Friday, December 3, 2021

ოსლოს დაიჰმანის ბიბლიოთეკა

გქონიათ შანსი საჯარო ბიბლიოთეკაში ელექტრო პიანინოზე დაგეკრათმე აქამდე არასდროს გამიკეთებია ეს და იცით რატომ? უბრალო მიზეზი, მუსიკალური კუთხე საქართველოს არცერთ ბიბლიოთეკაში არსებობს.

სიმართლე გითხრათ, არც სხვა რომელიმე ქვეყანაში მინახავს თანამედროვე ბიბლიოთეკა, სადაც პიანინოზე, დრამზე ან გიტარაზე დაკვრა შემეძლებოდა. არ ვგულისმხობ საექსპონანტო როიაილებს, რომლებიც სპეციალური ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი და მხოლოდ გამორჩეულ პიანისტებს შეუძლიათ მათთან მიახლოება და დაკვრა.

ვგულისხმობ დაიჰმანის ახალ საჯარო ბიბლიოთეკას, რომელიც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოშია განთავსებული ცენტრალურ ადგილას. ის 1985 წელს დაარსდა, 22 ადგილობრივ ბიბლიოთეკას მოიცავს და ნორვეგიაში ყველაზე ძველი და დიდი საჯარო ბიბლიოთეკების ქსელს წარმოადგენს. 2020 წლის ივნისში დაიჰმანის ბიბლიოთეკა ახალ აშენებულ, თანამედროვე შენობაში გადავიდა და ეს არის ადგილი, რომელიც არაფრით უნდა გამოტოვოთ თუ კი ოსლოს ესტუმრებით.

                                       

შენობა გარედანაც  მომხიბვლელია, მაგრამ შედგამთ თუ არა ფეხს, ჯადოსნურ სამყაროში ხვდებით. სკანდინავიური სუსხისგან შეციებულ სხეულს სასიამოვნო სითბო და საშობაოდ მორთული ნაძვის ხე გეგებება. იქვეა ჭადრაკის დიდი ფიგურები, რომელიც იატაკზეა მოთავსებული და ნებისმიერს შეუძლია ითამაშოს. ელექტრო დაფაზე ბიბლიოთეკის რუკაა წარმოდგენილი, რომელიც პირველად შესულს საუკეთესო გიდობას უწევს. თუმცა, მხოლოდ ტექნოლოგიის იმედად არაა დატოვებული მისაღები. ორი თანამშრომელი ღიმილიანი სახით მოგაწვდით ნებისმიერ ინფორმაციას და დაგაკვალიანებთ ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომი ყველა რესურსის შესახებ.

ოთხსართულიანი შენობა ცნობილმა არქტიტექტორმა ლუნდ ჰაგენმა და Atelier Oslo Architect-მა ააშენეს, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შემდეგ. ხარისხი, პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ადამიანებზე ზრუნვა ყველა კუთხეში იგრძნობა. ყველაფერზე ნაფიქრი და ნამსჯელია, ყველანაირი ასაკის და შესაძლებლობის მქონე ადამიანზეა მორგებული იქაურობა. ესკალატორები, პანდუსები, კიბეები,  სასადილო სივრცე, კაფე, კერძო/პირადი შეხვედრებისთვის იზოლირებული ოთახები, ბავშვებისთვის განკუთვნილი სართული უამრავი საბავშვო წიგნით, აუდიო თუ ვიდეო და ვიზუალური არტ დაფებით, პარკინგის ადგილი საბავშვო ეტლებისთვის, კომპიუტერული სივრცე, მოსასვენებელი, წიგნსაცავი, მულტიმედიათეკა, სუვენირების მაღაზია და ბოლოს მუსიკალური კუთხე, რომელმაც საბოლოოდ აღმაფრთოვანა. 




ელექტრო დრამები, გიტარები და პიანინო მიმზიდველადაა დამონტაჟებული ეკრანებთან ყველა საჭირო ატრიბუტიკასთან ერთად. ელექტრო პიანინოსთან მოვკალათდი. ყურსასმენები მოვირგე და დაკვრა დავიწყე.  შვიდწლედი სოლფეჯიოსა და ფორტეპიანოში წარჩინებით დავასრულე გასული საუკუნის 80-იანებში და მას შემდეგ ფრაგმენტულად ვუკრავდი. თუმცა, ბოლოს ქუთაისში დედაჩემთან სტუმრობისას თუ დავუკრავდი რამე საბავშვო მელოდიას. ახლა კი, მარტო საკუთარ თავთან და ელექტრო პიანინოსთან ყოფნა, ოსლოში, საჯარო ბიბლიოთეკაში, იდუმალებით მოცულ, მყუდრო, მზრუნველ, თბილ და ქუნქულა სამყაროში ყოფნას ჰგავდა. ვუკრავდი აბსტრაქტულ მელოდიას, კლავიშებიდან წამოსული წკრიალა ჟღერადობა იავნანასავით ჩამესმოდა მაღალტექნოლოგიური წარმოების დინამიკებიდან და სიამოვნების ტალღებით ავივსე. რა ცოტა რამ გვაბედნიერებს, რა მცირედით შეგვიძლია ავიდეთ ცაში, გავინავარდოთ ღრუბლებში, შევეხოთ მარადიულობას და კვლავ დავეშვათ მიწაზე, გაკეთილშობილებულები.



დიდხანს გამყვება ის საოცარი განწყობა და შეგრძნებები, რომელიც ოსლოს დაიჰმანის ბიბლიოთეკაში ყოფნისას განვიცადე. ყველაზე ძალიან ახლა ის მსურს, რომ საქართველოშიც გვქონდეს სულ მცირე ერთი ასეთი შენობა, რომელიც ყველა ადამიანს ფართოდ გაუღებს კარს და შეუძღვება ლიტერატურის, მუსიკის, წიგნის მშვენიერ სამყაროში. ადგილი, სადაც ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, საკუთარ თავთან ყოფნის, დასვენების,  შემეცნების და გართობის საშუალებას მოგვცემს.

 

 

 

 

 

 

 

 

Wednesday, December 1, 2021

მე და ჩემი ბიჭი მეგობრები!

ერთი ძალიან ძველი მეგობარი მყავს, ლაშა რომელსაც არაჩვეულებრივი მეუღლე თიკო ჰყავს გვერდით და რაც თავი მახსოვს, სულ ელოდება ჩემგან ისტორიას, როგორ ვმეგობრობდი სრულიად გამორჩეულ და გადარეულ ბიჭებთან. ვინც წერთ, კი მოგეხსენებათ, რომ წერას მუზა სჭირდება და ეს მუზა კიდევ, დიდი პრეტენზიული ვინმეა. მოვა, დამხედავს, თავს გადააქნევს, ნწ, ნწ, არ ხარ ფორმაში-იტყვის და დამტოვებს...

ჰო და დღეს მომაკითხა, აშკარად მოვეწონე და ბებიას შვილიშვილი რომ მიუცუცქდება ზღაპრის მოსასმენად, ისე ჩამომიჯდა დივანზე და დიდი, ბრიალა თვალებით შემომცქერის. თითქოს სიტყვასიტყვით უნდა ამომათქმევინოს ის განცდა, სიყვარული და მოგონებები, რომელიც ჩემს მეგობრობას უკავშირდება საპირისპირო სქესთან.

ბიჭებთან მეგობრობა საინტერესოა, დაბრკოლებებით სავსე და ზღვარზე სიარულს ჰგავს. თუმცა, ამაზე მოზარდობისას არასდროს მიფიქრია. თინეიჯერობაში მეგობრობა ხომ დაუძალებლად მოდის. მხოლოდ საერთო ინტერესების, მისწრაფებების და თუნდაც მუსიკალური გემოვნების გამო შეიძლება ემეგობრო ადამიანს. ასეთი ურთიერთობები უძვირფასესია, რადგან არანაირ მერკანტილურ გათვლებზე არ დგას. მხოლოდ ემოციები, სიყვარული და ერთად ყოფნის სურვილი. ზოგადად, ვთვლი, რომ ბედნიერი და იღბლიანი ქალი ვარ, რადგან უამრავ საოცარ ადამიანს შევხვდი დედამიწაზე და მათთან ერთად ცხოვრების უმნიშვნელოვანეს დღეებს ვატარებ. 

ლაშას გაცნობის ისტორიას მოგიყვებით: ჩემი საუკეთესო გოგო მეგობარი მუსიკალურ მაღაზიაში შევიდა, სადაც კასეტებს ყიდულობდა  ხშირად და მაღაზიის მფლობელმა შესთავაზა ლაშაც გაცნობა, რომელიც მელომანი და მუსიკალური გემოვნებით გამორჩეული ბიჭი იყო ქუთაისში. 

ჩემი მეგობარი უყოყმანოდ დათანხმდა. თუმცა, მარტო წასვლა ამჯობინა პირველ შეხვედრაზე. დარწმუნდა რა ლაშას სანდოობაში და გაიგო რა, რომ ეს ბიჭი მუსიკალურ წრეში ტრიალებდა, მეც წამიყვანა და გამაცნო ლაშა, რომელმაც შემდეგ გაგვაცნო რობი კუხიანიძე, მრაჩნი, კაკაჩა, ბუშტია, გაგრა, ბათუმი და საბოლოოდ ეს მეგობრობა „ნიღბების კლუბში“ გადაიზარდა. „ნიღბების კლუბი“ იყო ერთი პატარა ოთახი ქუთაისის ცენტრში, რომელიც რობის დედამ დაგვითმო და რომელშიც მინიმუმ 40 კაცი ვეტეოდით, არ მკითხოთ როგორ? პასუხი არ მაქვს :D

ახლა კი ვიცი რატომაც, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ იყო ასე ცოტა (3 -4) გოგო ნიღბების კლუბში. აქ ნახავდით მხატვრებს, მუსიკოსებს, პოეტებს, მწერლებს, პანკებს, მეტალისტებს, მელომანებს, ქართული როკის მამებს, მსახიობებს, ჟურნალისტებს, ტელე-ოპერატორებს, ფოტოგრაფებს, მდიდრებს, უსახლკაროებს, გამოდევნილებს,  ჩაგრულებს და ყველაზე ჩაკლულ სულებსაც კი. თუმცა, ყველას გვაერთიანებდა თავისუფლების უკიდეგანო შეგრძნება.

ფოტო ლაშას არქივიდან 

ნიღბების კლუბი იყო სივრცე ცენზურის, შეზღუდვების, ვალდებულებების გარეშე. თითქმის აკრძალული მუსიკით, სიგარეტის კვამლით და დამოუკიდებლობის ბინდით გაჟღენთილი. თითქოს სქესი არავის გვქონდა. ყველანი ერთ მეამბოხე, თავისუფლების, მისტიურობის, უსასრულობის ძიებით შეპყრობილი ერთიანი ორგანიზმი ვიყავით, რომლებიც ყოველი თვის 8 რიცხვში კონცერტებს ვაწყობდით, განსხვავებულად ვიცვამდით, ვეწეოდით, ქუთაისურ ლუდს "აიას" , "ბებოს არაყს" ვსვამდით და რაღაც ახლის დამკვიდრებას ვცდილობდით ჩვენს გაღატაკებულ, საბჭოთაკავშირგამოვლილ ქარიან ქალაქში.

ღონისძიებებზე ხანდახან ერთადერთი გოგო ვიყავი და განსაკუთრებით მივლიდნენ, ჩემთვის ყველაფერი მოიძებნებოდა. ამას სულ ვგრძნობდი და ვუფრთხილდებოდი. დროთა განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა ნათლია-ნათლულობაში ან სამუდამო მეგობრობაში გადაიზარდა და ის წლები განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით მავსებს.

 ფოტო კვლავ ლაშას არქივიდან

მაშინდელ პატრიარქალურ, ჩამორჩენილ საზოგადოებაში არ იყო იოლი თამამი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ახლა ჩვეულებრივი ამბავია. ჰო და ვამაყობ, რომ გოგონების პირველ როკ ჯგუფში „მედპერსონალში“ რითმ გიტარაზე ვუკრავდი, რომ ჩემი ერთადერთი სიმღერა „დამანებეთ თავი“ ირაკლი ჩარკვიანმაც კი იმღერა, რომ რობი კუხიანიძემ მითხრა: „გოგო, ამდენი ხანია ვცდილობ ჩემი სათქმელი ვთქვა და შენ ერთი სიმღერით შეძელიო“, რომ უამრავი გოგოსთვის მისაბაძი ვიყავი (ჰაჰ, დღემდე ვარ), რომ შემეძლო საზოგადოების წნეხისგან თავი დამეცვა, რომ წამეკითხა უამრავი „აკრძალული“ წიგნი, რომ მევლო ქალაქის ქუჩებში ბევრ უცნაური გარეგნობის ბიჭთან ერთად (თავადაც დახეული, "ბულავკებიანი" ჯინსებით, ტუჩის ჰარმონიკით და კობეინის მაისურით), რომ წავსულიყავი სხვადასხვა ქალაქებში როკ კონცერტებზე, რომ მეოცნება და ვყოფილიყავი ის, ვინც ვიყავი.

ფოტო ლაშას არქივიდან

დიახ, ეს დიდი ამბავი იყო ბნელ 90-იანებში და ახლაც ასეა. თვითმყოფადობა ყოველთვის რთულია და დიახ, მე მიყვარს სირთულეების გადალახვა. ჩემი ბიჭი მეგობრები ჩემს მეუღლესაც ძალიან უყვარს, უკვე ოჯახებით ვმეგობრობთ. ერთი კვირის წინ სტოკჰოლმში ჩავედი საქმიანი ვიზიტით. რასაკვირველია წასვლამდე ანდრეის მივწერე, მოვდივარ და ხო გცალიათ შენ და ბექას, რომ გნახოთ თქო.  ანდრეი ბოლოს 20 წლის წინ ვნახე ქუთაისში, ბექა კი მხოლოდ 6 წელია არ მენახა. შეხვედრა იყო ჩახუტებისა და სიხარულის! ბევრი ვიარეთ, ანდრეიმ სტოკჰოლმის გიდის როლი მოირგო, დაწვრილებით მიყვებოდა სხვადასხვა ისტორიებს, მეც ვუზიარებდი ჩემს ამბებს, გზადაგზა ფოტოებს ვიღებდით. ბექას მწვანე თმიანი მეუღლე ჩუმად იყო და გვაკვირდებოდა ალბათ აღფრთოვანებით 😊



როცა ძალიან შეგვცივდა, მოგვშივდა და დავიღალეთ, ანდრეის სახლისკენ გავემართეთ. სახლში, სადაც არასდროს ვყოფილვარ, ისე შევაბიჯე, თითქოს დიდი ხანია ვიცნობდი იქაურობას. ბუხართან მოვკალათდი, ანდრეიმ ცეცხლი დაანთო და ალისფერი სხივები მაგიურ ტალღებად ჩაგვეღვენთა სხეულებში, გავთბით, გავხალისდით. სოფომ, ანდრეის მეუღლემ, მექსიკურ სამზერულოს გვაზიარა, რომელიც შვედური დესერტით დაგვირგვინდა და ნამდვილი გემოების ფეირვერკად იქცა.





თუმცა, ყველაფერი წინ იყო. სახლის მახლობლად ანდრეის და სოფოს სახელოსნო ჰქონიათ რომელიც ნიღბების კლუბის თანამედროვე და დახვეწილ ვერსიად წარმომიდგა. უამრავი ნახატი, სხვადასხვა არტ ქმნილებები, ბეწვის კუბო, რომელშიც ბექამ, ანდრეიმ და სოფომ ჩემი ფოტოებისთვის იპოზიორეს, მინი მუსიკალური სტუდია, ანდრეის ბავშვობისდროინდელი მარკების კოლექცია და უამრავი მინიატურული დეტალი შეუდარებელ, კოსმიურ სივრცედ შეიკრა და ერთიანად შემისრუტა!



გიტარა, რომელზეც 20 წელზე მეტია არ დამიკრავს ხელში ავიღე და დავუკარი. საიდან წამოვიდა ნოტები, სიმღერის ტექსტი და მელოდია ალბათ თქვენც ხვდებით. ვიანცეთ, ვიჯერეთ გული და სრულიად გასხივოსნებულები დავემშვიდობეთ ერთმანეთს, იმ საოცარი განცდით, რომელიც მთლიანობის, ჰარმონიულობის, ადამიანად ყოფნის სიხარულს მოაქვს.

მადლიერი ვარ დედამიწაზე ჩემი მოგზაურობით და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ ვისთან ერთად მოგზაურობ, როგორც ეს ჩემმა მოლდოველმა კოლეგამ სტოკჰოლმში მითხრა :) 




 



 

Friday, November 19, 2021

Happy birthday ირაკლი!

გუშინ საღამოს დედაენის ბაღში გავისეირნეთ. დიდი სიხარული მომანიჭა სკეიტის მოედანმა. საუკეთესოდ განათებული, მოზარდებით და ახალგაზრდებით სავსე, მრავალფეროვანი სახეებით, ზოგს დრედებიანი თმა ჰქონდა, ზოგს ბევრი ტატუ, ზოეგიერთი გამორჩეულად უცნაურად ჩაცმული. 

სკეიტებით და სხვადასხვა სასრიალო მოწყობილობებით აღჭურვილები, ისეთ სილაღეს და თავისუფლებას ასხივებდნენ, მინდოდა ყველას სათითაოდ ჩავხუტებოდი ❤ 

ჩემს მოზარდობაში ასეთი სივრცე სანატრელი იყო და საკუთარი თავი უნდა დაგეცვა განსხვავებული იმიჯის გამო! ახლა კი, რამდენიმე ქალაქში ხელმისაწვდომია მსგავსი საჯარო ადგილები და არავინ გამუნათებს იქ ყოფნისთვის ❤ 

დედაენის ბაღში დიდი ხანია არ ვყოფილვარ და მომინდა გასეირნება. გზად ირაკლი ჩარკვიანის ძეგლი შემომხვდა ❤ მახსოვს კრიტიკა ამ კონსტრუქციის მიმართ, მაგრამ მიზეზს ვერ ვხედავ, მართლაც შესანიშნავია. ირაკლის სხვადასხვა სახე, განათებით და თან როგორ ადგილას! 

უმალ ამეკვიატა მისი ერთერთი ბრწყინვალე სიმღერა "I was born on Sunday morning when my daddy took a plane to India", ფოტოებიც გადავიღე ❤ მანქანაში რომ ჩავჯექით, სიმღერა მოვძებნე ინტერნეტში, ბლუთუსით დავაკავშირე დინამიკებს და ხმამაღალი, ნაცნობი ჰანგებით მოვედით სახლამდე ❤ 

სიმბოლურად დაემთხვა, რომ დღეს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა ❤ გამიხარდა რაღაცნაირად და გიზიარებთ ამ სევდანარევ სიხარულს ❤ 

პროგრესი ნელი, მაგრამ გარდაუვალია ჩვენს ქვეყანაში! ირაკლი და ჩვენ ვერა, მაგრამ ჩვენი შვილები მაინც მოესწრებიან განვითარებულ საქართველოს ❤ ❤ ❤




Saturday, April 3, 2021

რა სწრაფად გადის დრო?!

რა სწრაფად გადის დრო?! ყველაზე ბანალური და აქტუალური წინადადება დღევანდელობაში. და მართლაც, რა სწრაფად გასულა დეკემბრის 30-ს შემდეგ დღეები, კვირები, თვეები და მხოლოდ აპრილის დასაწყისში მოვაკითხე ჩემს მცირე თავშესაფარს. თავშესაფარი რა არის? ადგილი, სადაც ვიმალებით თუ ადგილი, სადაც თავს უფრო მყუდროდ და უსაფრთხოდ ვგრძნობთ? თუმცა, დღეს უსაფრთხო აღარსადაა, საკუთარ თავთანაც კი, მონასტერშიც კი, სადაც უსახლკაროდ დარჩენილ დედაოს, რომელმაც საკუთარი ხელით ააშენა მონასტერი, შიგნით არ უშვებენ?!

ბლოგის გაკეთებას რომ ვგეგმავდი, მეგონა ყველაფერზე დავწერდი, მაგრამ ნურასუკაცრავად! ვერაფერზე ვეღარ ვწერ, აზრი დაეკარგა წერა-კითხვას, პროტესტს, ბრძოლას, ნიჰილიზმსაც კი! 

საქართველოდან ბევრჯერ წავედი, დარჩენის შანსი ყოველთვის მქონდა, მაგრამ მუდამ უკან ვრბუნდებოდი. რაღაცნაირად, ვალდებულად ვგრძნობდი თავს, რომ ჩემი წვლილი შემეტანა ამ გასაცოდავებული ქვეყნის განახლებაში. ვცდილობდი და ვიმედოვნებდი რომ, თუ ჩემნაირად ბევრი იფიქრებდა, გადავარჩენდით საქართველოს. როდესაც დამოუკიდებლად პირველად დავტოვე ქვეყანა, მაშინაც კი ვთხოვდი ჩემს თანატოლებს, რომ ერთიდაიმავე დღეს გვეყიდა ბილეთები და ჩავფრენილიყავით საქართველოში ყველანი ერთად, გავერთიანებულიყავით და დაგვეწყო რეალური საქმის კეთება. მაგრამ გამოუსწორებელი ოპტიმისტი და პატრიოტი მიწოდეს და არაფერი გამომივიდა ამ იდეიდან..... თუმცა, მე ვბრუნდებოდი გერმანიიდან, ნორვეგიიდან, ბრიტანეთიდან და ვცდილობდი ყოველ ჯერზე მერწმუნა, რომ წინ წავედით, განვვითარდით, გავნათდით.  „ოფენ ეარზე“ მარტო იმიტომ მიხაროდა მისვლა, რომ პროგრესული, ნათელი გონების, თავისუფალი ქართველები მენახა!

დღეს 3 აპრილია, 2021 წელი! პანდემიის,  ერთწლიანი ჩაკეტილობის, სიკვდილიანობის, გაღატაკების, რუსეთიფიკაციის, ლარის გაუფასურების, მთავრობის სინდისგარეცხილობის, მოტყუებულობის, იმედგაცრუების წელი! ვზივარ და ვფიქრობ გამოსავალზე და არაფერი მახსენდება გადასახლების გარდა! ყველა ემიგრანტი, რომელმაც 1921 წლის შემდეგ დატოვა სამშობლო, ჩემში ატირდა ☹ არაფერია იმაზე მწარე, (რუსული "ჩექმაც" კი) ვიდრე საკუთარი მთავრობის მიერ განწირულად თავის გრძნობა! 

ჯოჯოხეთი გამოვიარეთ 90-იანებში! არც 2000-ებმა დაგვაკლო და ჰოი საოცრებავ! 2020-ს გავცდით და ჩვენ კვლავ ჯოჯოხეთში ვართ! ოღონდ, აღარც კი ვიცი ეს უფრო ღრმა უფსკრულია თუ ის, რომელიც უკან მოვიტოვეთ??? იქნებ, არც არაფერი მოგვიტოვებია უკან და კვლავ იქ ვართ, საიდანაც ამოსვლას ვლამობდით???

ღმერთმანი! ძალიან მიმძიმს! ყველას გვიმძიმს! ალბათ ძლიერნი ამა ქვეყნისანიც თავისებურად დასევდიანებული არიან, ვინაიდან ამერიკის მოქალაქე ცნობილ რუსთან გართობაც კი არ დასცალდათ! 

რა გითხრათ, ან ჩემს თავს რა ვუთხრა? ჩემს შვილებს რა ავუხსნა, როცა უამრავ შეკითხვას დამისვამენ თუ რატომ ვერ ამოვედით ჭაობიდან? რატომ ვერ მოვიხსენით რუსის ბორკილები? რაში დავხარჯეთ ევროკავშირისგან და ამერიკიდან მიღებული მილიონები? რატომ არის დიდი, დაჟანგული გაზის მილებით დამახინჯებული არემარე და რატომ არ გვაქვს კანალიზაცია, წყალი და დენი უწყვეტად? დედაქალაქი რატომ ვაქციეთ ბეტონის ჯუნგლებად და მეწყერსაშიშ ზონად? რატომ ავაშენეთ ამდენი ჰესი? რატომ ამოვთხარეთ თვალი მაკოს და რატომ მოიკლა თავი ნინიმ? მთავრობიდან რატომ არავინ მივიდა დათა ივანიშვილის პანაშვიდზე და რატომ იჯდა გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე????

შარშანდელი ოსკარების გამარჯვებულ ფილმს „პარაზიტებს“ ვუყურე ახლახანს და ემოციები სიტყვებად გადმომეღვარა! ზოგჯერ სასტიკი და ულმობელია გარშემო ყველაფერი...