროდუქტის უპროცენტო განვადებით შესაძენად!!! მთხოვა ოთახში დავრჩენილიყავი, თითონ კი იისფერ კარს მიღმა გაუჩინარდა.

კიდევ ერთი დაზომბირებული გოგოს ნახვა საბოლოოდ გამიფუჭებდა ხასიათს, ამიტომ გავითამაშე სცენა. ოთახში შემოსვლისთანავე დავაფიქსირე ჭერზე, კუთხეში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა. დემონსტრაციულად წამოვდექი. ჩანთიდან, მობილური ტელეფონი ამოვიღე და გავაბი საუბარი, მივიღე ოდნავ შეშფოთებული სახე, ჩანთა მხარზე ნერვიულად გადავიკიდე, გამოვარდი ოთახიდან, გავიარე ლილისფერი დერეფანი, მივუახლოვდი ადმინისტრატორს და ვუთხარი, რომ სასწრაფოდ უნდა გავქცეულიყავი, აუცილებელზე აუცილებელ საქმეზე და რომ ძალიან ვწუხდი ამის გამო....
გამოვედი თუ არა ამოვისუნთქე. მაგრამ კონსულტანტ გოგონაზეც ვფიქრობდი, იმედი მქონდა, რომ სცენა ოსტატურად გავითამაშე და მას არ 'დასჯიდნენ' იმისათვის, რომ კლიენტი ოთახიდან გაექცა....

თბილისის ტყვიით გაჯერებულმა ჰაერმა გონზე მაინც მომიყვანა და ნელი ნაბიჯით გავუყევი გზას, რომელიც ისეთივე დასახიჩრებული და ორმოებიანი იყო როგორც ლუქს ბრენდის თანამშრომლების ტვინები.....