Friday, November 17, 2017

კვაწარახიანი ლობიო

როგორც ჭეშმარიტი გურმანი საჭმლის მომზადების პროცესს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.  მაგრამ ამისათვის აუცილებლად მჭირდება განწყობა და თქვენ წარმოიდგინეთ მოტივაციაც კი. როცა დედაჩემი წაიკითხავს ამ ტექსტს, გაიფიქრებს ნეტა ოდესმე თუ მითქვამს ასეთი რამეო და აუცილებლად მკითხავს საიდან ისწავლე შვილო ამდენი უცნაურობებიო. მაგრამ დედას ვეტყვი, რომ ახლა სულ სხვა დროა, თანამედროვე ქალები ძალიან დაკავებულები ვართ იმისათვის, რომ კერძების მომზადებაზე ვიფიქროთ. ასევე, სიამაყით ავღნიშნავ, რომ ჩემი ქმარი შესანიშნავ საჭმელებს აკეთებს და ნაკლებად მიწევს ამ საკითხზე ზრუნვა თქო.

დღევანდელ თბილისში ოჯახური სამზარეულოების და მზა კერძების არჩევანი მართლაც დიდია. ბიზნესი სწრაფად მიხვდა, რომ ქალაქელი ქალები ზარმაცები კი არა უბრალოდ ძალიან დაღლილები ბრუნდებიან სახლებში და თუ ოჯახურად მომზადებულ გემრიელ (ზოგჯერ უგემურ) საკვებს შესთავაზებენ მომხმარებელს თანხის გადახდა (რომელიც ქალაქში მხცოვრებს უფრო მეტი აქვს ვიდრე სოფლად მყოფს) არ უჭირს. თანაც მზა კერძის შეძენით დიდწილად გადაჭრილია კვების,  რუტინის და ოჯახში ვალდებულებების თანაბრად გადანაწილების პრობლემა.

რადგანაც მე და ჩემი ქმარიც საკმაოდ დატვირთული გრაფიკით ვმუშაობთ, გამზადებული საჭმლის ყიდვა ხშირად გვიწევს. თუმცა, ერთ კონკრეტულ დაწესებულებას ვენდობით და გულდამშვიდებული შევექცევით მათ მიერ მომზადებულ ნაირნაირ კერძებს.


გუშინდელი დღე კი გამონაკლისი გახლდათ. კვირა დღე გათენდა, თან ისეთი კაშკაშა, აი ფარდებს რომ გადაწევ და მზის სხივები პირდაპირ გულში რომ გროვდება და ასე დადიხარ მთელი დღე გამზესხეულებული...

გადავწყვიტე, ჩემში მიძინებული კულინარიული ნიჭი გამეღვიძებინა და ლობიოს კეთებას შევუდექი. მოგესხენებათ ლობიო ჭეშმარიტი ქართული პროდუქტი არ არის და მის სამშობლოდ ამერიკაა აღიარებული. თუმცა, ისე გემრიელად არსად ამზადებენ ამ კეთილშობილ პარკოსან მცენარეს, როგორც საქართველოში და მითუმეტეს იმერეთში.
ლობიოს იმერულად მომზადებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი კვაწარახია, რომლითაც მამიდაჩემი მამარაგებს ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნიკას დიდ პატივს ვცემ და ჩემი ქება-დიდება ხშირად ისმის მათი გამომგონებლების მისამართით, ზოგიერთი ტრადიციული ნივთი შეუცვლელია, განსაკუთრებით როდინი- ასე ეძახიან ფილთაქვას იმერეთში. 


სანამ ლობიო იხარშება, ნიახურს, ცოტა ქინძს და ოხრახუშს წყალში ვათავსებ. წვრილად ვჭრი ხახვს და ვნაყავ 2 კბილ ნიორს ქინძის ღეროებთან ერთად. ხახვს სიმინდის ზეთში ვშუშავ, ვუმატებ ცოტა ბალზამიკოს და კარამელის ფერი რომ გახდება შევურევ დანაყილ ნიორს. მგონია, რომ შუშვისას უფრო კარგად შეერწყმება პროდუქტები ერთმანეთს და მეტ გემოს აძლევს საჭმელს.


რადგანაც კვაწარახის გამოყენება გადავწყვიტე, აუცილებელია ლობიოს ამოლესვა. ხისგან დამზადებული ნივთი, რომელსაც ბებიაჩემი ლობიოს ამოსალესად იყენებდა და ბავშვობაში ძალიან მომწონდა  ვიზუალურად, სამწუხაროდ არ მაქვს და კარტოფილის საჭყლეტით ვსარგებლობ. ლობიოს ამოლესვა სულაც არაა იოლი, არც იმდენად უნდა დაჭყლიტო, რომ ფაფად გადაიქცეს და არც ისე მარტივად, რომ კაკლად დარჩეს. ამიტომ ყურადღებით ვეკიდები ამ პროცესს და თან მახსენდება ბებია, რომელიც შეშის ღუმელზე დიდი რუდუნებით და მოხერხებულობით აკეთებდა ამ საქმეს.




















                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                შეკაზმვის დროც დგება, ჯერ მოშუშულ ხახვს ვყრი, შემდეგ კვაწარახს ვამატებ, ცოტა ლობიოს სანელებელსაც, ბოლოს კი წვრილად დაჭრილ მწვანილსა და მარილს. ვუყურებ როგორ ჩნდება ყავისფერი ცხელი ბუშტები ქვაბში და et voilà! კვაწარახიანი ლობიო მზადაა! სახლში საოცარი სურნელი ტრიალებს და  სუფრის გაშლას ვიწყებთ. ამოლესილი ლობიო მწნილების გარეშე რაა? წითელი პომიდვრის და  სტაფილოს მწნილი ცხელ შოთის პურთან და კვაწარახიან ლობიოსთან ერთად ნამვდილი ნეტარებაა და მადლობას ვუხდი იმერელ წინაპრებს, ამ კომპოზიციის შექმნისთვის.



 თუ კულინარიის დღეა, ბოლომდე დავიხარჯოთ! კარგ დესერტს რა ჯობია? რადგანაც სახლში გოგრა მოიპოვებოდა, გადავწყვიტე ფლავის გაკეთება ხილითა და გოგრით. ჯერ ვადუღებ წყალს, გასუფთავებულ გარეცხილ ბრინჯს ვყრი ადუღებულ წყალში და ვწალავ. ამასობაში ვჭრი გოგრას, კომშს, ვაშლს და მსხალს კუბიკებად. ვრეცხავ ქიშმიშს და ტაფაზე გაცხელებულ კარაქში ვყრი, რომ გაფუმფულდეს.


მოწალულ ბრინჯს ცივი წყლით ვრეცხავ, დურშლაგზე ცოტა ხნით ვათავსებ და ვიწყებ დიდ ქვაბში ფენების გაკეთებას. თუმცა, მანამდე ვასხამ ზეთს, რადგანაც კარაქის საკმარისი რაოდენობა არ აღმომაჩნდა. ჯერ ბრინჯი, შემდეგ ვაშლი, კომში, გოგრა, ქიშმიში, შაქარი და ისევ ბრინჯი. ასეთი თანმიმდევრობით რამდენიმე ფენა გავაკეთე, ქვაბს თავი დავახურე და ძალიან დაბალ ცეცხლზე 1 საათით დავტოვე. გოგრის ფლავი ულამაზესი, უგემრიელესი და საარგებლოა. თუმცა, ჩემი მომზადებულით არც თუ ისე კმაყოფილი დავრჩი. ხომ გაგიგიათ ხელი წაუვიდაო. ასე დამემართა როგორც ჩანს. ცოდნა ერთია, მაგრამ თუ მას პრაქტიკაში არ იყენებ და გამოცდილებას ვერ აგროვებ, დიდი ვერაფერი სარგებელია მისგან.


განწყობა არ წავიხდინე და თავი იმით დავიმშვიდე, რომ მომავალში უკეთეს ფლავს გავაკეთებ და ამ ჯერზე დაშვებულ შეცდომებს გავითვალისწინებ. შეცდომა კი გახლდათ ის, რომ კარაქის ნაცვლად ზეთი ჩავასხი, თანაც დიდი რაოდენობით. შემდეგ კი ვაშლის ნაცვლად, ბრინჯის ფენა მოვაყარე პირველად, რომელიც მიეკრა ქვაბის ძირს და დააბრკოლა ზეთის შეწოვის პროცესი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროის განმავლობაში იყო ის ემოციები და განცდები, რაც დიდი ხანია აღარ მიგრძვნია. საკვების მომზადების უნარი, კრეატიულობა, საკუთარი ძალების გადასინჯვა მივიწყებული საქმის კეთებისას და რაც მთავარია იმ ადამიანების მიმართ სიყვარული, რომლებისთვისაც ამზადებ ამა თუ იმ კერძს. გაზიარება, აღიარება, მადლიერება, კმაყოფილება ეს ის გრძნობებია, რომელიც ძალიან ბედნიერს გვხდის. ჰო და ვეცადოთ ხშირად ვიყოთ ბედნიერები, თუნდაც მცირედი, პატარ-პატარა სიამოვნებების მეშვეობით.






Friday, October 27, 2017

ტელევიზორები და ბავშვები

ინოვაციები ჩემი სისუსტეა... მახალისებს გამოგონებები, ვგიჟდები ბავშვებზე, რომლებიც ჩხირკედელაობენ, მოგვიანებით კი ცვლიან მსოფლიოს. თუმცა, მუშაობის პროცესში დარწმუნებული ვარ ვერავინ აცნობიერებს ზეგავლენის მასშტაბებს, იმ სიკეთეებს და საფრთხეებს, რასაც მოსახლეობისთვის სიახლის შეთავაზება შეიცავს.

ასე მაგალითად, ტელევიზორი. 1920-იან წლებში გამოჩნდა პირველი, შავ-თეთრი ყუთი, რომელმაც პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიპოვა და 1953 წელს უკვე ფერადიც გახდა.


დღესდღეობით ტელევიზორი ყველაზე პოპულარული ნივთია და ძნელად თუ მოიპოვება სახლი, სადაც ის არ დგას. საქართველოში ტელევიზორის გარეშე ცხოვრება ადამიანების 98%-ს წარმოუდგენელი ჰგონია. ეს სტატისტიკა დათვლილი არაა და ჩემი დაკვირვებით მოვიყვანე, შესაძლოა ვცდებოდე.


2002 წლამდე იმ სახლშიც, სადაც მე ვიზრდებოდი ტელევიზორი სწორედაც ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი და მუდამ ჩართული ნივთი გახლდათ. შესაბამისად, მის ავკარგიანობაზე არასდროს დავფიქრებულვარ. როცა გერმანიაში პირველად გავემგზავრე 3 შვილიან ოჯახში საცხოვრებლად, აღმოვაჩინე, რომ ტელევიზორი არც თუ სასურველი და 'გამოსაჩენი' ნივთი ყოფილა, როგორც ეს ჩემს სამშობლოში გვეგონა.

ფონ ბაუმბახები მიუნხენის ყველაზე მდიდარ უბანში ცხოვრობდნენ და ულამაზესი, კეთილმოწყობილი სახლი ჰქონდათ. კულტურული შოკი სწორედ მათი სამზარეულოს ნახვისას მივიღე. ეს იყო თანამედროვე ტექნიკით, სადად და მოხერხებულად მოწყობილი სივრცე, სადაც არა მხოლოდ დიასახლისი, არამედ ოჯახის ყველა წევრი თანაბრად ასრულებდა ფუნქცია-მოვალეობებს. არასდროს მენახა ღუმელი, რომელშიც შეაწყობდი კარტოფილს, დააჭერდი რამდენიმე ღილაკს ხელს და სულ რაღაც 20 წუთში გამზადებული კერძი გხვდებოდა.


პირი დავაღე ელექტრო დანის დანახვისას. პურს, რომელიც 3 საათიანი რიგში დგომის, საკუთარი მოხერხებულობის და ნაცნობობის ხარჯზე უნდა მოგეპოვებინა ჩემს სამშობლოში, და რომელიც ეშმაკმაც კი არ იცოდა რა ინგრედიენტებით მზადდებოდა და რომელშიც ხშირად იპოვიდით სხვადასხვა მწერსა თუ ნივთს, გერმანიაში დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ და ელექტრო დანით უთხელეს ნაჭრებად ჭრიდნენ. აღფრთოვანებული მივშეტერებოდი ყავის მოსამზადებელ აპარატებს, რომლებიც ფონ ბაუმბახების სახლში თითქმის ყველა ოთახში იდგა. ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ფრენჩ პრესი... ოჰ, რა დამავიწყებს მათ სურნელსა და არომატს....


გერმანიამდე ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ ძირითადად საბჭოთა კავშირში  ან მასთან კარგად დამეგობრებულ სახელმწიფოებში. შესაბამისად, ისინი ძალიან გვანდნენ ერთმანეთს და თითქმის ყველა სახლში იყო რუმინული 'სტენკა',  ლენინგრადის 'სპალნა' და ჩეხური 'ლუსტრა'. რაც შეეხება ტელევიზორს, შედარებით მდიდარი ხალხი მსოფლიოს 'ჰორიზონტის", ხოლო დანარჩენები''რეკორდის"მეშვეობით უცქერდნენ.

ფონ ბაუმბახებს პლაზმური ტელევიზორი რომელიც ასევე არასდროს მენახა, სახლის ყველაზე მივიწყებულ ოთხაში ჰქონდათ მოთავსებული. ცოლ-ქმარი, მას შემდეგ რაც ვივახმშებდით, ბავშვებს ვაბანავებდით და დასაძინებლად დავაწვენდით,  ამ 'იდუმალ' ოთახში შევიდოდნენ და ჭიქა ღვინის თანხლებით ტელევიზორს უყურებდნენ.

რასაკვირველია, მივხვდი, რომ ეს ჯადოსნური ყუთი, სამი ბავშვის აღზრდის საქმეში არანაირ როლს არ ასრულებდა და ორი ზრდასრული ადამიანი, კარგად ხვდებოდა მისი მოხმარების დოზირების წესს.

ალბათ, ცინიკური გამომეტყველება გაგიჩნდათ ბოლო აბზაცის წაკითხვისას და გაიფიქრეთ, ნეტა ამ გერმანელებს არ 'აჟრიალებდეთ', ან ეს ქართველი გოგო რამ გამოაშტერა. რა არის ტელევიზორში ასეთი საშიში და საგანგაშო, რომ უკანასკნელ ბნელ კუნჭულში მიჩქმალო და ბავშვებს მოარიდო?

მაგრამ გეტყვით, რომ ის ნამდვილად იმსახურებს ყველაზე მიტოვებულ ადგილზე ყოფნას ჩვენს სახლებში. დიახ, ტელევიზორი ის ნივთია, რომელსაც ბავშვებისთვის არანაირი სარგებლობა მოაქვს და მეტიც, მავნებელია, როგორც ფიზიკური ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. არ ვაჭარბებ! თუმცა, გამოგიტყდებით, რომ ფერად ეკრანზე მულტფილმების ყურება ჩემთვისაც საყვარელი საქმიანობა იყო.



კარგად განვითარებულ სოციუმში იციან, რომ ტელევიზია და ზოგადად მედია ერთ-ერთი მოხერხებული და უსწრაფესი იარაღია საზოგადოების აზრზე მნიშვნელოვანი გავლენის მოსახდენად. იციან ისიც, რომ უკვე დამუშავებული, მზა პროდუქტის ცქერა/სმენა იწვევს აზროვნების დაქვეითებას, შემოქმედებითი უნარების დახშობას, ფანტაზიებისა და საკუთარი ინტერპრეტაციის გაქრობას და ილუზორული ამბების ტყვეობაში ყოფნას. აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ პატარა ბავშვის ტვინი ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს რასაც ისმენს, თუმცა ინფორმაციის დახარისხება უჭირს. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ ტელევიზორში/რადიოში ყურმოკრულ ამბავს აბსოლუტურად არასწორი ინტერპეტაცია გაუკეთოს და დაამახინჯოს ბავშვის წარმოდგენა ამა თუ იმ საკითხზე საკმაოდ დიდია.

სერიალები, არ აქვს მნიშვნელობა ეროვნული წარმოებისაა, ინდური თუ HBO-ს, სრულიად უსარგებლოა მცირეწლოვანი ასაკის ადამიანისთვის. აღარაფერს ვამბობ თოქ-შოუებზე, სადაც ჩვენი თანამემამულე ჟურნალისტები ისეთი ხმით გაჰკივიან, რომ 5 წუთში ტრამვირებული და შოკირებული მიეჯაჭვები სავარძელს.

ამ თემაზე დაუსრულებლად შემიძლია ვწერო და ვილაპარაკო, მაგრამ ნამეტანი მოსაწყენი გამოვა. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ და გირჩევთ, რომ მოარიდოთ ბავშვები ტელევიზორებს. მიეცით მათ კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება გაატაროთ საღამო, ან როგორ უნდა იწყებოდეს დილა. მართალია, პარკებით და სკვერებით განებივრებულები არ ვართ, მაგრამ მაინც შეიძლება სასეირნო ადგილის პოვნა, წიგნების წაკითხვა, დღის ამბების ერთმანეთისთვის გაზიარება. ერთი სიტყვით მეტი დრო დავუთმოთ ჩვენს შვილებს, მათთან საუბარს, თამაშს, ალერსს და ნუ მივცემთ უფლებას "პრაიმშოუებს", "შუადღეებს", "სხვა რაკურსებს", "პროფილებს" წაგვართვან ძვირფასი დრო, რომელსაც უკან ვეღარ დავაბრუნებთ....

პ.ს. სრულ აკრძალვას არ ვგულისხმობ რასაკვირველია, უბრალოდ ბალანსის პოვნაა საჭირო 😊





Monday, August 14, 2017

სარა და ტრომსოს ჯადოსნური ზამთარი

სარა ჩემი ნორვეგიელი მეგობარია. 2009 წელს გავიცანი, როცა საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიას შემოუერთდა სასჯელაღსრულების სფეროს ექსპერტად. ამ ორგანიზაციაში 2006 წელს დავიწყე მუშაობა და ჩემი პროფესიული ტრანსფორმაციაც სწორედ იქ მოხდა. მაგრამ  ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით, როგორ მივედი თარჯიმნობიდან სასჯელაღსრულების სფეროს სპეციალისტობამდე. ახლა კი სარაზე უნდა გიამბოთ.

სარა ყველაზე მხიარული, ბედნიერი, მზრუნველი, სიცოცხლით სავსე და მომღიმარი ადამიანია, ვინც კი ოდესმე მინახავს. გარდა იმისა, რომ თავისი საქმის პროფესიონალია, მის კომპეტენციებში შედის საუკეთესო ხალხის მოგროვება, დაკავშირება და უძლიერესი სამეგობრო წრის შეკვრა. თითქოს ამაში არაფერია უჩვეულო და რთული მაგრამ ვთვლი, რომ ერთ-ერთი ფასდაუდებელი უნარია, რაც კი შეიძლება აღმოგაჩნდეს.

სწრაფად გავუგეთ ერთმანეთს. ორივეს გვიყვარს ლუდი, გემრიელი კერძები, დღეების მხიარულად გატარება და რაც მთავარია ის საქმე, რომელსაც ერთად ვაკეთებდით. ციხეში წასვლა დღესასწაულის ტოლფასი იყო ჩვენთვის. ბევრი კარგი პროექტი წამოვიწყეთ და რაც ყველაზე მთავარი იყო მას სჯეროდა ჩემი, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ჩემზე გაცილებით კომპეტენტური და გამოცდილი იყო, მენდო, მომისმინა, მეკამათა. შევაჯამეთ ჩვენი დისკუსიები და იდეები და საუკეთესოები განვახორციელეთ! დღემდე ვამაყობ ჩვენი პროექტებით! 

                                             იონი, სარა, მე და მშენებელი, ქალთა ციხე, რუსთავი 2010წ.

როცა სარა ტრომსოში დაბრუნდა, მხოლოდ ფეისბუქის მეშვეობით ვკონტაქტობდით. ერთ დღეს მომწერა მეილი, სადაც მიყვება, რომ ის თანხა, რომელიც დაზოგა საქართველოში ყოფნის დროს შეუძლია სასარგებლო რამეში გამოიყენოს და ეს არის ჩემი ნორვეგიაში მოგზაურობის დაფინანსება! ყოველი წლის იანვარში, ტრომსოში იმართება ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, სარამ სწორედ ამ ფესტივალს დაამთხვია ჩემი მიწვევა და როგორ უნდა მეთქვა უარი??? ჰო და ავდექი და წავედი!

ტრომსო ნორვეგიის უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარეობს. 9 თვე მუდამ ზამთარი და სიბნელეა, ხოლო 3 თვე მზიანი და არასდროს ღამდება. თუ ტრომსოს იანვარში ესტუმრებით, ჩათვალეთ, რომ თქვენი ყველა ოცნება ახდა! ეს არის ზღაპრული სამყარო, გორაკებით, ბორცვებით, მდინარეებით, ტყეებით და ფერადი სახლებით მორთული თეთრი კუნძული, რომელიც ერთიანად ბრწყინავს. მოჯადოებული დავდიოდი ამ პატარა ქალაქის ქუჩებში და მადლობას ვუხდიდი ყველა ღმერთს, რომ დედამიწაზე ასეთი ადგილი არსებობდა და მე იქ მოვხვდი! თან როგორ? სრულ სიყვარულში!

                                                                                                  ტრომსო, 2017 წელი

სარას მეგობრები არაჩვეულებრივი სილაღის და სისადავის მქონე ხალხია. ისე შემხვდნენ თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გაგვეტარებინოს. ადამიანები, რომლებიც არასდროს გინახავს წამებში გადაიქცევიან შენს ნაწილად, გრძნობ როგორ იზრდები, ბევრდები და ივსები დადებითი ემოციებით, ადამიანად ყოფნის სიხარულით!  სადილზე დამპატიჟეს, იმდენი ვიცინეთ! თან როგორი სიცილი იციან, გულწრფელი, ხმამაღალი, დაუზოგავი, შეუკავებელი! მხოლოდ გაცინების მანერითაც იგრძნობ თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ს ! ეს 4 სუპერ გოგო იმ დღიდან ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა! როგორ მივლიდნენ, როგორ მელოლიავებოდნენ, როგორ მეფერებოდნენ! ვინც მეტყვის, რომ მხოლოდ ქართველები ვართ სტუმართმოყვარეები, მასზე უფრო ჩამორჩენილი და გონებაშეზღუდული არავინ მეგონება! 

                                                              სისი, სარა, კატარინა, ბენტე და მე.  ტრომსო, 2011 წელი

სარას სახლში როგორც წესი, სულ მცირე 6 მეგობარი ჩამოდის იანვარში, ტრომსოს ფილმის ფესტივალის და მეგობრობის აღსანიშნავად! ყველას თავისი ადგილი აქვს ნაპოვნი ამ არც თუ დიდ ბინაში. რაც მთავარია ბუხარი გვაქვს, რომელსაც საღამოობით ვანთებთ და ცეცხლის მაგიურობით ვტკბებით. ქალი თუ კაცი ერთნაირად ვზრუნავთ ერთმანეთის კომფორტისთვის. უსიტყვოდ ვინაწილებთ საქმეებს, ზოგი საყიდლებზე მიდის და პროდუქტებს იმარაგებს, ზოგი სადილს ამზადებს, ვიღაც სახლს ალაგებს, რომელიმე  ფესტივალის ბილეთებს ყიდულობს. ჩვენს შორის გეი წყვილიცაა, რომლებსაც ტრომსოში ჩამოსვლამდე ვიცნობდი, რადგან ერთ-ერთი მათგანი ჩვენი მისიის ხელმძღვანელი იყო და შესაბამისად ჩემი ყოფილი 'ბოსი'. 

ვიხსენებთ თბილისში გატარებულ უამრავ სასიამოვნო საღამოს და ვიხოცებით სიცილით! გეფიცებით, ამდენს და ასე გულახდილად ვერსად გაიცინებთ, როგორც ტრომსოში, სარასთან. რასაკვირველია მეგობრები საქართველოშიც ბლომად მყავს და ბევრი საღამო, დღეები თუ ღონისძიებები გაგვიტარებია ერთად, მაგრამ ტრომსოში ეს უფრო მარტივი, ბუნებრივი და დაძაბვის გარეშეა. 

               იონი, ჩემი 'ექს ბოსი' და მე, სარა და იონის მეუღლე ოლეჰერმანი, ტრომსო, 2011წ.

ტრომსოში არ არსებობს ღარიბი უბანი, ამ ქალაქში ვერც მათხოვარს და ვერც უსახლკაროს იპოვნით. ქალაქში სადაც მოსახლეობის რიცხვი 85 000-ია არის აეროპორტი, რამდენიმე ცნობილი უნივერსიტეტი, მუზეუმები, პორტი, იმართება ფესტივალები და 80 წლის მოქალაქეებიც კი მოგზაურობის გეგმებს აწყობენ. ხალხი საოცრად კეთილგანწყობილია, უცნობებს ისე გამოელაპარაკები თითქოს წლებია იცნობ. ხანშიშესული ქალბატონი გავიცანი ადგილობრივ პაბში, რომელმაც არა თუ იცოდა სად იყო საქართველო, არამედ მის სამოგზაურო სიაშიც კი იყო ყაზბეგისა და მესტიის მონახულება. განა რა მოგაწყენს ასეთ ქვეყანაში? რა გაგიფუჭებს ხასიათს?

გარდა იმისა, რომ სარამ ყველა ღირშესანიშნავი ადგილი მომატარა,  ციხეშიც მიმასპინძლა, სადაც ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. ტრომსოს მამაკაცთა ციხე გამოირჩევა პატიმართა სიმცირით, მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით და კეთილგანწყობილი გარემოთი. სარამ, მიუხედავად მისი თანამდებობისა, პატიმრებისგან ნებართვა აიღო საკანში შესვლის თაობაზე. ერთმა უარი გვითხრა და შესაბამისად მისი საკანი ვერ მოვინახულეთ! ნორვეგიის ციხეებზე სხვა დროს დავწერ, დღეს კი თავად განსაზღვრეთ ღირსებისა და პატივისცემის დონე თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის! 

                                                                                            სარა და მე, ტრომსოს ციხე, 2011წ.

მეორეჯერ ტრომსოს 2017 წლის იანვარში ვესტუმრე. ამჯერად, სპეციალურად სარას დაბადების დღისთვის გავფრინდი დედამიწის ერთ-ერთ ცივ, სუსხიან და საყვარელ მხარეში. საჩუქარზე ბევრი ვიფიქრე, მინდოდა რამე განსაკუთრებული და სამახსოვრო მეჩუქებინა ჩემი ძვირფასი მეგობრისთვის. არაჩვეულებრივ, ნიჭიერ და საოცრად მხიარულ ადამიანს მაკა ხუციშვილს ვესტუმრე სახლში. მაკა შუშაზე ხატავს და საოცრებებს ქმნის. მცირე მსჯელობის შემდეგ შევთანხმდით, რომ დახატავდა საათს, რომელიც ფუნქციური ხელოვნების ნიმუში და ამავე დროს ექსკლუზიურად სარასთვის შექმნილი საჩუქარი იქნებოდა. 

                                                                                     მაკა ხუციშვილის არტი, 2017წ.

თვითმფრინავი ძლივს დაეშვა ბილიკზე ისეთი ქარბუქი და ყინვა ტრიალებდა ჰაერში. სარა რასაკვირველია აეროპორტში დამხვდა. ერთმანეთს გულითადად გადავეხვიეთ და გავემართეთ სახლისკენ. უდიდესი ღიმილითა და სითბოთი შემომეგებნენ სარას მეგობრები. მხოლოდ ერთს არ ვიცნობდი, იონს ლონდონიდან, რომელიც ჩემს გამო სარამ სახლიდან 'გააძევა' ღამის გასათევად და იქ ყოფნის მანძილზე ამ ფაქტზე ყველა ოხუნჯობდა 😃😃😃

სარას და ბენტეს წელს 50 წელი შეუსრულდათ, გადაწყვიტეს ეს ღირშესანიშნავი თარიღი ერთად ეზეიმათ. წვეულების ადგილად ტრომსოს საფეხბურთო კლუბის დარბაზი შეარჩიეს, პოპულარული ბენდი დაიქირავეს, მეგობრებმა მოამზადეს კერძები, ჩემმა ყოფილმა 'ბოსმა' უგემრიელესი ნამცხვრები გამოაცხო, დანარჩენებმა სასმელები იყიდეს და საღამოსთვის აბსოლუტურად ყველა დეტალი ერთად მოაგვარეს. ეს ყველაფერი ყაყანის, ჩხუბის და აყალმაყალის გარეშე!  დღისით ფესტივალის ერთი ფილმის ნახვაც მოვასწარი. როგორი დარბაზებია, მოხერხებული სავარძლებით, საუკეთესო აკუსტიკით და მოწესრიგებული სტაფით. ზესტაფონს, თელავს, ამბროლაურს ოდესმე თუ ეღირსებათ ასეთი კინოდარბაზები?....

                                       საერათაშორისო ფილმების ფესტივალის ბანერი, ტრომსო 2017წ.

ფესტივალისას ქალაქი გადატვირთულია, ყველა კუთხეში მხიარულებაა, კაფე-ბარები ყურებამდე გაღიმებული, ბედნიერი ხალხითაა სავსე. ვზივარ სანთლის შუქით განათებულ მაგიდასთან და ვაკვირდები როგორი ჟრიამულით შემოდიან გაყინული სივრციდან მომხიბვლელად მორთულ ინტერიერებში ადამიანები, იფერთხავენ ფიფქებს, ყინვისგან აწითლებული ლოყებით და დახეთქილი ტუჩებით კოცნიან ერთმანეთს,  ყვებიან ფილმების შთაბეჭდილებებზე, სამომავლო გეგმებზე და ტკბებიან ცხოვრებით.

საღამოს 8 საათზე გავემართეთ წვეულებაზე. ნორვეგიულ სუფრას თამადა არ ჰყავს. თუმცა, ამ წვეულებას ბენტეს ქმარი გაუძღვა. ჰუგო საგანგებოდ მომესალმა და მადლობა გადამიხადა, რომ ქვეყნიერების დასალიერში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვედი. მერე სარას და ბენტეს მეგობრებმა თუ ოჯახის წევრებმა სამახსოვრო სიტყვა-ჩვენებურად სადღეგრძელო წარმოთქვეს. ჰუგომ, მათმა შვილებმა და უახლოესმა მეგობრებმა სიმღერა მიუძღვნეს სარას და ბენტეს, ამისათვის სახეები მოიხატეს, ფორმები ჩაიცვეს და გულითადად უმღერეს უძვირფასეს ადამიანებს.






































             





ბევრი ვიცეკვეთ, ბევრი ვიცინეთ, ქანცის გამოცლამდე ვიღლაბუცეთ და გამთენიისას დავბრუნდით სახლში. იონმა "შური იძია" გაძევების გამო და დილიდან მღეროდა, ამბებს ყვებოდა, ათასნაირ აპლიკაციას და იდეას გვაცნობდა, ვერ გავაჩუმეთ :)) საღამოს ბუხარი დავანთეთ და პოეზიას მივადექით. ოდესღაც ძალიან მიყვარდა ლექსები, მაგრამ ბოლოს ალბათ 15 ან მეტი წლის წინ მოვყვევი ხმამაღლა. ჩემი ჯერი რომ დადგა, შექსპირის 66-ე სონეტი ამოტივტივდა გონებაში და თითქმის შეუცდომლად მოვყვევი.  ტრომსოს იდუმალ ტყეებში გაირინდა ჩვენს სულებში მიჩქმალული სიფაქიზე, რომლის გამოვლენა ყოველდღიურობაში შეუძლებელია...

სარას თვისებებიდან ბავშვებზე ზრუნვას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ყოველ წელს მოგზაურობს ნათლულებთან თუ დისშვილებთან ერთად, დადიან ფეხბურთის მატჩების საყურებლად და მათი უერთგულესი მეგობარია. სარა ჩემი შვილის ნათლიაა (თუმცა ნათლობა  რეალურად ჯერ არ განხორციელებულა). ლუკინოს ნორვეგიულად ელაპარაკება და საჩუქრებით ანებივრებს. სათამაშოების მაღაზიაში შევედით, დიდხანს არჩევდა რა მოეწონებოდა ლუკის, თავადვე შეფუთა პოლარული, თეთრი დათვი და ლეგო და გამომამგზავრა თბილისში, უახლოეს მომავალში შეხვედრის იმედით. 

                                                                                     სარას მამის სახლი, ტრომსო, 2017წ. 

ეს წვეულება, ტრომსოს ჯადოსნური ზამთარი, თვითმფრინავიდან დანახული ჩრდილოეთის ციალი, ნორვეგიელების სილაღე და გულწრფელი სიცილი არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან. მე და სარა მეგობრები ვართ სამუდამოდ და ეს ისეთი ბედნიერებაა, რომელსაც ვერ გაზომავ, ვერ აწონი, ვერ მოუძებნი საპირწონეს. 

მადლობა სარას, რომ არსებობს ჩემს ცხოვრებაში! მადლობა სამყაროს, რომ დამაჯილდოვა გამორჩეულად საყვარელი, ჭკვიანი და ლაღი მეგობრებით!


Monday, June 26, 2017

რამ შემქმნა ფემინისტად?

"ფემინისტური ხასიათის იდეები პირველად ძველ ჩინეთში გამოჩნდა, თუმცა მისი თეორიის ჩამოყალიბება მეთვრამეტე საუკუნეში დაიწყო. ამ თეორიის ჩამოყალიბების მთავარი ბიძგი 1776 წლის "ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარიაცია" და 1789 წლის 'ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია" იყო, რომლებიც განმანათლებლობის ეპოქის ოპტიმიზმს ასახავს.  მე-18 საუკუნე „განმანათლებლობის“ ეპოქად არის მიჩნეული, თუმცა იმ ეპოქის მოაზროვნეები ცნებაში „რაციონალური ადამიანი“ / „The man of reason” მხოლოდ მამაკაცებს გულისხმობდნენ. ქალებმა არაფრად ჩააგდეს იმ დროინდელი მოაზროვნეების ვოლტერის, დიდროს, მონტესკიეს, რუსოს განსჯანი იმის თაობაზე, რომ ქალები არსებითად ემოციების ქმნილებები არიან და რომ მათ ბიოლოგიური თავისებურებების გამო არ შეუძლიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. სწორედ ეს ფაქტები მოიაზრება ფემინისტური აზროვნების ჩამოყალიბების მთავარ მიზეზად- ეს ინფორმაცია ვიკიპედიიდან გადმოვიტანე, რომ თეორიული, უფრო სწორად კი საჯარო განმარტება გამეცნო თქვენთვის (თუ აქამდე არ იცნობდით). 


ფემინიზმს ბევრი მტერი ჰყავს და უამრავი მოსაზრება არსებობს უნდა უწოდო თუ არა თავს ფემინისტი. ჩემი პასუხი ამ დილემაზე არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი! დიახ, ყველა ქალმა უნდა უწოდოს თავს ფემინისტი!  რადგანაც ეს არის ერთადერთი გზა გადარჩენისთვის, თვითდამკვიდრებისთვის, ბრძოლისთვის, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ დაიწყო და იმ მონაპოვარის შენარჩუნებისთვის, რაც აქამდე მოგვიტანა ფემინიზმის მრავალგვარმა სახეობებმა: ლიბერალური, რადიკალური,ლესბოსური, ეკოფემინიზმი, მარქსისტულ-სოციალური, ანარქისტული, ე.წ. შავი ფემინიზმი, ანტირასისტული, ეგალიტარული, კულტურული, ნეოფემინიზმი, პოსტკოლონიალური, ფსიქოანალიტიკური, ჰუმანური, პოსტსტრუქტურალისტური, პოსტმოდერნისტული და ა.შ
წლების წინ მე, როგორც უმრავლესობა ქალებისა, არ ვაღიარებდი, რომ ქალზე ძალადობა ჩვენი საზოგადოების უდიდესი პრობლემაა, რომ ქალებს ბევრი უფლება შეზღუდული გვაქვს, რომ უამრავი ქალი იტანჯება იმის გამო, რომ არჩევანი არასდროს ჰქონია. ვაღიარებ, რომ ასეთი მიდგომა ძალიან მიკერძოებული და სუბიექტიური იყო, რადგან მე როგორც ქალს, შვილს, ცოლს, მეგობარს, არასდროს მქონია თანასწორობის პრობლემა. არასდროს შეუზღუდავს ვინმეს ჩემთვის განათლების უფლება, გამოხატვის თავისუფლება და არასდროს ვყოფილვარ გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლი. თუმცა, მას შემდეგ რაც უფრო ღრმად ჩავიხედე საკითხში, გავეცანი არსებულ საქმეებს ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლოს მივედი პატიმარ ქალებთან, ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ  თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებთან, ფართოდ გავახილე თვალები და დავიწყე რეალობის სხვაგვარად აღქმა. გავეცანი ფემინისტურ თეორიებს, გამოვკითხე გარშემომყოფები, დავაკვირდი ჩვენი დედების, ბებიების, მეზობელი ქალების ყოფას და მივხვდი, რომ დიახ, ჩვენ სიცრუეში ვცხოვრობთ! თავს მოხვეულ, ფანტასმაგორიულ სამყაროში, სადაც მამაკაცები წარმოადგენენ აბსოლუტურ "მთავარს", ჩვენ კი მხოლოდ მათი მხევლები, სუფრის მშვენებები და მათი ცხოვრების ლამაზი დეკორაციები ვართ! 

მივხვდი, რომ მეც ბევრჯერ ვყოფილვარ მასკულინური ძალის მსხვერპლი და ქვეცნობიერად, მუდამ ვიბრძოდი იმისთვის, რომ დამემტკიცებინა: მე ძლიერი ვარ, მე მე ვარ და რომ არავის აქვს უფლება მიმითითოს როგორ ჩავიცვა, რა დავლიო, რა მოვწიო, როდის დავბრუნდე სახლში, რა პროფესია ავირჩიო, ცხოვრების მეგზურად ვინ ამოვირჩიო, რომ ეს მეგზური შეიძლება სამუდამო არ აღმოჩნდეს, შვილს რა დავარქვა, გვარი შევიცვალო თუ არა და ასე უსასრულოდ!

წარმოგიდგენიათ, რამხელა ბრძოლაა? და რამდენი ენერგია, ძალისხმევა, ემოცია და დრო იხარჯება იმაზე რაც ელემენტარულია? რაც დღესავით ნათელია? თუ კი შეკითხვას დასვამ რისთვის ვიბრძვი? პასუხი შეიძლება აბსურდულად მოგეჩვენოს: თანასწორობისთვის! მაგრამ ვისთან თანასწორობისთვის? მამაკაცთან? ანუ რა გამოდის? რომ მამაკაცი რაღაცით ჩემზე აღმატებულია და მე უნდა დავამტკიცო, რომ მისი სწორი ვარ? სასაცილოა, მაგრამ აქამდე მოგვიყვანა ძალაუფლების ტკბობით შეპყრობილმა მამრობითი სქესის ადამიანმა, რომელმაც დროთა განმავლობაში დააგროვა ცოდნა იმის შესახებ, თუ რა მარტივია დააშინო და იბატონო!!!

უკომპრომისო გავხდი მას შემდეგ რაც წლები მომემატა! არავითარი დანდობა, არავის მიმართ! შეიძლება ბევრ ქალს ეს უტოპიად მოეჩვენოს და ისიც იფიქროს, რომ უარყოფით შედეგს მივიღებთ!  მაგრამ დამერწმუნეთ სულ ტყუილად ფიქრობთ ასე!!! პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით. 

ბევრი მეგობარი მყავს, სხვადასხვა პროფესიის, იდეოლოგიის, ფასეულობისა და გემოვნების მქონე. თითქმის ყველა წარმატებულია, ჭკვიანი, პროგრესული და ლაღი. თუმცა, როგორც კი საქმე ფემინისტობაზე, უფრო სწორად კი თანაბარუფლებიანობაზე მიდგება, თმები  ყალყზე უდგებათ! უმალ ავიწყდებათ საკუთარი განათლებულობა, სტატუსი თუ მეგობრობა და როგორც სვავები, ისე დამესევიან ხოლმე! ამ დიალოგების, უფრო სწორად კი ჩხუბის (დიახაც ჩხუბის და არა კამათის) ერთნაირად საცნობი ნიშანი გახლავთ ის, რომ ჩემი მეგობარი მამაკაცები საოცრად უწევენ ხმას, პავაროტისაც კი შეშურდებოდა ისეთ ტონალობაში მიწყებენ გამალებულ ბრძოლას და რასაკვირველია არც მე ვეპუები. ხმის ტემბრს ნამვდილად არ ვუჩივი! ასე რომ შემიძლია მინიმუმ 4 კაცის ხმა გადავფარო. არ გეგონოთ კივილ-წივილს ვიწყებდე. სულაც არა! უბრალოდ, ვცდილობ არც მე მოვუსმინო მათ და პარალელურ რეჟიმში გადმოვცე ჩემი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. 


მხოლოდ ერთხელ მქონდა შემთხვევა, როცა ჩემმა მეგობარმა (მამრობითი სქესის) თხოვა დანარჩენებს, ეგებ მოგესმინათ ამ გოგოსთვის რას ამბობს და მერე გაგეკეთებინათ კომენტარიო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ არავის უნდა ჩემი მოსმენა! არავის უნდა უკვე არსებული სტატუს კვოს დარღვევა.

 დიახ, ძნელია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და იმის აღიარება, რომ მამაკაცებმა გადაამლაშეთ. ფიზიკური სიძლიერით, (რომელიც ძალიან გადგებოდათ წინა საუკუნეებში, როცა მთებში, გამოქვაბულებში, ტყე-ღრეში ვცხოვრობდით), მოპოვებული უპირატესობა აღარაა კარგი არგუმენტი იმისთვის, რომ სახლი არ დაალაგო, ჭურჭელი არ დარეცხო, სარეცხი არ გაფინო, არ დააუთოვო, სადილი არ მოამზადო, შვილს საფენები არ გამოუცვალო, არ დაბანო, გაასეირნო, ღამეები გაუთენო, წიგნი წაუკითხო, საბავშვო ბაღი თუ სკოლა შეურჩიო, მშობელთა კრებებზე იარო, მეგობრების დაბადების დღის საჩუქრები აყიდინო და წვეულებაზეც მიიყვანო, მეუღლეს მოეალერსო, მძიმე დღეებში გვერდით დაუდგე, კარიერა გაიკეთო, გარშემომყოფებს მიხედო და ასე დაუსრულებლად....

ძალიან მწირი ჩამონათვალია იმ ტვირთისა, რომელიც ქალებს საუკუნეების წინ აგვკიდეთ ძვირფასო კაცებო და რეალურად კი, ეს ზუსტად იმავე დოზით არის თქვენი პასუხისმგებლობა, როგორიც ჩვენი, ქალებისა. თითქოს და "რკინის არგუმენტი", რომ ჩვენ ფიზიოლოგიურად განვსხვავდებით არის აბსოლუტური კრახი თქვენი მცდელობისა, თავი გაიმართლოთ ჩვენს ჩაგვრაში. ბევრმა ქალმა დაამტკიცა, რომ შეუძლია არაჩვეულებრივი მოკრივე, ფეხბურთელი და მკლავჭიდელი თუ მოჭადრაკე იყოს. გასაგებია, რომ ჩვენ დაორსულება შეგვიძლია, მაგრამ განა ეს გაძლევთ რაიმე საფუძველს თქვენზე დაბალ საფეხურზე ვიდგეთ? ბევრი ჩემი ახლობელი თითქოს და ინტრიგნულ შეკითხვას დამისვამს ხოლმე, დამისახელე ქალი, რომელმაც რაღაც ღირებული გამოიგონა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო. უამრავი ქალია ასეთი, თუნდაც პირადად მე, ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან ვიბრძვი, არ ვაღიარებ სტერეოტიპებს, არ ვემორჩილები არსებულ წესრიგს, ვშრომობ, ვსწავლობ და ჩემივე შრომით ვაღწევ წარმატებას. ვცდილობ ჩემი შვილი აღვზარდო თავისუფალ ინდივიდად, რომელიც მაქსიმალურად შეძლებს საკუთარი მეს გამოკვეთას და ბედნიერად ცხოვრებას. თუნდაც, იმიტომ ვარ ძლიერი, რომ არც ერთ შეხვედრაზე არ ვარ დადუმებული, თამამად შევდივარ დისკუსიებში და არ ვერიდები იარლიყების მიწებებას!

მაგრამ ერთი რამ რაც გვასუსტებს და უკან გვხევს ქალებს არის სოლიდარობის არ ქონა! იმაზე უარესი არაფერია, როცა შენი სქესის წარმომადგენელი, შენზე უფრო "ჩაგრული" და "დამორჩილებული" შენს წინააღმდეგ მიდის. იმის ნაცვლად, რომ მოგისმინოს, დაფიქრდეს, გააცნობიეროს, გეპაექრება, "მტრის" მხარეს გადადის და ჩასაფრებულია რამე შეგეშალოს, რომ უფრო მწარედ გიკბინოს, ვიდრე ეს მამაკაცებს ძალუძთ! მე გავუძლებ, მოვიგერიებ, მაგრამ საერთო ჯამში, დამერწმუნეთ გოგოებო, რომ ჩვენ ვაგებთ ომს. მამაკაცები კი გვიმყარებენ მოსაზრებას, რომ ქალი ქალის მტერია! ეს კი სულაც არაა ასე. ყველაფერი ფარდობითია, მათ შორის მტრობა და მეგობრობაც. 

ზემოთ, პასუხისმგებლობებზე რომ ვსაუბრობდი, ერთმა მეგობარმა მითხრა, განა ეს სადავო თემებია? ეს ხომ თანაცხოვრების ჩვეულებრივი კანონებიაო, მაგრამ ალბათ ყველა თუ არა 99% ქალებისა დამერწმუნებით, რომ თავისი ნებით ძალიან ცოტა მამაკაცი ინაწილებს თუნდაც ოჯახური თანაცხოვრების ტვირთს. თუ რამე გარიგება არ დადე, ძნელია დაარწმუნო ქართველი (ეროვნებას ხაზს ვუსვამ, რადგან გერმანელი, ფრანგი, ნორვეგიელი და რუსი კაცებიც კი დიდი ხანია ამ წესების დაცვით ცხოვრობენ) კაცი, რომ ნიჟარის, აბაზანის და სამზარულოს წმენდა მხოლოდ ქალის კი არა ყველა ადამიანის ვალდებულებაა, თუ რასაკვირველია ნაგავში არ გინდა იცხოვრო!!!
დღეს უფრო შორს აღარ წავალ და არაფერს ვიტყვი იმაზე, როგორ გვბლოკავენ კაცები წარმოდგენილი ვიყოთ მმართველ პოზიციებზე, მაღალ თანამდებობებზე, გადაწყვეტილების მიმღების როლში! ერთს კი დანამდვილებით ვიტყვი. მე ფემინისტი ვარ, ქალი, რომელიც ვაღიარებ ყველა ადამიანის თანაბარუფლებიანობას, რომელიც არასდროს დავჩაგრავ სხვას სქესის, რელიგიური შეხედულების, კანის ფერის თუ ორიენტაციის გამო. 

დიახ, ვარ ფემინისტი ქალი, რომელიც დავიცავ ჩემს და სხვა ადამიანების უფლებებს, მიუხედავად იმისა, ლახავს თუ არა ეს ბრძოლა ჩემს იმიჯს და სიამოვნებს თუ არა ჩემი "სითამამე" გარშემო მყოფ მამაკაცებს! დანარჩენ ქალებს კი მოგიწოდებთ გამოიჩინეთ მეტი სოლიდარობა ქალების მიმართ, ფემინისტი ქალების მიმართ, რომლებიც თქვენი უფლებების დასაცავად ვიბრძვით, ისე რომ ამას ვერც კი აცნობიერებთ!

არ გამომივიდა თანმიმდევრული პოსტი, მაგრამ იმედია სწორად მოვიტანე თქვენამდე სათქმელი. ასევე, დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ უფრო მეტ დროს დავუთმობთ ერთმანეთზე ზრუნვას. ის განვითარებული ქვეყნები, რომელთა რიგებშიც ყოფნას ვცდილობთ, სწორედ ამ ღირებულებებზე აღიზარდნენ და დღემდე უფრთხილდებიან. 

ვიყოთ თანაბარუფლებიანები, გავინაწილოთ პასუხისმგებლობა როგორც პირად, ისე საჯარო სივრცეებში და ვაღიაროთ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად იმსახურებს სიყვარულს და ბედნიერ ცხოვრებას.

მშვიდობიან ღამეს გისურვებთ მეგობრებო! 

Thursday, May 25, 2017

ტროტუარები თბილისურად

ბანალური თემის განხილვაზე გეპატიჟებით, მაგრამ მერწმუნეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთ საკითხებზე მსჯელობა, დისკუსია, დასკვნების გაკეთება, გამოსავლის ძიება და პოვნა! ყოველდღიურობა იმდენად შესისხლხორცებული გვაქვს, ისეთი დაპროგრამებულია ჩვენი ქმედებები, რომ ხშირად სერიოზული პრობლემები ყურადღების მიღმა გვრჩება.

რა არის ქალაქი? ვიკიპედია გვეუბნება: ქალაქი არის მსხვილი დასახლებული პუნქტი, რომელიც ასრულებს სამრეწველო, სატრანსპორტო,  სამეურნეო, კულტურული, პოლიტიკური, ადმინისტრაციული ორგანიზაციის ფუნქციებს.  ქალაქს ახასიათებს დასახლების დიდი სიმჭიდროვე და განაშენიანების კომპაქტურობა. ქალაქის იერის შექმნაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მის ადგილმდებარეობას, რელიეფს, პარკებს, სკვერებს, ბულვარებს, ეკლესიებს, კოშკებს, ანძებს და სხვა ობიექტებს.

სე იგი რაო, ქალაქი არის ადგილი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს და მის იერს განსაზღვრავს ინფრასტრუქტურაო! ინფრასტრუქტურის ნაწილია გზები, ტროტუარები, პარკები, სკვერები, ბულვარები.

თბილისში 2003 წლიდან ვცხოვრობ, ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში. მახსოვს, ძალიან მაწუხებდა დაბინძურებული ქუჩები, ურნების არ არსებობა, მეთექვსმეტე სართულიდან გადმოყრილი ნაგავი, პოლიეთილენის პარკებით შემოსილი ხეები, ჭუჭყიანი და შარდის სუნით აყროლებული ეზოები, სადარბაზოები და ლიფტები. კაცები,  რომლებიც იფურთხებიან და ცხვირს იხოცავენ ისე, რომ სირცხვილის ნაპერკწალიც კი არ გაიელვებს მათ გონებაში!

გამოხდა ხანი, გადავიტანეთ რევულუცია, დავიწყეთ რეფორმები, არ შემდგარი სახელმწიფოს სიიდან გადავინაცვლეთ განვითარებადი სახელმწიფოების სიაში, დავამარცხეთ ორგანიზებული დანაშაული და კორუფცია, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ ქალაქი მაინც ვერ დაემსგავსა ქალაქს! იგივე პრობლემები მაწუხებს რაც 14 წლის წინ, მიუხედავად იმისა, რომ ურნებიც გაჩნდა, დასუფთავების სამსახურიც ამოქმედდა და დასუფთავების ინსპექტორებიც კი გამოჩდნენ ქალაქში!

თამამად, მაგრამ ჩვენდა სამარცხვინოდ მინდა ვთქვა, რომ თბილისში არ არსებობს არც ერთი ქუჩა, რომელსაც აქვს სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილი გზა, ორმოების გარეშე, ზებრის ზოლი კარგად რომ იყოს გამოსახული, ავტობუსისთვის ცალკე სავალი ნაწილით და ტროტუარით, რომელზეც შეუფერხებლად გაივლის ქვეითი, ფეხით მოსიარულე, საბავშო ეტლით მოძრავი თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი! ზედმეტია საუბარი ქუჩისათვის აუცილებელ კომპონენტზე ხეებზე, განსაკუთრებით ისეთ ცხელ ქალაქში, როგორიც თბილისია ზაფხულში.

თბილისური ტროტუარების უმრავლესობა სავსეა მანქანებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, გარე მოვაჭრეებით, ჯიხურებით, სარეკლამო დაფებით, ელექტრო ბოძებით და არც ერთი მათგანი არაა ადამიანის კომფორტზე მორგებული. 

ზოგიერთ უბანში, თუ ქუჩაზე საერთოდ არ არსებობს ტროტუარი. ან არის მაგრამ რაღაც მონაკვეთში წყდება, მერე ისევ გრძელდება და უერთდება სამანქანო გზას. ძალიანაც რომ გინდოდეს ფეხით გავლა, ვერ გაივლი, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მცდელობა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ! 

ექსპერიმენტის ჩატარება თავადაც შეგიძლიათ, რომ ჩემი სიტყვების სისწორეში დარწმუნდეთ.  ერთ დღეს, როდესაც სახლიდან გახვალთ, აიღეთ თქვენი მობილური ტელეფონები და გადაიღეთ მონაკვეთი თქვენი ბინიდან მისასვლელ პუნქტამდე. 

ასე მოვიქეცი თავად რამდენიმე დღის წინ. ყაზბეგისა და პეკინის გამზირებს ჩამოვუყევი. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო გზა საკმაოდ ფართოა, მუდმივადაა საცობი, სავსეა ორმოებით, ზებრა ხაზები გადაშლილია და მძღოლმა გუმანით უნდა გამოიცნოს ტრასაზე დახატული საგზაო ნიშანი რაზე მიუთითებს. თუ გაგიმართლა და უვარგა მძღოლს გუმანი ხო გადარჩი, თუ არა და გიწევს გადარბენა ტრადიციული გინების თანხლებით, რომელიც არ დაგიმსახურებია!!! თუ ფეთქებადი ხასიათი გაქვთ და იწყებთ კონტრა გინებას, უფრო სკრუპულოზური ამბები ვითარდება, როგორიცაა: მძღოლი აჩერებს მანქანას, გადმოდის გაცეცხლებული და თქვენც არანაკლებ გაღიზიანებული მიემართებით მისკენ. დაწრმუნებული ვარ ასეთი ერთი დღე მაინც ჰქონია ყველა ჩვენგანს. რა სასიამოვნოა არა? იმის გამო, რომ ქალაქის მერია ვერაფრით ახერხებს ქუჩების მოწესრიგებას, მოქალაქეები, რომლებიც ამ ქალაქის ბიუჯეტს და ზოგადად სახელმწიფო ბიუჯეტს ვავსებთ, ვხოცავთ ერთმანეთს, ვიფუჭებთ განწყობას და ისედაც სტრესულ გარემოს კიდევ უფრო ვძაბავთ!

ცოტა დრო მქონდა და ვიფიქრე ფეხით გავივლი თქო. ნაწვიმარი იყო, თითქმის ყველგან გუბეები, ტროტუარზე მანქანები ისეთ პოზიციაში ჰყავდათ გაჩერებული, რომ ელასტიურობით თუ არ გამოირჩევით დიდი ალბათობით რომელიმე გუბეში ამოყოფთ თავს არა, მაგრამ ფეხს დანამდვილებით!

Add caption



 


Add caption


Add caption


Add caption


Add caption



Add caption

აი, ასე გამოიყურება დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები დღეს. თუ რომელიმე საკუთარ მანქანას ამოიცნობთ და თავს გაიმართლებთ იმით, რომ "აბა რა მექნა, სად დამეყენიბინა, პარკინგი არსადაა", გეტყვით, რომ ეს ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა. რა ქნათ და იფიქრეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, თქვენი შვილების, შვილიშვილების და ახლობლების მომავალზე. გადააგდეთ ეგ თქვენი 2000 თუ 5000 დოლარიანი ჯართი მანქანები და იარეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. 

გასაგებია, რომ მერია უნიათოა და ვერ ახერხებს ქალაქის ინფრასტრუქტურის დროულად მიხედვას, თქვენ რას აკეთებთ იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს სიტუაცია?

ესეც ვიდეო, რომელიც გადაღებულია პეკინის გამზირზე და რომელიც სიცოცხლისთვის ერთ-ერთი საშიში გადასასვლელია ამ ქალაქში, რადგან უტვინო ადამიანებმა შუქნიშანი ისე დაამონტაჟეს, რომ როდესაც ქვეითისთვის მწვანე ინთება, მარჯვენა ნაკადის სატრანსპორტო საშუალებისთვისაც მწვანდება და არავინ გაცდის გზის უსაფრთხოდ გადაკვეთას!!! 

ეს პატარა ნაწყვეტია იმ სახიფათო მომენტებისა, რომელსაც ყოველ დღე ვაწყდებით თბილისში მცხოვრები მოქალაქეები. წარმოგიდგენიათ რა ხდება გარეუბნებში, როცა ცენტრალური გამზირი ასეთ დღეშია? 

მაგრამ ამაში არ ვადანაშაულებ მხოლოდ მერიას ან მთავრობას, არამედ მოქალაქეებსაც, რომლებიც გამოირჩევით უკულტურობით, დიახ, გაკლიათ ქალაქში ცხოვრების კულტურა. მაპატიეთ ასეთი ტონი, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეთ. დიახ, შენ გეუბნები, რომელიც გადადიხარ იქ, სადაც არაა ზებრა ხაზი, არ სარგებლობ მიწისქვეშა გადასასვლელით, სამარშრუტო ტაქსს აჩერებ შუა ტრასაზე, ჩქაროსნულ ზოლში და ჩამოდიხარ ისე, რომ ვერც კი აცნობიერებ რა საფრთხეში აგდებ მძღოლსაც და საკუთარ სიცოცხლესაც. დიახ, შენ გეუბნები, რომელიც მანქანას აჩერებ ისე, რომ არ ფიქრობ ქვეითად მოსიარულეზე, შენ გეუბნები, ვინც იფურთხები ქუჩაში და ხმამაღლა იწმინდავ ცხვირს, ყრი ნაგავს, სიგარეტის ნამწვს ჩაუქრობლად აგდებ ურნაში, რომელიც მერე იწვის, ხრჩოლავს და გვწამლავს ყველას ერთად! შენც გეუბნები, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ უმსგავსობებს უყურებ მშვიდად და არაფერს აკეთებ მის შესაჩერებლად ან გამოსასწორებლად!

მეგობრებო, თანამოქალაქეებო, შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ ჩემს მოწოდებას. ნურც იმას იფიქრებთ, რომ მე იდეალურ ადამიანად წარმოვაჩენ თავს! თუმცა, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ზედმიწევნით ვიცავ ქალაქში ცხოვრების წესებს, შენიშვნებსაც ვაძლევ სხვებს და ბევრი უსიამო ისტორიაც დამიგროვდა ამის გამო. მაგრამ ვთვლი, რომ ეს ჩემი ვალია, შენი ვალია, ჩვენი ვალია! მოდი, ვისწავლოთ ქალაქელობა, გავხდეთ კულტურული მოქალაქეები, დავიცვათ ჩვენი და სხვისი უფლებები, პატივი ვცეთ პირად და საჯარო სივრცეებს და ნუ დაველოდებით როდის გააკეთებს ამას სხვა.

ქალაქის მერიას კი ვთხოვდი მეტი ურბანისტი ჩართოს დაგეგმარების პროცესში, მეტი პროფესიონალი დაასაქმოს გამწვანების, მშენებლობის თუ რეაბილიტაციის საქმეში. გრძელვადიან პერსპექტივაზე იფიქროს და არა მოკლე ვადიან და ადამიანებისთვის საშიში პროექტების დაფინანსებაზე, რომელიც დღეს მომგებიანია კომერციულად, მაგრამ საშვილთაშვილო ზიანს აყენებს ქალაქს!




Tuesday, May 16, 2017

ღვინის ფესტივალი


ხალხმრავალ ადგილებში სიარული ჯერ კიდევ ძალიან მიყვარს. ჯერ კიდევ იმიტომ, რომ საცაა 39 წლის გავხდები და სტერეოტიპული მიდგომით მშვიდი და ნაკლებად ხმაურიანი ღონისძიებები უნდა მხიბლავდეს. მაგრამ მე ხომ მთელი ცხოვრება ვებრძვი ჩარჩოებს, კლიშეებს, სტიგმებს. არაა იოლი საქმე მე და ჩემმა ღმერთმა 💪

13 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი მერვედ გაიმართა მთაწმინდის იგივე ბომბორას პარკში, თბილისში. განსაკუთრებით მოვემზადეთ ამ დღისთვის. ლუკინო ბებოს და ბაბუს დავუტოვეთ, ზურგჩანთა ავავსეთ პლედებით, მოსაცმელებით, წყლით და ბოლოს ყელზე ჩამოვიკიდე ამ დღისთვის განკუთვნილი ატრიბუტი - ფეხიანი ღვინის სასმისი (ე.წ. ბოკალი) რომელსაც ფესტივალის ლოგო ამშვენებს და წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვიყენებ.

ავტობუსით წავედით, მშვენიერი მზიანი ამინდი გამოვიდა. მალე მივუახლოვდით ბობმორას პარკს, სადაც ნიუ იორკს რომ შეშურდებოდა ისეთი საცობი დაგვხვდა. ბოლო გაჩერებამდე მისვლა შეუძლებელი იყო, ამიტომ ფეხით განვაგრძეთ გზა. მაგრამ სავალ ნაწილზე, რადგან ტროტუარი ოკუპირებული იყო ჩვენი თანამოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებით.

პარკში უამრავი ხალხი დაგვხვდა, მწვადის სუნიანმა ჰაერმა მომენტალურად გამომიკეთა გზაში კინაღამ წამხდარი განწყობა და მხიარული გამომეტყველებით შევერიეთ საკმაოდ ფერად მასას. თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ ტურისტები მომრავლებულიყვნენ, განსაკუთრებით კი მეზობელი ქვეყნებიდან.

სტენდები ორგანიზებულად იყო განლაგებული, როგორც მთავარ მოედანზე, ისე მის გარშემო. კონსულტანტები, თუ ის ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ კომპანიას წარმოადგენდნენ ძალიან კეთილგანწყობილი, თავაზიანები და ღიმილიანები იყვნენ. ზოგიერთი კარგი იუმორითაც კი გამოირჩეოდა. მოთმინებით პასუხობდნენ ცოტა თუ ზედმეტად შეზარხოშებული სტუმრების შეკითხვებს. გვიხსნიდნენ ყურძნის ჯიშსა და წარმომავლობას,  გვიყვებოდნენ ღვინის დავარგების ტექნოლოგიებზე, ახალ თუ დავიწყებულ მაგრამ აწ უკვე აღდგენილი ვაზის ჯიშებზე. წასახემსებელიც უხვად იყო წარმოდგენილი: შოთის თუ რუხი პურები, გუდის ყველი, შებოლილი სულგუნი, თხილი, ჩურჩხელები და ათასი ნუგბარი.

რა თქმა უნდა უამრავი გემრიელი ღვინო დავაგემოვნეთ. მეგობარ-ნაცნობებიც ვნახეთ და ხონის სასულე ორკესტრსაც მოვუსმინეთ. ხომ გახსოვთ პოპულარული ფრაზა "იმერულ ესკიზები"-დან "ჩვენი კანტორის ბიჭები მოდიან და კაი მუსიკა დოუკარით"-ო, სწორედ ის ორკესტრი მოიწვიეს ფესტივალის ორგანიზატორებმა. ცოტა სევდიანი იყო ეს სანახაობა, მოძველებული ინსტრუმენტები, დაბალშემოსავლიანი მუსიკოსების ცოტა დამორცხვებული სახეები და რეპეტიცია დაკლებული შესრულება ამდენი გალაღებული და ქალაქური ცხოვრების სტილით განებივრებული ადამიანის წინაშე-კუშტურიცას რომელიღაცა ფილმის ნაწყვეტს ჰგავდა.
 

ორკესტრს მალევე გავცდით და გავაგრძელეთ ღვინოების დეგუსტაცია. ამ წლის აღმოჩენა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იყო გურამიშვილის მარნის შავკაპიტო, ბუზა და დანახარულის  ბუკეტი, წითელი მშრალი ღვინო. არც ისე მსუბუქი ტონალობის, ლალისფერი, ჰარმონიული სასმელი გემრიელად ჩაედინებოდა სხეულში და გრძნობდი, როგორ ათბობდა და იქცეოდა შენი განწყობის ნაწილად. ასეთი ღვინო ნამდვილად იმსაუხურებს შექებას. როგორც აგვიხსნეს ქართლის უძველესი ჯიშები აღადგინეს და ასე მიიღეს ჯადოსნური არომატი.
ცოტა ხანში იმერულ ეზოსაც მივადექით. ციცქა-ცოლიკოურის გემო მშობლიური მხარის სურნელს ატარებდა და ერთიორად ამძაფრებდა დიონისეს ზეიმს. ხაჭაპურები, იმერული ყველი და უხვად შევსებული სასმისები ნამდვილად გამოარჩევდა ამ სტენდს ყველა დანარჩენისგან.  ბაიას ღვინოების დანახვამ ძალიან გამახარა.  მხოლოდ ინტერნეტიდან ვიცნობდი. მივესალმე, შევაქე, მივულოცე ფესტივალზე გამოსვლა და წარმატება ვუსურვე. ყურებამდე გაღიმებული მისმენდა და დაუნანებლად მისხამდა საკუთარი შრომით დამზადებულ ღვინოს.

ყველაზე დიდხანს რა თქმა უნდა იმერულ ეზოში შემოვრჩით. სალომეც აქ ვნახე, ჩემი წითელთმიანი ნათლული, რომელიც უკვე პატარა, მიამიტი ბავშვი კი არა, ზრდასრული გოგოა,  მკაფიო გეგმებით და იდენტობით: მე რობერტიას შვილი ვარ!

მგონი ყველა იცნობთ რობის, მაგრამ თუ არასდროს გაგიგიათ მის შესახებ, ა ბატონო! 

  

ამ პოსტში რამაზიზე რომ არ მოგიყვეთ არ გამოვა! რამაზი, იგივე ჩეკა, ჩემი საამაყო ყმაწვილქალობის ეპოქის დროინდელი მეგობარია. აქ დაგპირდით, რომ ბევრ ამბავს მოგიყვებოდით ნიღბების კლუბზე, იქ გაცნობილ ადამიანებზე და აჰა, ერთ-ერთი სწორედ რამაზია. რამდენიმე წელია რაც თავის მამულს დაუბრუნდა და ქვევრის ღვინოების წარმოებას მიჰყო ხელი. რამაზ ნიკოლაძის მარანი ღვინის მოყვარულებმა კარგად იციან. საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენებში ხშირად მონაწილეობს და  ცდილობს წარმოაჩინოს საქართველო მსოფლიოს მეღვინეობით სახელგანთქმული ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. ცოტა ვიჭუკჭუკეთ, ვიცინეთ, ფოტოები გადავიღეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. 



ქალაქში დასაბრუნებელი საბაგიროს რიგი მართალია გრძელი კი იყო, მაგრამ ისეთი მოწესრიგებული და ჩუმი, რომ წამით თბილისში კი არა მიუნჰენში მეგონა თავი. კიდევ კარგი, ღვინის მარაგი თან გვქონდა და მსუბუქად შეზარხოშებულები  მე და ზაზა შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით ერთმანეთს.  უცებ გამახსენდა, რომ საბაგიროს ბარათი სახლში დამრჩა. ჩვენს უკან რუსულად მოლაპარაკე წყვილი იდგა. ვთხოვე თანხას თქვენს ბარათზე ჩავრიცხავთ თქო და რა თქმა უნდა სიამოვნებით გამოგვიწოდეს საბაგიროს ბარათი. რიგი ნელა მიიწევდა წინ და რასაკვირველია გავაბით მუსაიფი.  სანკტ პეტერბურგელი წყვილი აღმოჩნდა, უკვე მერამდენჯერ სტუმრობდნენ საქართველოს, ხვალ ბორჯომში მიემგზავრებოდნენ, ღვინის მარაგიც მშვენივრად შეუვსიათ. 





მოგვიყვნენ რამდენად დადებითი რეკლამა უკეთდება საქართველოს თავიანთ ქვეყანაში, როგორ სურთ მათ გარშემომყოფებს აქ ჩამოსვლა და რომ თავად კიდევ არა ერთხელ ესტუმრებოდნენ ჩვენს სამშობლოს. ასევე, აღნიშნეს, რომ ბევრს მოგზაურობენ, მაგრამ ასეთი სტუმართმოყვარე ხალხი არსად უნახავთ. გვეამა ეს ამბავი, რა ჯობია კარგს რომ ისმენ შენიანებზე, თან როცა იცი, რომ ეს სიმართლეა. კი გამოვესარჩლე სხვა ხალხებს და ვთქვი, რომ შოტლანდიაში, გერმანიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში გამოუწვდიათ დახმარების ხელი, მაგრამ საბოლოოდ სანკტ პეტერბურგელი წყვილი და ჩვენც ერთხმად შევთანხმდით, რომ ამ მრხივ ქართველებს ვერავინ შეგვედრება. ამასობაში ქალაქშიც დავბრუნდით, ვახშამზე დავპატიჟეთ სტუმრები, თუმცა სხვა გეგმები ჰქონდათ და მხოლოდ ფეისბუქზე დამეგობრებით შემოვიფარგლეთ ამჯერად. 


ასე დასრულდა კიდევ ერთი შაბათი და ახალი ღვინის მერვე ფესტივალი.





Friday, May 5, 2017

ლუქს ტყუილი VS ლუქს ვერ მოტყუებული

იცით რაზე უნდა მოგიყვეთ? ვითომ ჯადოსნურ გარემოზე, თოჯინებად ქცეულ გოგოებზე, ზომბებად გადაქცეულ პროფესიონალებზე, რომლებიც ვინ იცის და ექიმობაზე, ესთეტიური მედიცინის მუშაკობაზე ან სულაც პლასტიკურ ქირურგობაზე ოცნებობდნენ...

აი, ხომ გქონიათ ის მომენტი, ტრანსპორტში რომ ზიხართ და სადაცაა თქვენს გაჩერებას მიუხლოვდება სამარშრუტო ტაქსი, ამიტომ იწყებთ მომზადებას: უნდა შეინახო მობილური, ამოიღო საფულე, ან იპოვო მეტრომანი, თანაც დაგეგმო სტრატეგიულად როგორ გადააბიჯო შენს გვერდით მჯდომს ისე, რომ არ გადაუარო ფეხზე ან სახეში არ მოარტყა ხელჩანთა და სწორედ ამ დროს ტელეფონზე გაისმის ზარი! სადღაც ჩაკვეხებულ ტელეფონს ძლივს პოულობთ და უცხო ნომერს დაუფიქრებლად პასუხობთ:
-ალო..
-ქალბატონო ლიზა, მოგესალმებით,სასიამოვნო საღამოს გისურვებთ,იმედია კარგად ბრძანდებით,თქვენ მოხვდით ჩვენს VIP აქციაში და ექსკლუზიურად გადმოგეცათ ჩვენი ლუქს ბრენდის 1 დღიანი მომსახურება,ჩაგიტარდებათ სახის ლიფტინგი, მსუბუქი პილინგი.............................................................................

5 წუთიან ტექსტს ისე ამბობს ეს გაწვრთნილი, დახვეწილი ხმა, რომ პაუზას არ აკეთებს. შესაბამისად, არ გეძლევა შესაძლებლობა, რომ შეეპასუხო.

გოგონებს გეცნოთ ალბათ, თბილისში ფესვებგადგმული, აწ უკვე გაფართოებული, კოსმეტიკური კომპანია, რომელიც მომხმარებელს ლუქს ბრენდის პროდუქციას და ექსკლუზიურ მომსახურებას სთავაზობს სულ რაღაც 1000000000000000000 ლარად.
ერთხელ ამ კომპანიაში 2015 წელს აღმოვჩნდი. თუმცა, ჩემი ‘დაბოლება’ ვერ მოახერხეს და ბუნებრივია, ცდილობენ ‘დანაკარგი’ ამოიღონ და ურჩი ‘მომხმარებელი’ მოათვინიერონ. იმდენად მიმზიდველი იყო ის მომსახურება, რასაც სასიამოვნო ხმა მთავაზობდა, რომ დავთანხმდი. თუმცა, აბსოლუტურად გაცნობიერებული მქონდა გამოწვევა, რის წინაშეც პროცედურის დამთავრების შემდეგ დავდგებოდი. შევედი გალაპლაპებულ, ბრჭყვიალა დარბაზში, მივაწოდე პირადობა და მოთმინებით დაველოდე ჩემს დროს.

„ჩილაუთ“ მუსიკა, მოიასამნისფრო ფერები, ვარდის სურნელი და გაღიმებული ადამიანები ირგვლივ, მართლა აძლევდა ჯადოსნურ ელფერს ამ გარემოს.
მალევე გამოჩნდა იმ ინტერიერივით გალაპლაპებული, თეთრ ხალათში გამოწყობილი და მსოფლიოში ყველაზე მაღალ ქუსლებზე ‘ამხედრებული“ კონსულტანტი. ხმამაღლა და გამოთქმით წარმოთქვა ჩემი სახელი და გვარი და ისე გამიღიმა, გეგონებოდათ მორიგ კლიენტს კი არა ოცნების მამაკაცს შეხვდაო.
მორჩილად გავყვევი და ჩავჯექი ფუმფულა სავარძელში, ჩემს პირისპირ მოკალათდა მოკაშკაშე გოგონა, თვალი თვალში გამიყარა და დაიწყო საუბარი ‘ჭეშმარიტ ღმერთზე“...
თვალს არ ვარიდებდი და ვცდილობდი არ გამცინებოდა. მინდოდა გამომეცნო რამდენი წლის იყო, რა უნდოდა გამხდარიყო, სჯეროდა თუ არა იმისი, რასაც ამბობდა და ყველაზე მეტად მინდოდა მეკითხა რამდენი ჰქონდა ხელფასი. თუმცა, რასაკვირველია არც ერთი შეკითხვა არ დამისვამს მისთვის.

კანის დიაგნოსტიკის შემდეგ, რომელიც კიდევ ერთი გალაპლაპებული ექსპერტის დასკვნით დრამატული იყო და კიდევ კარგი რომ მივედი მათთან, თორემ ნაოჭები და პიგმენტური ლაქები უდროოდ გადაუვლიდნენ ჩემს სახეს, გოგონამ ისევ თავის ოთახში დამაბრუნა. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მომათავსა და დაიწყო საკმაოდ სასიამოვნო და სურნელოვანი პროცედურები. მოვდუნდი და ვეცადე მაქსიმალური განტვირთვა მომეხდინა, მაგრამ ვინ დამაცადა!!
გოგონა დაზეპირებული ტექსტით ტვინს ბურღავს. მიხსნის, რამდენად აუცილებელია მოვუაროთ სახის კანს, თორემ მას შემდეგ რაც ჩვენ მიმზიდველები აღარ ვართ ჩვენი მეუღლეებისთვის, ისინი უმალვე სხვა ქალისკენ მიიწევენ რომელიც, უფრო მოვლილი და გალაპლაპებულია!

ოჰ, არა! როგორ ავუხსნა ამ გოგოს, რომ სასტიკად ცდება! როგორ დავაწვინო ჩემს ადგილას და წავუკითხო 'სახარება' თანასწორობის, გულწრფელობის, სიყვარულის, ლტოლვის, ვნების და ათასი რამის შესახებ, რაც არაფერ კავშირშია კანის სიგლუვესთან!
მოკლედ, ჩემი განტვირთვის მცდელობა კრახით დასრულდა და ისე დამაღონა ამ ლამაზი, ერთი შეხედვით გონიერი გოგონას მდგომარეობამ, რომ გადავწყვიტე, აღარასდროს მოვსულიყავი ამ ადგილას, მესამედ!

პროცედურა დასრულდა და დადგა ყველაზე გადამწყვეტი მომენტი! ისევ ერთმანეთის პირისპირ მოვთავსდით ფუმფულა სავარძლებზე და გოგონამ დაიწყო იმის გარკვევა, თუ რა თანხას გავიღებდი ყოველთვიურად საკუთარი კანის უკვდავსაყოფად! გარკვეული თანხა დავუსახელე, კმაყოფილმა გაიღიმა და მითხრა, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან მას ისე მოვეწონე, იმდენად პოზიტიური ქალბატონი ვბრძანდებოდი, რომ მენეჯერთან მიშუამდგომლებდა პროდუქტის უპროცენტო განვადებით შესაძენად!!! მთხოვა ოთახში დავრჩენილიყავი, თითონ კი იისფერ კარს მიღმა გაუჩინარდა.

კიდევ ერთი დაზომბირებული გოგოს ნახვა საბოლოოდ გამიფუჭებდა ხასიათს, ამიტომ გავითამაშე სცენა. ოთახში შემოსვლისთანავე დავაფიქსირე ჭერზე, კუთხეში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა. დემონსტრაციულად წამოვდექი. ჩანთიდან, მობილური ტელეფონი ამოვიღე და გავაბი საუბარი, მივიღე ოდნავ შეშფოთებული სახე, ჩანთა მხარზე ნერვიულად გადავიკიდე, გამოვარდი ოთახიდან, გავიარე ლილისფერი დერეფანი, მივუახლოვდი ადმინისტრატორს და ვუთხარი, რომ სასწრაფოდ უნდა გავქცეულიყავი, აუცილებელზე აუცილებელ საქმეზე და რომ ძალიან ვწუხდი ამის გამო....
გამოვედი თუ არა ამოვისუნთქე. მაგრამ კონსულტანტ გოგონაზეც ვფიქრობდი, იმედი მქონდა, რომ სცენა ოსტატურად გავითამაშე და მას არ 'დასჯიდნენ' იმისათვის, რომ კლიენტი ოთახიდან გაექცა....

თბილისის ტყვიით გაჯერებულმა ჰაერმა გონზე მაინც მომიყვანა და ნელი ნაბიჯით გავუყევი გზას, რომელიც ისეთივე დასახიჩრებული და ორმოებიანი იყო როგორც ლუქს ბრენდის თანამშრომლების ტვინები.....